x
image
natia.a
რატომ ხდება სააღდგომოდ თბილისი "ჩახოხბილი" - თემა, რომელიც უკვე ტრადიციულად იქცა
image
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ტრადიციულად, აქტუალური ხდება თბილისში "ჩამოთრეულების" თემა. როგორც წესი, დღესასწაულთან დაკავშირებით "სოფლელები" სოფლებში მიემგზავრებიან და ქალაქში მეტი თავისუფლებაა. ეს კი "ძირძველ" თბილისლებს (ხოხბებსაც და ადამიანებსაც), ძალიან ახარებთ, უფრო მეტიც, ნატრობენ (ალბათ ადამიანები, იმიტომ, რომ ხოხბებს ნატვრა არ შეუძლიათ), რომ დედაქალაქი სულ ასეთი იყოს. გასულ წლებში ამგვარი "ნატვრებით" აღსავსე სტატუსები სოციალურ ქსელშიც ხშირი იყო. სწორედ ამგვარ მოსალოდნელ სტატუსებს ეხმაურება ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ენაკვიმატობით გამორჩეული ირაკლი გაფრინდაშვილი:


image
„წათრევა - ჩამოთრევაზე დიდი ხუთშაბათიდან ვპოსტავთ თუ წითელი პარასკევიდან?!“
- წერს გაფრინდაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


და კომენტარებიც არ აყოვნებს:


„წათრევის მადლი შეგვეწიოს“


„დიდი წათრევა“


„დღეიდან, დავრჩით მარტო ლტოლვილები და დევნილები.“



"ნაღდი ხოხბები დარჩებიან რაღა უჭირთ"


"ჩახოხბილი თბილისი"


სააღდგომოდ გააქტიურებულ თემას ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეც:


image
"კიდევ ერთხელ გააქტიურდა სააღდგომოდ ქალაქის ამოსუნთქვით მოხარულთა და ამ მოხარულების მლანძღველთა ეროვნული საკითხი, მაგრამ მე ვერცერთ მხარეს ვერ დაგამშვიდებთ. “ჩამოთრეულები წაეთრიონ'' და პასუხად: “თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო'' (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან - “დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ'') - ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია “ჩამოსულების'' ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების “ჩამოსულობის'' მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები"-
წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის გვერდზე.


თბილისში პროვინციალიზმის თემის შესაჯამებლად განსაკუთრებით საინტერესოა მწერალ რეზო თაბუკაშვილის აზრი, რომელიც მან გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლექციაზე გააჟღერა და რომლითაც, ვფიქრობ, უპრიანი იქნება სტატიის დასრულებაც:


"მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა. პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.


ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა. სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი – ქალაქში, დაბაში და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –“აგრესიული პროვინციალი”. ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…) ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი. დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ."



imageimageimage



0
647
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0