კომპიუტერები და პროგრამები Liquify (დნობა). დეფორმაცია და აღდგენა. „გაყინვა“, „გადნობა“ . (Photoshop CS 4 & 5) 2015, 7 ნოემბერი, 15:45 დეფორმაცია და აღდგენა. ცხვირის პლასტიკა.
Liquify ფილტრი არის ფოტოშოპში ინსტალირებული დამოუკიდებელი პროგრამა, რომელიც გამოიყენება გამოსახულების დეფორმაციისთვის. ფილტრის გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Liquify ან კლავიატურის ღილაკების კომბინაციით Shift + Ctrl + X. ბრძანების გაცემის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფილტრის სადიალოგო ფანჯარა (ნახ.1), რომელშიც დიდი ნაწილი უკავია ეკრანს, Layers პალიტრაში მონიშნული გამოსახულებით ან მისი რომელიმე ფენით (ერთ ფენაზე მეტი ფენის მონიშვნის შემთხვევაში, ფილტრი არ იმუშავებს). ფილტრში მოხვედრილი გამოსახულება ბლანტ სითხედ იქცევა და შესაძლებელი ხდება მისი ნებისმიერი სახის დეფორმაცია, ფილტრის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებული დეფორმაციის ხელსაწყოებით. ფილტრის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია პანელი ხელსაწყოებისა და ფილტრის ვიზუალიზაციის დასარეგულირებელი პარამეტრებით. გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. Liquify ფილტრი ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილების კორექციის, ე. წ. „პლასტიკური ოპერაციის“ ჩატარების დროს. ფილტრის ყველა ხელსაწყო, ბოლო ორი ხელსაწყოს გარდა, განეკუთვნება ფუნჯის კატეგორიას, მრგვალი ფორმით და ცენტრში ჯვრით. ხელსაწყოების ზომის დარეგულირება შესაძლებელია კლავიატურის კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით. ფუნჯის ზომა სარედაქციო ობიექტის ზომაზე არის დამოკიდებული, რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო დიდი უნდა იყოს ფუნჯი. დიდ ობიექტზე პატარა ფუნჯით მუშაობის შემთხვევაში, მიიღება ტალღოვანი, უსწორ-მაეწორო დეფორმაცია (ნახ. ცხვირის პლასტიკა). კვადრატული ღილაკების გარდა, ფუნჯის ზომის დარეგულირება შესაძლებელია პარამეტრების პანელზე. Tool Options (ხელსაწყოების პარამეტრები) ველში (ნახ. 2) შესაძლებელია ხელსაწყოს სხვა პარამეტრების დარეგულირებაც: Brush Size (ფუნჯის ზომა) – განსაზღვრავს ფუნჯის ზომას 1-დან 1500 პიქსელამდე დიაპაზონში. Brush Density (ფუნჯის სისქე) – განსაზღვრავს ფუნჯში „საღებავის“ რაოდენობას. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უფრო წვეტიან კვალს ტოვებს ფუნჯი. 100%-იანი მაჩვენებლის პირობებში, ფუნჯი მრგვალ ანაბეჭდს ტოვებს. Brush Pressure (ფუნჯის დაწოლა) – განსაზღვრავს გამოსახულების დეფორმაციის დონეს. დაბალი მაჩვენებლის პირობებში, უფრო ნელა ხდება დეფორმაცია და უფრო მარტივად შეიძლება ფუნჯის მოქმედების გაკონტროლება. Brush Rate (ფუნჯის სიჩქარე) – განსაზღვრავს ფუნჯის მოქმედების სისწრაფეს. ისევე ფუნქციონირებს, როგორც წინა პარამეტრი. ეს ორი პარამეტრი ერთნაირ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ სხვადასხვა ხელსაწყოებისთვის არის განკუთვნილი, ხან ერთია აქტიური და ხან მეორე, შესაბამისი ხელსაწყოს გააქტიურების მიხედვით. Turbulent Jitter (ტურბულენტური რხევა) – განსაზღვრავს შემთხვევითობის დონეს დეფორმაციის დროს. Reconstruct Mode (აღდგენის რეჟიმები) პარამეტრი უზრუნველყოფს დეფორმირებული გამოსახულების აღდგენის რეჟიმის დადგენას. ამ პარამეტრის ფუნქცია ქვემოთ იქნება განხილული, შესაბამისი ხელსაწყოს განხილვის დროს. Stylus Pressure (სტილუსის დაწოლა) გადამრთველი აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერზე მიერთებულია გრაფიკული პლანშეტი. ფილტრის ხელსაწყოებს შორის ყველაზე პოპულარული Forward Warp (გამრუდება მოძრაობის მიმართულებით) ხელსაწყო (ნახ. 3) არის, რომელიც გამოიყენება გამოსახულების თავისუფალი დეფორმაციისთვის. გამოსახულებაზე დაჭერილ ფუნჯს საითაც გავწევთ, დეფორმაციაც იქით ხდება. Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, დეფორმაცია სწორხაზოვანია: ჯერ უნდა დავაჭიროთ ხაზის საწყის წერტილს, დავაჭიროთ Shift ღილაკზე და დავაწკაპუნოთ ხაზის ბოლო წერტილზე. ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ის დროებით გარდაიქმნება Reconstruct (აღდგენა) ხელსაწყოდ (ნახ. 4), რომელიც აღადგენს დეფორმირებულ გამოსახულებას საწყის პოზიციაზე. აღნიშნულ ხელსაწყოს აქვს საკუთარი პარამეტრები ფილტრის პარამეტრების პანელზე (ნახ. 5): Tool Options ველში მდებარე Reconstruct Mode პარამეტრის ჩაოსაშლელი მენიუ იმ შემთხვევაში არის აქტიური, თუ აქტიურია Reconstruct ხელსაწყო. ჩამოსშლელ მენიუში მოთავსებულია ხელსაწყოს მოქმედების შემდეგი რეჟიმები: Revert (აღდგენა) – მთლიანად აღადგენს გამოსახულებას, ხელსაწყოს დეფორმირებულ ადგილებზე გადასმის შემდეგ. Rigid (მტკიცე) – ინახავს სწორ კუთხეებს დაუცველ და დაცულ ოლქებს შორის (ეს ოლქები გაკვეთილის II ნაწილში იქნება გნხილული). Stiff (უდრეკი, გაშეშებული) – უცვლელს ტოვებს დეფორმაციას გამოსახულების დაცულ და დაუცველ ოლქებს შორის საზღვარზე. Smooth (შერბილება) – ამცირებს დეფორმაციას დაცულ და დაუცველი ოლქების საზღვარზე. Loose (თავისუფალი) – ისევე მოქმედებს როგორც ზედა რეჟიმის დროს, მაგრამ მოქმედების არეალი უფრო დიდი აქვს. Displace (შერევა) – ახდენს გამოსახულების შერეული და დეფორმაციამდელი პიქსელების გადათვლას. Amplitwist (მერყეობა) – ახდენს შერეული, მობრუნებული და დეფორმაციამდელი პიქსელების გადათვლას. Affine (აფინები) – გარდაქმნის დაუცველ ოლქებს ყველანაირი დეფორმაციით. Reconstruct Options (აღდგენის პარამეტრები) ველის ღილაკები მაშინ არის აქტიური, თუ გამოსახულებაზე დეფორმაცია უკვე განხორციელდა. Reconstruct (აღდგენა) ღილაკზე ყოველი დაჭერა ერთი ნაბიჯით უკან აბრუნებს დეფორმირების დროს განხორციელებულ მოქმედებას, ხოლი Restore All (ყველაფრის აღდგენა) ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხდება გამოსახულების სრული აღდგენა. ამ ღილაკების გამოყენების წინ არ არის საჭირო Reconstruct ხელსაწყოს გააქტიურება. Reconstruct ხელსაწყოს ქვევით მდებარეობს Twirl Clockwise (დახვევა საათის ისრის მიმართულებით (ნახ. 6 – I), რომელიც ახვევს გამოსახულების პიქსელებს საათის ისრის მიმართულებით. Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, დახვევა მოხდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. Pucker (ნაოჭი) ხელსაწყო (ნახ. 6-II) ფუნჯის არეში მოხვედრილ პიქსელებს გადაადგილებს ფუნჯის კიდეებიდან ცენტრისკე. Bloat (გაბერვა) ხელსაწყო (ნახ. 6-III) ფუნჯის არეში მოხვედრილ პიქსელებს გადაადგილებს ფუნჯის ცენტრიდან კიდეებისკე. Push Left (გადაადგილება მარცხნივ) ხელსაწყო გადააადგილებს პიქსელებს ფუნჯის მოძრაობის პერპენდიკულარულად მარცხენა მხარეს, Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, გადაადგილება ხდება მარჯვენა მხარეს. Mirror (ანარეკლი) ხელსაწყო ახდენს ფუნჯის მარცხენა მხარეს მდებარე პიქსელების კოპირებას, Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაშ, არეკვლა ხდება მარჯვენა მხრიდან. Turbulence (ტურბულენტობა) ხელსაწყო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოს ნაზავია და შესაბამისად, მისი გაკონტროლება და შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. განხილული ხელსაწყოებიდან, ბოლო სამი ხელსაწყო იშვიათად გამოიყენება გამოსახულების კორექციის დროს.
********************************************************************************************************************************** **********************************************************************************************************************************
Liquify ფილტრის შემდეგი ორი ხელსაწყო „ყინავს” და „ადნობს” „გაყინულ” გამოსახულებას.
Freeze Mask (გაყინვის ნიღაბი) ხელსაწყოს გამოყენებით შესაძლებელია გამოსახულებაზე ნიღბის დადაება. ნიღბის ქვეშ მოქცეული გამოსახულება „იყინება” (ნახ.2) და მისი დეფორმაცია შეუძლებელი ხდება. „გაყინული” ოლქების გადნობა ანუ ნიღბის მოშორება შესაძლებელია Thaw Mask (დნობის ნიღაბი) ხელსაწყოს გამოყენებით (ნახ.3). ნიღბებთან მუშაობის დროს გამოიყენება ფილტრის მარჯვენა მხარეს მოთავსებული Mask Options (ნიღბის პარამეტრები) (ნახ. 4) ველის პარამეტრები. ველში მოთავსებულია სამი ღილაკი: None (არა) – გამოსახულებაზე დადებულ „გაყინვის” ნიღაბს აუქმებს. Masl All (ნიღბით დაფარვა) – ნიღაბს ადებს გამოსახულებას მთლიანად. Invert All (ნიღბის ინვენტირება)- ახდენს ნიღბის ინვენტირებას. აუცილებელი არ არის „გაყინვის” ნიღბის შექმნა ფილტრის სადიალოგო ფანჯარაში. ამის გაკეტება ფილტრის გახსნამდე არის შესაძლებელი, ფილტრის გახსნამდე გამოყოფის ოლქის შექმნით. Mask Options ველში მოთავსებული, პიქტოგრამიანი ღილაკების საშუალებით (ნახ.4) შესაძლებელია გამოყოფის ოლქის ჩატვირთვა, უკვე არსებულ გამოყოფაზე ახალი გამოყოფის დამატება ან გამოკლება: Replace seleсtion (გამოყოფის ჩანაცვლება) – უქმდება ძველი გამოყოფა და დგება ახალი. Add to seleсtion (გამოყოფაზე დამატება) – ახალ გამოყოფას ემატება ძველი გამოყოფა. Subtract from seleсtion (გამოყოფიდან გამოკლება) – ძველ გამოყოფას აკლდება ახალი გამოყოფა, თუ ორი გამოყოფა ერთმანეთს კვეთს. Intersect with seleсtion (გამოყოფის გადაკვეთა) – რჩება მხოლოდ გამოყოფის გადაკვეთის ოლქი, თუ ორი გამოყოფა ერთმანეთს არ კვეთს, ორივე უქმნდება. Invert seleсtion (გამოყოფის ინვენტირება) – ხდება გამოყოფის ინვენტირება. ყველა პიქტოგრამიანი ღილაკის გვერდით მოთავსებულია პატარა სამკუთხედის ფორმის ღილაკები. მათზე დაჭერის შემთხვევაში გამოდის ღილაკის კონტექსტური მენიუ: Selection (გამოყოფა) – ნიღბით იფარება წინასწარ შექმნილი გამოყოფის ოლქი. Transparency (გამჭვირვალე) – ნიღაბი ეფარება ფენის გამჭვირვალე ოლქებს. Layer Mask (ფენის ნიღაბი) – ნიღაბი ედება ფენის ნიღბით შენიღბულ ოლქებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფა შენახული არის ალფა-არხში, მენიუში გამოჩნდება ამ არხის სახელი. ფილტრის პარამეტრების პანელის ქვედა ნაწილში მოთავსებულია View Options (ასახვის პარამეტრები) ველი (ნახ.5), რომელშიც ფილტრის ვიზუალიზაციის პარამეტრებია მოთავსებული. პარამეტრების ვიზუალიზაციის პირველ განყოფილებაში მოცემულია დეფორმაციის ბადის პარამეტრები. ბადე გამოსახულების დეფორმაციის დროს არანაირ როლს არ ასრულებს. მისი მეშვეობთ უფრო თვალსაჩინო ხდება დეფორმაცია (ნახ.6). გარდა ამისა, შესაძლებელია დეფორმირებული ბადის შენახვა და მისი შემდგომი გამოყენება. ფილტრის პარამეტრების პანელზე განლაგებული Save Mesh (ბადის შენახვა) ღილაკი ინახავს ბადეს