სიტუაცია რომელსაც სამეგრელოს ერთერთი ქალაქის ერთერთ კლინიკაში შევესწარი ვფიქრობ სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც.
მეუღლესთან ერთად შვილი მივიყვანე კონსულტაციაზე და შევესწარი საოცარ სიტუაციას–ახალგაზრდა გოგონა რომელსაც რამდენიმე თანმხლები პირი ახლდა გაიძახოდა: სავარაუდოდ ძილის დროს კალია შემიფრინდა ცხვირში და ახლა თავში დაფრინავსო.
ბუნებრივია ბევრმა და მათ შორის მეც სიცილი დავიწყეთ, რა მხიარული გოგონაა რა კარგ განწყობაზე აყენებს სამედიცინო პერსონალსაც და პაციენტებსაც–ო.
თურმე სადა ვარ! გოგონა სრული სერიოზულობით ამტკიცებდა–კალია დაფრინავს თავშიო. იქვე მყოფ ახლობელ ექიმს ვკითხე ეს გოგონა ხუმრობს თუ მართლა ასე "უქრის" თავში მეთქი, ექიმმაც მეორე დღეა ეს გოგონა ასე მოდის და ასეთ უაზრობას გაიძახის, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაუტარდა და ნევროპათოლოგთან მისვლა ვურჩიეთ მის ახლობლებს, მაგრამ ნევროპათოლოგის ხსენებაც არ უნდათ და არის ასეო.
მეუღლე თავადაც ექიმია და გოგონას ჰკითხა: რატომ ფიქრობ, რომ მაინცდამაინც თავში "დაფრინავს" კალია, იქნებ სხვაგან "მოიკალათა" და უბრალოდ ასე გეჩვენებაო?!
იქ დამსწრეების არ ვიცი და მე კი ჩემი დამემართა მეუღლის კითხვებზე, ამას მაინც რა ეტაკა ეს სახუმარო ნაღდად არაა და რა ეხუმრება მეთქი!
მეუღლე კი სრული სერიოზულობით უხსნის ამ გოგონას მისი ნათქვამის აბსურდულობას, თუმცა არც გოგონა უთმობს და საკუთარ ვერსიას "აწვება".
როგორც ყოველთვის ხდება ირგვლივ ცნობისმოყვარეები დგანან და ზოგი იცინის, ზოგიც სრული სერიოზულობით უსმენს ჩემი მეუღლისა და უცნობი გოგონას დიალოგს.
გულში ისე გავბრაზდი მეუღლეზე გამოთქმაც კი მიჭირს, მაგრამ სახალხოდ ამას ვერ გამოვხატავდი, მხოლოდ თვალით ვანიშნე–მორჩი ამ "კლოუნადას" მეთქი.
მეუღლემ კი ნაცნობ ექიმს სთხოვა ეს გოგონა საკუთარ კაბინეტში შეეყვანა და თავადაც შეჰყვა, არც მე გავჩერდი დერეფანში და გამოცდილი კონსულტანტივით მეც შევყევი ოთახში.
გოგონას სკამზე დაჯდომა შესთავაზა, ხოლო ახლობელ ექიმს რაღაც ჩაუჩურჩულა. ექიმმაც რამდენიმე აბი გამოიტანა წამლების კარადიდან და გოგონას პოლიეთილენის პატარა პარკში ჩაუდო დანიშნულებასთან ერთად.
ურჩია მიეღო დილით და საღამოს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად და დასძინა: ამ პრეპარატების მიღების მერე დამირეკე აუცილებლად ამ ნომერზეო და სავიზიტო ბარათიც გადასცა.
გოგონამ პაკეტი აიღო, სავიზიტო ბარათიც და გასვლის წინ ექიმს დაუბარა: თუ ამ წამლებმა მარგო აუცილებლად მოსაკითხით დავბრუნდებიო.
წავიდა გოგონა და მეუღლეს "დავეტაკე", რას აკეთებთ ვერ ხედავთ გოგო "ვერაა თავის ძრავზე" და უეჭველი ნევროპათოლოგი სჭირდება და არა თქვენი "მაიმუნობა" მეთქი.
მეუღლემ კი საპასუხოდ გაიცინა და მიპასუხა: ელგუჯა "პლაცებოს ეფექტზე" თუ გსმენია რამეო?! კი მსმენია მეთქი, სწორედ ეს სჭირდება ახლა ამ გოგონას და არა ქიმიური პრეპარატები მდგომარეობიდან გამოსასვლელადო.
ახლობელმა ექიმმა კი მითხრა: გოგონას წებო აქვს შესუნთქული ნათესავ ბიჭებთან ერთად და ეს ვიტამინების ნაკრები და დასამშვიდებელი აბებიც საკმარისია ჩვეულ მდგომარეობას რომ დაუბრუნდესო.
დღეს დილით კი დაურეკა მეუღლეს და სიცილით უთხრა: ნინია, მე და შენ რომ "ვუმკურნალეთ" ის გოგო "მორჩენილა" და მოსაკითხი მოიტანა და დამეწვიე მეუღლესთან ერთადო.
მეუღლემ ასევე სიცილით უპასუხა: მადლობა, მაგრამ ელგუჯა სამსახურში მიდის მე კი ბავშვებს უნდა მივხედო და სჯობია თავადვე მიირთვა მოტანილი ძღვენიო.
პ.ს
თითოეულ მოზარდს თუ მოზრდილს ვურჩევ, არ გაეკაროს ტოქსიკურ ნივთიერებებს რაღაც განსხვავებული შეგრძნების მიღების მიზნით, რადგან "ტოქსიკომანი" მალევე აღმოჩნდება ფსიქიკის და მთლიანად ჯანმრთელობის პრობლემების წინ.
სამწუხაროდ ნარკომანებს ტოქსიკომანებიც დაემატა...