კინო ანჟელიკას წყევლა: რა ბედი ეწია ლეგენდარული როლის უმშვენიერეს შემსრულებელს 2016, 18 მარტი, 11:41 მისი ამაყი გმირის თავბრუდამხვევი სილამაზე თავგზას ურევდა მამაკაცებს და აღფრთოვანებას იწვევდა ქალებში. შეძლო თუ არა მიშელ მერსიემ უმშვენიერესი ანჟელიკას არაჩვეულებრივი თავგადასავლები თავის რეალურ ცხოვრებაშიც განეხორციელებინა? ანჟელიკაზე გადაღებული ფილმები, ულამაზესი მსახიობით მთავარ როლში, საკმაოდ დიდხანს რჩებოდა დიდების საეკრანო ზღაპრის და კოსტუმირებული კინოსურათების ეტალონად, ხოლო მსახიობის სახელი-მიშელ მერსიე მაყურებლის წარმოსახვას ათასგვარ ფანტაზიას უღვიძებდა. მაინც როგორ წარიმართა საბედისწერო ანგელოზების მარკიზას მთავარი როლის შემსრულებლის ბედი? ჟოსლინ ივონ რენე მერსიე (მიშელ მერსიეს სრული სახელი და გვარი) დაიბადა 1939 წლის 1 იანვარს ნიცაში, სამხრეთ საფრანგეთში, ფარმაცევტების ოჯახში. გოგონა ბავშვობის ადრეული წლებიდანვე გულდაგულ ვარჯიშობდა ბალეტში, უარი თქვა რა საოჯახო ბიზნესზე და შემოქმედებითი გზა აირჩია. პროდიუსერებთან და რეჟისორთან მოულოდნელმა შეხვედრამ, რომლებიც ახალგაზრდა ჟოსლინის სილამაზემ და გრაციოზულობამ მოხიბლა, გოგონა გადასაღებ მოედანზე მიიყვანა, მანამდე ის ამაოდ ცდილობდა კინოს სამყაროში ფეხის შედგმას. ჟოსლინმა სამსახიობო სახელად მიშელ მერსიე აირჩია მის უმცროსი დის პატივსაცემად, რომელიც მას ძალიან უყვარდა. გოგონა სულ პატარა წავიდა ამ ქვეყნიდან. მიშელი შესანიშნავად საუბრობდა ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, რამაც მას საშუალება მისცა უამრავ უცხოურ ფილმში გადაეღოთ. მან 50-ზე მეტი როლი ითამაშა, მაგრამ ყველა მათგანი დაჩრდილა ეკრანზე გაცოცხლებულმა ანჟელიკამ. ამაყი ლამაზმანის თავგავდასავლების საგას მერსიეს მიერ შესრულებული ვერცერთი სხვა როლი ვერ შეედრება. უმშვენიერესი ქალბატონი ცხოვრებაშიც უამრავ მამაკაცს იზიდავდა, მაგრამ ის აღიარებდა, რომ ერთადერთი მამაკაცი ამქვეყნად, რომელსაც მისი ყველაზე კარგად ესმოდა, ეს მისი მამა იყო. ყველა დანარჩენი მასში ხედავდა ეკრანიდან გადმოსულ იდეალურ ქალს: "ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს დასაუფლებლად, შემდეგ კი არ იცოდნენ, როგორ მომქცეოდნენ. მათ არ გაუმართლათ..და არც მე", - გულახდილად უზიარებდა თავის გულისტკივილს მიშელი ჟურნალისტებს. ჩვეულებრივი ქალი, მისი პრობლემებითა და მოთხოვნილებებით, მიშელში, სამწუხაროდ, ვერცერთმა მისმა პარტნიორმა ვერ დაინახა. მიშელ მერსიე ოთხჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა მის ცხოვრებას იღბლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიშელის პირველმა ქმარმა ვერაფრით ვერ დაინახა ანჟელიკას გმირში ქალი, რომელსაც თბილი კერა, ოჯახი და მოსიყვარულე ქმარი ყველაფერს ერჩივნა. მეორე ქმარი შემოქმედი ადამიანი იყო, თავს ცნობილ მხატვრად ასაღებდა, მან მიშელს მოჰპარა მთელი ფული, რაც კი გააჩნდა და მიიმალა. შემდეგ მიშელი შეხვდა ბიზნესმენ ადრიანს, რომელთანაც გაატარა თავის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები, მზრუნველად უვლიდა რა ქმარს და მის უკვე კარგად წამოზრდილ შვილებს. საუბედუროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა -მამაკაცი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა უკურნებელი სენით. უკანასკნელი ცდა, ღირსებოდა ოჯახურ ბედნიერებას, მიშელს იტალიელ პრინცთან ჰქონდა, მაგრამ მან ძალიან მალე მიატოვა ქალი. ამის შემდეგ მიშელი უკვე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მას ფართო საზოგადოება ძალზე იშვიათად ხედავდა. მსახიობი ხშირად იმეორებდა, რომ მას თან სდევდა ანჟელიკას წყევლა და რომ ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა ბედნიერი, რადგან ყველა მამაკაცი მასში მხოლოდ ეკრანიდან გადმოსულ გმირს ხედავდა და ჩვეულებრივ ქალად მას ვერავინ აღიქვამდა. ეს კი მიშელია XXI საუკუნეში - ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი და ... მარტოსული. მიუხედავად მისი ხანგრძლივი და წარმატებული კინოკარიერისა, მსახიობმა ვერ მოახერხა ფულის დაგროვება: "ანჟელიკას წარმატებას ჩემთვის სიმდიდრე არ მოუტანია, კონტრაქტის თანახმად, მე მოგების არანაირ პროცენტს არ მიხდიდნენ, ჩემი იყო მხოლოდ ჰონორარი და ისიც საკმაოდ მწირი", -ამბობდა მიშელი. ამიტომ მსახიობს უხდება მოხუცებულობის წლები საკმაოდ ღარიბულად გაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მერსიესათვის მილიონები არ მოუტანია, მან მსახიობს უფრო ძვირფასი რამ მისცა - მაყურებლის სიყვარული. ფილმის თითოეულ სერიაში მთავარი როლის შემსრულებლისათვის 40-50 კოსტიუმი იკერებოდა და ყველა მათგანში ანჟელიკა შეუდარებელი იყო. დღეს უკვე ძნელია რომელიმე სხვა მსახიობის წარმოდგენა ანჟელიკას როლში, თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მთავარი როლის შემსრულებელს საკმაოდ დიდხანს ეძებდნენ: კანდიდატებს შორის იყო ბრიჯიდ ბარდო, კატრინ დენიოვი, როლი შესთავაზეს ჯეინ ფონდასა და მონიკა ვიტის, თავდაპირველად როლზე მარინა ვლადიც კი დაამტკიცეს, თუმცა მიშელის მიერ მორგებულმა როლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ასეთივე დარჩა ის მაყურებლის მეხსიერებაში - "ანჟელიკა- ანგელოზების მარკიზა". 3210 13-ს მოსწონს |
სწორედ ისეთი იყო ორივე მიშელიც და რობერტიც როგორიც წარმომედგინა :)
არ უყურო დამიჯერე ახალს,გული გაგიტყდება,განსაკუთრებით ჟოფრეის როლის შემსრულებელს
ამ ფილმის რიმეიქი გადაირეს სამი წლის წინ და საშინლად არ მომეწონა,მიშელი შეუდარებელია ♥