მყარ დისკზე, ხოლო Load Mesh (ბადის ჩატვირთვა) ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია შენახული ბადის ფილტრში ჩატვირთვა. Show Mesh (ბადის ჩვენება) გადამრთველის გააქტიურების შემდეგ, გამოსახულებაზე ჩნდება ბადე და პარამეტრების პანელზე აქტიურდება შესაბამისი პარამეტრების მენიუები: Mesh Size (ბადის ზომა) პარამეტრის ჩამისაშლელ მენიუში, ბადის ზომის სამი ვარიანტი არას მოცემული: Small (წვრილი), Medium (საშუალო) და Large (დიდი). Mesh Color (ბადის ფერი) პარამეტრის ჩამისაშლელ მენიუში შესაძლებელია ბადის ფერის არჩევა. ამავე განყოფილებაში მოცემულია Show Image (გამოსახულების ჩვენება) გადამრთველი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, გამოსახულება ქრება ფილტრის ეკრანიდან. Show Mask (ნიღბის ჩვენება) გადამრთველი (ნახ.5) უზრუნველყოფს ნიღბის ვიზუალიზაციას. Mask Color (ნიღბის ფერი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ნიღბის ფერის არჩევა. ავტომატურ რეჟიმში ნიღაბი წითელი ფერის არის. თუ გამოსახულებაზე წითელი ფერის ობიექტია, საჭირო ხდება ნიღბის ფერის შეცვლა. Show Backdrop (ფონის ჩვენება) გადამრთველის (ნახ.5) გააქტიურების შემთხვევაში, აქტიური ხდება შემდეგი პარამეტრები: Use (სამომხმარებლო) პარამეტრის ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია გამოსახულების ერთი რომელიმე (თუ გამოსახულება ფენებს შეიცავს) ფენის არჩევა ფილტრის ეკრანზე საჩვენებლად ან ყველა ფენის ჩვენება. ეკრანზე ყველა ფენის გამოჩენის მიუხედავად, დეფორმაციის განხორციელება შეიძლება მხოლოდ Layers პალიტრაში გააქტიურებელ ფენაზე. Use ჩამისაშლელ მენიუში All Layers (ყველა ფენა) არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია ფილტრის ეკრანზე გამოჩენილი არააქტიური ფენების ასახვის რეჟიმის მართვა. ამისთვის გამოიყენება Mode (რეჟიმი) ჩამოსაშლელი მენიუ: In Front (წინ) – ფენები გამოჩნდება აქტიური ფენის თავზე. Behind (უკან) – ფენები გამოჩნდება აქტიური ფენის ქვემოთ. Blend (შერეული) – ფენები ისე გამოჩნდება, როგორც Layers პალიტრაში არის განლაგებული. Opacity (გამჭვირვალობა) პარამეტრით შესაძლებელია არა აქტიური ფენების გამჭვირვალობის დარეგულირება. თუ გამოსახულება მხოლოდ უკანა ფონს შეიცავს, Show Backdrop გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, რედაქტირების პროცესში ფონის სახით გამოჩნდება გამოსახულება საწყის პოზიციაში, რაც რედაქტირების შედეგის შეფასებისა და კონტროლის საშუალებას იძლევა (ნახ.7). ფილტრის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია გამოსახულების მასშტაბირების ველი. გამოსახულების მასშტაბირებისათვის ასევე გამოიყენება ფილტრის ხელსაწყოების პანელზე მდებარე Zoom (მასშტაბი) ხელსაწყო. P.S. გაკვეთილის მკითხველების უმრავლესობას გაუჩნდება კითხვა დეფორმაციის ბადის შენახვასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ფილტრის ფუნჯების ზომის სიმცირის გამო, Liquify ფილტრში დიდი გამოსახულებების რედაქტირება შეუძლებელია, ამიტომ დეფორმაციას ახდენენ გამოსახულების შემცირებულ ვარიანტზე, ინახავენ დეფორმაციის ბადეს და დიდი ზომის გამოსახულების რედაქტირებას შენახული ბადის მეშვეობით ანხორციელებენ.
88 5-ს მოსწონს
|