"ხათაბალას შურისძიება" მებუხრეს საქციელის გამო. სახალისო რეალური ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მიყვარს სოფელი. რაც თავი მახსოვს ზაფხულობით
მუდამ სოფელში ვატარებდი დროს ტოლ–მეგობრებთან ერთად, ხან ბაბუასთან და ხანაც ჩვენს სახლში.
მართალია სოფელს ნატურალური სახე დაუკარგა თანამედროვეობამ, მაგრამ ის მაინც განსხვავებულია ქალაქური ცხოვრებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ბუხარი და ღუმელი დიდი ხანია რაც აირის გამათბობელმა ჩაანაცვლა, მაგრამ მე დღესაც წვიმიან ამინდში "გაღუღუნებულ" ბუხართან ჯდომას ვარჩევ.
ასეთ ამინდში ფიქრები მეძალება ხოლმე და წარსულიდან ბევრ რამეს ვიხსენებ, მიყვარს განმარტოება და ასეთი განმარტოების დროს გამახსენდა ერთი ისტორია, რომელიც ბავშვობაში გადამხდა თავს და მინდა თქვენც მოგითხროთ.
მეზობელმა მამას სთხოვა ორსართულიან სახლში ბუხრის აშენება მინდა, მის აშენებას ყველას ვერ ვანდობ და მეზობელი სოფლიდან ხელოსანი მომაყვანინეო.
მამაც გაჰყვა და 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოიყვანეს, ბატონმა გრიშამ დიდხანს ათვალიერა სახლი და საბოლოოდ ოჯახის უფროსთან ერთად შეჯერდნენ იმ ადგილზე, სადაც უნდა აეშენებინათ ბუხარი.
ბუხრის აშენება არაა მარტივი საქმე ვისაც უნახავს მისი აშენების პროცესი, ცალკე სახლის კონსტრუქცია, ცალკე სახურავზე მისი ამოყვანა დიდ სიზუსტეს მოითხოვს.
დაიწყო ბატონმა გრიშამ ბუხრის აშენება და მე დილიდან ლამის საღამომდე მის გვერდით ვტრიალებდი და მის მუშაობას ვაკვირდებოდი, ბატონი გრიშა ხუმრობდა მალე გაიზრდება და სამუშაოს წამართმევს ისე უყურებს ჩემს მუშაობას, მგონი უკვე მარტო ააშენებს ბუხარსო.
მე დიდად არ მანაღვლებდა ეს ხუმრობები მანამ, სანამ ბატონმა გრიშამ არ "გამიჩალიჩა", ერთხელ მთხოვა ცივი წყალი მიმეტანა, მეც ჭიდან წყლის მოტანას მაცივრიდან გამოტანა ვამჯობინე და აქ დაიწყო "უბედურებაც"–პირველი ჭიქა კი დალია ბატონმა გრიშამ, მაგრამ მეორე ჭიქა ყინულივით ცივი წყალი თავზე გადამასხა.
ცოდვა გამხელილი სჯობიაო ნათქვამია, კი მეწყინა, მაგრამ ბაბუას ტოლა კაცს არაფერი არ ვაკადრე, თუმცა გულში და გონებაში კი შევინახე.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა, თუმცა ამჟამად წყალი ჭიდან მოვარბენინე.
არც ახლა გამიცია ხმა, მესამე დღეს კი როცა წყალი მივუტანე ჭიქა და გრაფინი ისე დავუდე თავად აეღო და წყლის გადასხმაც ავიცილე, ამან ბატონი გრიშას და მისი დამხმარეების "ხორხოცი" გამოიწვია.
იმავე დღეს სადილობის მერე ისევ დავბრუნდი მეზობლის სახლში და ბატონმა გრიშამ დამიძახა: ელგუჯა, მოდი აქ რაღაც მაქვს შენთვის უნდა მოგცეო.
რაა მეთქი, ამოდი ხარაჩოზე და მოგცემო, ავძვერი როგორც იქნა ხარაჩოზე, ბატონმა გრიშამ ხელები წინსაფარზე შეიწმინდა ხელი ჯიბეში ჩაიყო და მითხრა: დახუჭე თვალები, გააღე პირი და პირი შოკოლადით ჩაიტკბარუნეო.
კი ვიფიქრე ეს თვალების დახუჭვა რა საჭიროა მეთქი, მაგრამ დავაღე მე სულელმა პირი შოშიას ბარტყივით და იმ "ღვთისპირიდან გადავარდნილმა" ბატონმა გრიშამაც არ დააყოვნა–პირი ბუხრის ასაშენებლად განკუთვნილი კირში აზელილი მიწით ამივსო.
ისე გავმწარდი მეტი რომ არ შეიძლებოდა, გავიქეცი სახლში უკან კი ბატონი გრიშას და მისი დამხმარეების "ხორხოცი" მომყვებოდა.
არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეს მეზობლის სახლში არ გადავსულვარ, სანამ მესამე დღეს თავად ბატონი გრიშა არ გადმოვიდა ჩვენთან და შოკოლადის ფილა არ გადმომცა და არ მომიბოდიშა, არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა ბაბუ, თორემ ასე არ გაგეხუმრებოდითო.
მეც ვითომ დავივიწყე და ისევ დავიწყე მეზობელთან სიარული, თუმცა ამ დროს ჩემი გონება გამალებით მუშაობდა "შურისძიების" გეგმაზე და ერთ დღესაც მივაგენი მარტივ, მაგრამ ეფექტურ გამოსავალს.
მივაგენი და დავიწყე მოქმედება, მოქმედება რა, სახლში მოვიძიე ისეთი ზომის მინა რომელიც დაფარავდა აშენებული ბუხრის კვამლსადინარს როცა დავახურავდი.
გეგმა მარტივი იყო როგორც მოგახსენეთ, აშენებული ბუხრისათვის ისე უნდა ამეტანა და დამეფარებინა მინა არავის არ შეემჩნია. როცა ბუხრის გამოსაცდელად ბუხარში ცეცხლს დაანთებდნენ, კვამლსადინარი მინის გამო ბუნებრივია კვამლს არ გაიწოვდა და ბატონი გრიშას მთელი მუშაობა "წყალს გაჰყვებოდა", რასაც ბატონი გრიშას "ფორიაქი" მოჰყვებოდა, მე კი მისი გაკვირვებული და შეცბუნებული სახის დანახვა დიდ სიამოვნებას მომგვრიდა, შესაბამისად "ხათაბალას შურისძიებაც" აღსრულებული იქნებოდა.
ბუხრის აშენების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე მეზობლის ბიჭს რომელიც თითქმის ჩემი ასაკის იყო გავანდე ჩემი გეგმა, არც ის იყო ჩემზე ნაკლებად ოინბაზი და დამპირდა როგორც კი წავლენ საღამოს ხელოსანი და მისი დამხმარეები, მინას სახლის სხვენზე ავიტან და იქ დავმალავო.
დამპირდა და გააკეთა კიდეც. მეორე დღეს შუადღისას ბუხრის მშენებლობა ბოლომდე დასრულდა, ხელოსანმა სახურავზე ასულ კვამლსადინარს გარს ალუმინის ნაჭერი ლამაზად შემოაკრა, ქვედა ბოლოები ისე ჩაკეცა სახლში წვიმის წყალი ან დამდნარი თოვლის წყალი არ ჩასულიყო და სახურავიდან ჩავიდა.
სანამ სუფრას გაშლიდნენ, ხელოსანმა თავისი ხელსაწყოები გარეცხა, თავადაც დაიბანა და დამხმარეებთან ერთად სუფრას მიუჯდა.
შუა სადილობისას ბატონმა გრიშამ დაიძახა: აბა დროზე მოიტანეთ შეშა, ცეცხლი უნდა "ავაგიზგიზო" ბუხარში, ისე გემო არა მაქვს ჭამის დროსო.
მოვარბენინეთ გამხმარი ფიჩხი საჩეხიდან და ფუხარში შევყარეთ, დიასახლისმა ნავთი მოიტანა და როგორც კი დაალაგა ფიჩხი ნავთი გადაასხა და ანთებული ასანთი შეაგდო ბუხარში.
მალევე "აგიზგიზდა" ბუხარში ცეცხლი, მაგრამ აქ დაიწყო რაც დაიწყო, კვამლსადინარმა არ გაიწოვა კვამლი, რადგან ზედ მინა ეფარა და მთელი კვამლი ოთახში გადმოვიდა.
იმდენი კვამლი მოგროვდა მალევე იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა და დიდი თუ პატარა ოთახიდან ეზოში გავედით, დიასახლისმა კი ყველა ფანჯარა ღია დატოვა და ბუხარში წყალი შეასხა ცეცხლის ჩასაქრობად.
ნეტა გენახათ რა სახე ჰქონდა ბატონ გრიშას, მისი მუდამ მხიარული სახე განცვიფრებას და იმედგაცრუებას გამოხატავდა.
