პროზა გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) 2015, 4 დეკემბერი, 11:55 ამანათი მომივიდა. ნეტავ ადვოკატიც თუა, გამიელვა თავში. ახალი ტანსაცმელი შემომიგზავნეს, ცოტა ხანში „კარმოშკა“ გაიხსნა. ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე. გაემზადე პაემანი გაქვს. აი მესმის სიურპრიზი? სასწრაფოდ ჩავიცვი, ამანათის პასუხი გავამზადე, ბიჭებს დავუტოვე. გამაფრთხილეს, არ იფიქრო, რომ იქ მარტო ხარ და არაფერი წამოგცდეს. აქ ყველას და ყველაფერს უსმენენ. დამშვიდდით ბიჭებო არ ვაპირებ დედაჩემს უარესად გავუხეთქო გული. გაგვიყვანეს, ისევ მეტკინა ფილტვები, ისევ ხარბად ვისუნთქავ, ჰაერს, ისევ შენობა და მწკრივი, უკანალზე ხელებდალაგებული კაცების მწკრივი. ისევ საუკუნედ ქცეული წუთები. ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე მეხუთე კაბინასთან მიდი მივედი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვნახე დედაჩემი და ჩემი და ასე ახლოს. ისინი მინის მეორე მხარეს სხედან. ყურმილი ავიღე და ნაცნობი ხმა გავიგე, ორივეს ტირლი მოერიათ, მეც მაგრამ არ ვაჩვენებ. გამოვკითხე, ჩემი ბიძაშვილების ამბები. უბნის, ქალაქის, ვაშაყირებ, ძველი თეატრი როგორ დაანგრევინეთ მეთქი. არ იციან. მოედანი დაკეტილია და არავის უშვებენ რეაბილიტაციის დასრულებამდეო. მითხრეს ფიქრია ხშირად გკითხულობსო, ფიქრია მამაჩემის ძმის შვილია, უზომოდ მიყვარს, სხვანაირად თბილი ადამიანია, ჟუჟუნა და მამიდაჩემი იზოც მკითხულობენ. და კიდევ ბევრი უცნობი ადამიანი, დედაჩემმა ბანკში ერთი ბიჭი მუშაობსო, იმედა, რომ მივდივართ არ გვალოდინებს, პატივს გვცემს და უცებ გვარიცხინებსო, მადლობ იმედ. შენ როგორ ხარო, ვუთხარი რომ გადასარევად ვარ, რომ „პრაგულკაზე“ ჩვენი ნებით არ გავდივართ, იმიტომ რომ დილით ადგომა გვეზარება, რომ უბატონოდ ხმას არ გვცემენ და ასე შემდეგ. ზუსტად 45 წუთში, პაემანი დასრულდა. საოცარი შეგრძნებაა, 45 წუთი თითქოს სახლში ხარ, შენს ქალაქში, შენს უბანში, შენს ახლობლებში. შემდეგ კი ქრება ილუზია და ხელში შეგრჩება, ვინმე ლურჯ პერანგიანი ახალგაზრდა ბიჭი და უბრუნდები საშინელ რეალობას. მთელი დღე განცდებსა და ფიქრებში გავატარე, სასიამოვნო საათი უყო მაგრამ საშინლად დავიტვირთე ემოციებით. მოზღვავებულ ემოციას კი ლექსი მოსდევს ხოლმე ყოველთვის, ახლაც მოჰყვა და მეც დავწერე. მემატიანე წერს ისტორიას, და დედამიწის კვლავ ბრუნავს სფერო, მე ვერ გადმოვცემ მასების აზრებს, რამდენიც უნდა ლექსები ვწერო. მე მხოლოდ ვამბობ, მას რაც გულში მაქვს, როგორი მინდა იყოს, მამული, რომ არ მენახოს ქართველი დედა, შვილის სიკვდილით თვალ დანამული. მუდამ ფურჩქნიდეს კახელი ვენახს, ჩაკრულო კოსმოსს კვლავაც არხევდეს. შეყვარებული ყმაწვილი ღამეს, მიჯნურის სხლთან ისევ ათევდეს. ისევ ყვაოდეს არაგვზე დეკა, დიდგორის ველიც მუდამ გვახსოვდეს, და ჩვენი