x
image
ციცი
Mediator image
ხათუნა ხოფერიამ ალექსანდრე ჯეჯელავას ოცნება აუსრულა-"იმ დღის შემდეგ ლექტორს კომბლე შეარქვეს..."

image
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ქართული ზღაპრების და კერძოდ, ხალხური ზღაპრის პერსონაჟის კომბლესადმი გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ "კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" უამრავი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ კი მინისტრს ოცნება აუსრულა და კომბლეს ახალი ვერსია შესთავაზა:


"მე ვოცნებობ ახალ კომბლეზე, რომელსაც ზღაპრის დასაწყისში 200 ცხვარი ყავს.."-განაცხადა განათლების მინისტრმა. ჰო და.....
ახალი კომბლე
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც ორასი ცხვარი ჰყავდა. ერთხელ მგელმა და მელამ მისთვის ცხვრის მოპარვა და შეჭმა განიზრახეს. კაცმა დაიბარა ორივე და აუხსნა რომ სხვისი ქონების მითვისება ცუდი საქციელი იყო, წასვლისას კი ცხვარი დაუკლა სტუმრებს და გაუმასპინძლდა.
მეორე დღეს, მელამ და მგელმა თითო მეგობარი მოიყვანეს, ამათაც აინტერესებთ ლექციის მოსმენა სხვისი ქონების ხელყოფის დაუშვებლობის შესახებო.
კაცს გაუხარდა, რომ საღი აზრი იმარჯვებდა, გადადო ყველა საქმე და არ დაიზარა ლექციის წაკითხვა, რის შემდეგაც ორი ცხვარი დაუკლა სტუმრებს.
წასვლისას მგლებმა და მელიებმა უთხრეს, ჩვენ ხომ გაგვანათლე და მოგვაქციე სიკეთისკენ, მაგრამ კიდევ გვყავს მეგობრები და ნურც იმათ დაგვიტოვებ სიბნელეშიო.
რა გაეწყობაო, თქვა კაცმა, მეორე დღეს დიდი აუდიტორია მოამზადა და ორმოცი ცხვარი დაკლა. მოვიდნენ მგლები და მელიები, ათი დათვიც მოიყოლეს, აუდიტორიაში ტევა არ იყო. ბოლოს ჩვენს ლექტორს ტაში დაუკრეს და ერთხმად აღნიშნეს, კიდევ კარგი ასეთი ლექტორი მოგვევლინა და მისი ლექციების მოსმენა სავალდებულო უნდა იყოს ტყის ყველა ბინადარისთვისო. შემდეგ ისადილეს და დათქვეს, ხვალ გაცდენა არ გაბედოს არავინო.
გაუხარდა კაცს, ხედავდა რომ მისი კონცეფცია იმარჯვებდა და ტყეში ჰარმონია ისადგურებდა. შემდეგი დღისთვის კიდევ უფრო მაგრად მოემზადა, სათანადო ლიტერატურა დაკონსპექტა და დარჩენილი ცხვრებიც დაკლა, რომ სტუმრებს გამასპინძლდებოდა.
ისეთი ლექცია გამოუვიდა, უკეთესს თვით ფადიშაჰიც ვერ ინატრებდა. ლექციის შემდეგ, ბანკეტზე, თამადა დათვმა ეს ჩვენი კაცი გამოაცხადა ყველა დროის საუკეთესო ლექტორად, წლის მენეჯერად და ტყის მთავარ ჰუმანისტად. სუფრის ბოლოს კი პირადად აიღო ვალდებულება, რომ შემდეგ დღეს მეზობელი ტყის მტაცებლებსაც დაასწრებდა ლექციას.
დილით ჩვენმა ლექტორმა ისეთი მაგარი ლექცია მოამზადა, ისეთი მაგარი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა, მაგრამ გომურში რომ შეიხედა ელდა ეცა, იქ მხოლოდ სამი ცხვარიღა იყო დარჩენილი.
რა მეშველება, სტუმრებთან თავი მომეჭრებაო, ხმამაღლა დაიჩივლა კაცმა. ამ დროს ერთმა ბებერმა კოჭლმა ცხვარმა ადამიანის ენით დაილაპარაკა და უთხრა, ძმაკაც, აბა ერთი აქეთ მოიწიო! კარგი, ვთქვათ, ჩვენ არ გენაღვლებით, არ გენაღვლებით, მაგრამ თავს რაღად იმასხარავებ ეს ჯეელი კაცი, ვერ ხედავ, ყველა შენ დაგცინისო?! რომელი დუროვი შენა ხარ, რა მგლებისთვის ლექციების კითხვა აიტეხე, ერთი მაგათი დედებიც და მელიების და დათვებისაც ზედ მიყოლებულიო! აგერ ჩვენ მოგვხედე, ბიძიკო, და შენც გეშველება და ჩვენცო. მოწი ყური, ჯადოსნური სიტყვები უნდა გასწავლოო. კაცს ისე გაუკვირდა მოლაპარაკე ცხვარი, რომ დაუჯერა და მიუწია ყური ცხვარს და იმანაც ჯადოსნური სიტყვები ჩასჩურჩულა.
დილით ლექტორის სახლთან ლექციის მოსასმენად ორი ტყის მტაცებლები მოგროვდნენ, თათებში ყველას ორმოცდარვაფურცლიანი რვეული ეკავა, აქოდა, ლექცია უნდა ჩავიწეროთო. ამ დროს გაიღო კარი და გამოვიდა ლექტორი დიდი კომბლით და მტაცებლებს დაერია, სდრუზა და სდრუზა ვისაც მისწვდა და თანაც მტაცებლურ-ფობიური ლექსიკით გაჯერებული სიძულვილის ენით ამკობდა ტყის ბინადართ. ცოდნას მოწყურებული მგლები და მელიები ისე გარბოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ.
იმ დღის შემდეგ ლექტორს კომბლე შეარქვეს, მაგრამ ვინაიდან წარსულის შეხსენება ძალიან არ სიამოვნებდა, ამიტომ მის ზღაპარს პირდაპირ შუიდან იწყებენ ხოლმე - იყო ერთი კაცი, რომელსაც სამი ცხვარი ჰყავდა და კომბლე ერქვაო... და რომელსაც მუდამ ახსოვდა ის, რაც ბებერმა კოჭლმა ცხვარმა უჩურჩულა.
ჭირი იქა, ლხინი აქა!"



"გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად..."-" ბავშვებს მსგავს პირუტყვობას ასწავლიან... არაფერში მჭირდება შვილები, რომლებიც მსგავს განათლებას მიიღებენ..."


"კომბლეების თლას და ჭერში წყობას, მიეხედა თავისი ცხვრებისთვის, რომ თავში აღარ ჩაეცხო..."



image

0
283
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0