"წამომცდა. ბოდიშს ვიხდი!" - კახა კალაძე ბოდიშს იხდის და განმარტებას აკეთებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და ბოდიშს იხდის:
"ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.
გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!!
ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!" - წერს კახი კალაძე.
შეგახსენებთ, რომ კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებები, ზეწოლასთან დაკავშირებით, "ქალების ჭორაობას" შეადარა.