ქვეყნის, შემოჭრილ რუკებს, ქართული სულით, გულით ვწამლობდეთ. აი ესაა ის სათქმელი რომელიც ყელში ბურთივით მომაწვა, ამ წუთას. დღეც გაილია. დილა ცემა ტყებით დაიწყო, საჭმელის დარიგებიდან, 15 წუთში, რეჟიმი ერთდროულად ორ კამერში შევიდა, დაიწყო და რა დაიწყო, ვერარ გავიგეთ ვინ ტირის ვინ ბღავის და ვინ ვის, ურტყავს ხან ვიფიქრეთ პატიმრებსაც ხომ არ ამოუვიდათ ყელში და ხომ არ შეუტრიალდნენ თანამშრომლებთქო, ცოტა ხანში კიდევ ხუთი კაცი შემოვიდა კორპუსზე, გაძლიერდა ტირილი და ღრიალი, გაძლიერდა და უცებ შეწყდა. მთელი საათი ურტყავდნენ გამეტებით.ორი საკაცით გაიყვანეს, დანარჩენები ფეხით. ორივე კამერა დაშალეს როგორც სჩანს. ალბათ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ თქვა მამუკამ. ეგ როგორ მეთქი, ვიკითხე და კობამ ამიხსნა. ჩვენთან კამერაში გამწოვი, ხომ დგას, მეორე კამერაშიც ზუსტად იგივე ადგილას დგას და მაქედან შეიძლება დაელაპარაკო, მაგრამ ახლა არაფერი არ ღირს, ხომ ხედავ რა მოუვიდათ. კარები გაიღო და ზედამხედველმა, დაახლოებით 60 წელს მიტანებული მამაკაცი შემოუშვა კამერაში. ერთი ადგილი ჩვენთან თავისუფალი იყო. მოსულა ჩეჩენად გაგვეცნო, გვარი ვკითხეთ, რა მნიშვნელობა აქვს, გვარიც რამდენიმე მაქვს მაქვს და სახელიცო გვითხრა. სერიოზული თაღლითია, არც სადაურობას ამბობს, არც გვარს, არც სახელს, არც რელიგიურობას, ჩეჩენაა და მორჩა, მესამედ თუ მეოთხედ იხდის სასჯელს, იძახის ნაომარი ვარო. აფხაზეთის ომში ვიყავიო, როგორც ჩანს თავის დროზე იარაღის ბარიგა იყო. მამუკამ კითხა, ქართველებისკენ იბრძოდიო? არა იყო პასუხი, აბა აფხაზებისკენ? არა, რა გინდა კაცო მე ყველგან ვიბრძოდი, ყარაბაღშიც ნამყოფი ვარ და ჩეჩნეთის ომშიც. შევეშვით. რამდენიმე დღეა, ნათურაა გადამწვარი, საღამოს ოფიცერი შემოვიდა, აბსლუგა შემოიყვანა, ჰა როგორ ხართ, ხომ ცხოვრობთ ხატაში ქურდულად, გვეკითხება ღიმილით, ჩეჩენას მიუბრუნდა, რა არის ბიჭო, ქურდულ ხატაში წიტელი მაიკით ხარ? ტეხავს, ხუმრობას ცდილობს თუ დაგვცინის ვერ გავიგე. შენ კბილი დასიებული, რომ გაქვს ვერ იტყვი? მკითხა რა ვიცი ბატონო ოფიცერო, - ავჩეჩე მხრები, - გამახსენდა მისი კოლეგისგან ნათქვამი - წამალი არა ყ..ეო ზეგ ვარ სმენაში და გაგიყვან ექიმთანო მითხრა. მე მადლობა ვუთხარი. კიდევ ხომ არავის უნდა ექიმი? მამუკამ უთხრა, აქ რომ მომიყვანეს კუჭზე ოპერაცია მქონდა გაკეტებული და თუ საშუალება იქნება მე, მინდა ექიმთან შეხვედრა, იქნებ ომეპრაზოლი დამინიშნოს, ხანდახან მაწუხებსო. კარგიო დაპირდა. ამასობაში ნათურა შეცვალეს და გავიდნენ. რაღაც არ ჩანს ცუდი ტიპი ვთქვით კამერაში. ამასობაში შუქებიც ჩაქრა და დავწექით. ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ვფიქრობდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რეალურ ჯოჯოხეთთან, მხოლოდ რამდენი თვე მაშორებდა. 1544 3-ს მოსწონს 1-ს არა
|