x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური 17-18 ივნისი

image




თვალები გავახილე და ბიჭების ხმა მომესმა აუ ჩემ მტერს მოხვდა მაგის მუშტიო, რა ხდება თქო ვიკითხე და მიპასუხეს ახალი კონტროლიორი მოსულა ორი მეტრია და ტანი აქვს მგონი მთელი ცხოვრებაა ვარჯიშობსო. რამოდენიმეჯერ შემოიხედა და ჩვენდაგასაოცრად გვითხრა დასხედითო. კარების ჭრილში გავიხედე მართლა იმნაირი, ნებისმიერს რომ შემოგვარტყას გამეტებით, ჩვენგან აღარაფერი დარჩებოდა.
საბედნიეროდ ჯაბა არ გამოდგა ისეთი ცივსისხლიანი როგორც გვეგონა, მთელი დღის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მოვიდა კარებთან, მაშინაც ავდექით თუ არა დასხედიტო გვითხრა, კაკოს როგორც ავადმყოფს უთხრა არ ადგე როცა შემოვიხედებიო. გამიკვირდა ასეთი ადამიანებიც რომ არსებობენ ამ სისტემაში.
ადვოკატთან დამიძახეს, ირმამ მითხრა რომ ყველა კარგადაა, მითხრა რომ უამრავი ადამიანი მკითხულობს და მე ეს ძალიან მსიამოვნებს. მითხრა, რომ 6 თვეზეა ლაპარაკი და ჩემები მზად არიან 10000 - იც კი მოიძიონ. ვნახოთ რას იტყვის პროკურატურა.პრინციპში შეიძლება დათანხმდნენ. 6 თვეში ხომ ნოემბერი იქნება და არჩევნებიც ჩაივლის მანამდე. დღეს საოცრად მომეძალა მონატრება. მიხო მენატრება, ყველაზე მეტად, პატარა ანგელოზი. არსება რომლის სიყვარულსაც ჭკუიდან გადავყავარ. ავირე კალამი და ფურცელი და ჩემდა უნებურად ლექსი დავწერე. მიხოს დავუწერე, მხოლოდ ასე შემიძლია მოვეფერო მას აქედან.

ჯერ ხარ პატარა კაცი,
სათხოვარი მაქვს ერთი,
ყოველთვის გქონდეს შიში,
მხოლოდ უფალი ღმერთის.
ცხოვრების გზაზე ერთხელ,
ყოველი საქმე ნახე,
ზურგში ნურავის ესვრი,
არსად დააგო მახე.
ერთხელ, თუნდაც სულ ერთხელ.
მიდი გალეწე კალო,
ერთხელ გაჰყევი ნახირს
კაცურად დაიღალო.
ერთხელ უსმინე, ვაზის,
ახლად ამოყრილ რტოებს,
შენ ხარ ვენახი, პაწი
გულგრილს არავის სტოვებს.
ერთხელ მიჰყევი მთაში,
მდინარესავით ფარას,
ცხვრის თეოზე თუ წევხარ,
ჩანჩქერი გეტყვის ნანას,
თუ უსმენ ფუტკრის ზუზუნს,
ღმერთს რომ უმზადებს სანთელს,
შენ დაინახავ შრომის,
ზეციურ, წმინდა ნათელს.
გვერდში დაუდექ იმ გლეხს,
ოროველას რომ მღერის,
იცოდე, ეს მიწაა
საუბარი რომ გესმის.
თუ დამიჯერებ ძია,
თუ მოიქცევი ასე,
მშობლის შრომას და გარჯას,
უთუოდ დააფასებ.


image



დღეს გელას სასამართლო აქვს და 6 საათზე გააღვიძეს. მეც გამეღვიძa, ავდექი, სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე პური და საჭმელი მივიღე, ბიჭები გავაღვიძე და ვისაუზმეთ.შემოვლა დაასრულა ოფიცერმა. რადიო ჩავრთეთ, მე და რამაზი შაშს მივუსხედით. მერე წიგნი გადავშალე მაგრამ გული ვერ დავუდე. აზრი გამიჩნდა ჩემს აქ ყოფნასაც რაღც მისია უნდა მივანიჭო, ამაზე ბევრს ვიფიქრებ.თუმცა ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს.

უცებ ნაბიჯების სწრაფი ხმა გაისმა. თან დაბალი გინება მოჰყვა რომლები არიან ეს დედა ნატყ......ბი, გაისმა ნაცნობი მჭექარე ხმა. ჩვენთან შემოიხედეს, ეტყობა ვიღაცამ უთხრა მანდ არაო და დახურეს სათვალთვალო. კარების გაღების ხმა გაისმა და ჩვენს მარცხნივ რომელიღაც კამერას შავი შუადღე დაუდგა.უმოწყალოდ ბღავიან პატიმრები, ღრიალებენ რეჟიმის თანამშრომლები. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მიწყნარდა ყველაფერი. მხოლოდ ოთხი წყვილი ფეხს ბრაგუნმა დაარღვია მყუდრება. აშკარად დავინახეთ, როგორ გააქცია ოთხმა პატიმარმა და ორმა ოფიცერმა, საკაცით ვიღაც ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, რომელიც ჩვენი კამერიდან კარგად ჩანს. „პრავერკა“ - ზე გავედით აკომ სთხოვა ოფიცერს მე დიაბეტიანი ვარ და იქნებ შაქარი გამიზომონო, საღამოს ექთანი მოვიდა. კარები გაიღო ჯერ კონტროლიორი შემოვიდა, შემდეგ ოფიცერი, უკან გადაიწიეთო გვიბრძანა, გადავიწიეთ. ახალგაზრდა ექთანი შემოვიდა საკმაოდ სიმპათიური. დაჭერის შემდეგ პირველად დავინახე ქალი ასე ახლოს. შეეტყო მანაც იგრძნო რვა წყვილი დაჟინებული თვალი. შერცხვა, გაწითლდა თეთრი ლოყები, შეუვარდისფრდა. არც გამოუხედავს ჩვენსკენ აკოსთან დაიხარა შაქარი გაუსინჯა, შემდეგ ადგა და ერთი პაკეტი ხსნარი მისცა, ისეთი როგორსაც ვენაში უსხავენ ხოლმე ავადმყოფს. ამას ვერ გადაგისხავთ აქაურ პირობებში და უნდა მთელი დღის განმავლობაში დალიოვო. ასეთი რამ პირველად გავიგე, ვენაში გადასასხმელი წამლის დალევა. მოსაღამოვდა. გელა მოვიდა სასამართლოდან რა ხდებაო ვკითხეთ და არაფერიო. მას 7 წელი უკვე მიუსაჯეს თუმცა სხვა სამოქალაქო დავები აქვს და დაჰყავთ სასამართლოებზე. ფუქსებში სახელოვანი ფეხბურთელი დემეტრაძე უნახავს, მისთვისაც არ მიუსჯიათ ჯერ არ ეპუება დემე, სტრასბურგში ჩივის. როგორც გელა ამბობს დანებებას არ აპირებს. დავსხედიტ მაღაზიის სია ჩამოვწერეთ ხვალ გავაახლებთ ჩვენს სამზარეულოს, სიგარეტიც უკვე გვითავდება აქ კი უსიგარეტოდ ყოფნა ძალიან ძნელია, მახსოვს კარანტინის გამოცდილება.

0
821
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0