როგორც კი მინელდა ოთახში კვამლი, ოთახში შევარდა იქნებ ღუმელის მილისათვის განკუთვნილი რომელიმე ღიობი იყოს ღიაო, მაგრამ როცა დარწმუნდა ყველა დახურული რომ იყო ბუხარში "დურთა" თავი, მაგრამ ცა რომ დაინახა (დაინახაავდა აბა რა მინა ეფარა ფანერი ხომ არა) კიდევ უფრო განცვიფრებული სახით გამოვიდა ეზოში და მეზობელს უთხრა: მსგავსი რამ ჩემი 30 წლიანი მებუხრეობის მანძილზე მე არ შემხვედრია და ყველაზე ცუდი ისაა გამოსავალსაც ვერ ვპოულობო, აქ კი მე და მეზობლის ბიჭი უკვე "დასაბმელი" გავხდით ისე ავხარხარდით, ყველა ჩვენსკენ მოტრიალდა ამ ბავშვებს რაღა "ეტაკა" ასე რა უხარიათო?!
მეზობლის ბიჭმაც უთხრა: ბუხრის კვამლსადინარს მინა აქვს დაფარებული, "ხათაბალამ გაუჩალიჩა" გრიშა ბაბუასო.
რაო მინაო? ისე იყვირა ბატონმა გრიშამ, მივხვდი ისე სწრაფად უნდა გავქცეულიყავი ვერავინ დამწეოდა, თორემ ყურების "ახევას", რომ არ დამაჯერებდნენ ამაში დარწმუნებული ვიყავი.
სახლშიც კი არ მივსულვარ, მამაჩემის ბიძაშვილის ეზოში შევვარდი და დაფნარში დავიმალე.
ცოტა ხანში მეზობლის სახლისკენ რომ გავიხედე ვნახე გრიშა ბაბუა ამძვრალიყო სახურავზე და ხელში მინა ეჭირა, თან ისე ხმამაღლა იცინოდა მეც გარკვევით მესმოდა.
როგორც ჩანს ხელმეორედ დაანთეს ცეცხლი, რადგან მალე ბუხრის კვამლსადინარიდან კვამლმა დაიწყო ამოსვლა.
მალევე მომაგნო მეზობლის ბიჭმა გრიშა ბაბუას უნდა შენი ნახვაო, აბა ბიჭო ჩემი ფეხით ვეახლები გასალახად მეთქი.
არაო, დედას გეფიცები შვილიშვილები დაიფიცა ხმამაღალ სიტყვასაც არ ვეტყვი ოღონდ მოვიდესო.
მეც "ზლაზვნით" მივყევი უკან მეზობლის ბიჭს და ასევე შევედი ოთახშიც.
ჩემს დანახვაზე მეზობელმა უთხრა გრიშა ბაბუას: ამას რომ უყურებ, მეტსახელად "ხათაბალას" ეძახიან და ამის გადაკიდებას ქვა ზიდო აღმართში ის სჯობიაო.
გრიშა ბაბუამ გვერდით მომისვა და მკითხა: დედას გაფიცებ ეს ოინი ვინ ჩაგაგონა, ვერ დავიჯერებ თავად რომ მოიფიქრებდიო.
მეორე მეზობელმა კი ეს რას არ მოიფიქრებს, ერთხელ სათევზაოდ წაყვანას დავპირდი და რომ ვერ წავიყვანე მე უარესი გამიკეთაო. რა გააკეთა ასეთიო ერთხმად ჰკითხეს, რა და მანქანის მაყუჩზე უზარმაზარი კარტოფილი წამოაცვა და მანქანა ვერ დავქოქე მანამ სანამ ჰაერის წნევამ კარტოფილი არ გადმოაგდო მაყუჩიდანო.
ატყდა სიცილ–ხარხარი, ეს ვინ ყოფილაო. გრიშა ბაბუამ კი შევრიგდეთ მე და შენო და მთლიანი ჩურჩხელა მომაწოდა, აბა ჩურჩხელაზე უარს როგორ ვეტყოდი და გამოვართვი, მადლობის თქმაც არ დამვიწყებია.
როცა გრიშა ბაბუას ბუხრის აშენებისათვის ფული გადასცეს იქიდან 20 ლარიანი ამოიღო და ძალით "ჩამიკუჭა" შარვლის ჯიბეში, ღირდა შენი ოინი ამადო.
დღესაც როცა ვხვდები70 წელს გადაცილებულ გრიშა ბაბუას, გამარჯობის მერე ეგრევე მეკიხება: "ხათაბალა", რაიმე ახალი ოინბაზობა ხომ არ "გაგიშვია საქმეზეო"?!
მოკლედ ასე იყო ეს ისტორია და თუ ოდნავ მაინც გამოგიკეთათ განწყობა, ჩემს "მისიას" შესრულებულად ჩავთვლი.