შაბათია, გუშინ კარანტინი არ დაუშლიათ. ალბათ ვინმეს ელოებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად სწყურია ხოლმე პატიმართა სისხლი. შეიძლება ამ კვირაში არც დაშალონ, კიდევ ერთი კვირა მოუწიოთ პატიმრებს საერთო ჯამებიდან ჭამა. უსიგარეტოდ და უქვეშაგებოდ ყოფნა. საჭმელი და აბანო მოვითავეთ, უცებ ხამაური და კარებების ჩხარუნი ატყდა, გინება და შეურაცყოფა ისმის, რიგ რიგობით გაჰყავთ პატიმრები,
შმონია დავასკვენით ანუ ჩხრეკა მიდის კამერებში, წარმოდგენა არ მაქვს რას ეძებენ, ვიღაც საოცრად გამყინავი, განსხვავებული ხმით იგინება, იცნობდე ეს ოლეგაა ფაცაცია, მითხრა მამუკამ, „დედაზე ადრეა მოტ....ლი, პატიმრების სისხლის მსმელია, ყველაზე მაგრად, ეს და ჭაკუა ურტყავენ, რომ შემოაკვდეთ, თვალსაც არ დაახამხამებენ.“ გაგვჩხრიკეს, აბანოში გაგვაშიშვლეს და ისე გაგვჩხრიკეს. შემოვედით და კროსვორდებს ჩავუჯექით.
რამოდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გაისმა ოლეგ ფაცაციას გამყინავი გინება. ისევ ნაცნობი ხმაური ბღავილი და რომელიღაც კამერიდან საკაცით გაყვანილი პატიმარი, ისევ ბალდახინი ციხის საავადმყოფოს ეზოში. გელა და მოჭოტა შაშს თამაშობენ, მამუკა რადიოს უსმენს დანარჩენები წიგნებს ვუსხედვართ.
მოსაღამოვდა, როგორც ჩანს კარანტინი დაშალეს. ერთი რამე მიკვირს ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთად ჰყავთ. ახლაც ვინმეს მოგვიყვანენ. შუქები უკვე ჩამქრალია. კარები გაიღო და მაღალი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მოგვესალმა, დაჯდა სიგარეტი ხარბად გააბოლა. მაშინვე ჩემი თავი გამახსენდა. სადაურობა ვკითხეთ, ჩემი თანაქალაქელი აღმოჩნდა, გამიხარდა სიბნელეში კარგად დავაკვირდი მაგრამ ვერ ვიცანი. თან ჩემი ახლობლის ახლობელია, ბეჭები მტკივაო, მივხვდით ყველა რაშიც იყო საქმე. გვითხრა რაც მე დავინახე, 9-10 კაცმა დაკარგა გონებაო. ვისაც ქურდული ვარსკვლავი ეხატა იმას უფრო მეტად სცემდნეო. მე არასოდეს ვყოფილვარ შავი სამყაროს წარმომადგენელი ან მოყვარული, მაგრამ ცემა და თან ასე სასტიკად რა უბედურებააა. ტუალეტის კარი გამოვაღეთ და მაიკა გაიხადა. უამრავი წითელი ზოლი ჰქონდა ბეჭებზე ხელკეტისგან. თავზე კოპი. დავაბანინეთ, პირი გავაპარსინეთ და მოვასვენეთ თელაველი. ჩვენც დავწექით და ჩემს ოჯახზე ფიქრმა წამართვა თავი. თითქოს ვხედავ რა დღეში არიან. უნდა გავუძლოთ, მეც და თქვენც. ძლიერები უნდა ვიყოთ, ვფიქრობ და ვცდილობ ეს ფიქრი კილომეტრების იქით, მშობლიურ სახლში გავგზავნო.
კვირა გათენდა. წესით წყნარი დღე უნდა იყოს. მხოლოდ ოფიცერი იყურება წარა მარა, ჩვენც წამოვხტებით ფეხზე მის ყოველ შემოხედვაზე, მეორე დღეა კბილი მტკივა, ბეშქენასთვის არაფერი მითქვამს, მაგარი უზრდელი ოფიცერია. რაღაც ისეთს მეტყოდა ნამდვილად არ მიღირდა. ამიტომ მოვითმინე, დღევანდელ ოფიცერს ვეტყვი საღამოს პრავერკაზე. დღეს ბიჭებს ტელეფონები აქვთ. მე არა, მიუსჯელი ვარ და უფლება არ მაქვს. ტელეფონი რა გამარჯობის თქმას ძლივს ასწრებენ, სამი წუთი ორ კვირაში ერთხელ, ასეთია ლიმიტი. აბა ბიჭი ხარ და გადაააცილე. დაიწყო რიგრიგობით გადიან. გელა აკანკალებული შემოვიდა. რა მოგივიდა მეთქი ვკითხე, მითხრა შვილიშვილთან საუბარში დროის შეგრძნება დავკარგე და გადავაცილე დროს, რომ ვერ გამაგონა ოფიცერმა გართულს კარგი გვარიანად შემაგინა და მგონი ოჯახში გაიგესო. გელა 60ს კარგად გადაცილებული პაპაკაცია. ყოველ დილა საღამოს მისთვის გამოწერილი წამლები მოაქვთ, და ნერვიულობაც არ შეიძლება. მოსაღამოვდა 5 ხელი შაში წავაგე, რაზე ვთამაშობთ? არაფერზე ეგ დრო არ არის, უბრალოდ ვერთობით. პრავერკაზე გავედით, შემოსვლისას ოფიცერს მივუახლოვდი,
ბატონო ოფიცერო კბილი მაწუხებს მეორე დღეა, იქნებ წამალზე ჩამწეროთ?
რა გინდა?
წამალი
წამალი არა ყ . . ე
შევედი და გადავწყვიტე აღარასოდეს მეთხოვა წამალი.