რას წერს მარგო ლუჩკო შალვა რამიშვილთან დაკავშირებით-"შოუდან ჩემი წასვლის მიზეზი შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება იყო."
ტელეწამყვანი მარგო ლუჩკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მასმედიას მიმართავს თხოვნით, რომ შალვა რამიშვილის ირგვლივ მომხდარ ამბებთან დაკავშირებით ნუღარ შეაწუხებენ და საუბრობს იმ მიზეზებზე, რომლის გამოც მან "შალვა რამიშვილის შოუ" დატოვა. როგორც მარგომ აღნიშნა, იგი შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენების გამო იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა გადაცემა, ვინაიდან მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა ეს ყოველივე.
"მასმედიის საყურადღებოდ, რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ!!!
ძალიან გთხოვთ ნუ შემაწუხებთ შალვა რამიშვილის ირგვლივ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური არაა. ჩემს ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბები ხდება, ვიდრე ვიღაცის ან ვიღაცეების პირადი ცხოვრების გარჩევა. გადაცემიდან "შალვა რამიშვილის შოუ", ჩემი წასვლის მიზეზი ჩემს მორალურ პრინციპებთან შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება იყო. ამ საკითხს აღარ მინდა დავუბრუნდე.
შეკითხვას რომელიც ჟურნალისტებს შეიძლება გაუჩნდეთ-რატომ არ განვაცხადე მე თავის დროზე ამის შესახებ, ვპასუხობ: მე არ განვეკუთვნები ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სააშკარაოზე გამოაქვთ შიდა სამზარეულო, მითუმეტეს თუ პროფესიული თანამშრომლობა, ხელმძღვანელის მხრიდან სხვა სახის, ჩემთვის სრულიად მიუღებელ ურთიერთობებს გულისხმობს.
ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ შემაწუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით."