კომპიუტერები და პროგრამები ფილტრები. ფილტრების გალერეა და რედაქტირება (Photoshop CS 4 & 5) 2015, 24 ოქტომბერი, 15:36 ფილტრები არის ფოტოშოპის პროგრამაში ინსტალირებული მინი პროგრამები, რომლებიც გამოიყენება გამოსახულების რედაქტირებასა და გაფორმებისთვის. ფილტრები მოთავსებულია Filter (ფილტრი) მენიუში. ზოგი ფილტრი წარმოდგენილია ინდივიდუალური სახით, ხოლო ზოგი ჯგუფის შემადგენლობაში შედის. ჯგუფებში ერთიანდებიან მსგავსი შინაარსის ფილტრები, რომლებიც დაახლოებით ერთნაირ მოქმედებებს ასრულებენ, განსხვავებული ეფექტებით. ფილტრების ჯგუფების გარკვეული ნაწილი (6 ჯგუფი) ერთიანდება ფილტრების გალერეაში (Filter Gallery), რაც რამოდენიმე ფილტრის ერთდროულად გამოყენების საშუალებას იძლევა. Filter Gallery (ფილტრების გალერეა) ფილტრების გალერეის სადიალოგო ფანჯრის (ნახ. 1) გამოძახება ორი ხერხით არის შესაძლებელი: I. ბრძანებით: მენიუ Filter > Filter Gallery II. ფილტრების მენიუში უნდა ავირჩიოთ ფილტრების გალერეაში შემავალი ჯგუფის ფილტრებიდან რომელიმე. მაგ., Note Paper (საფოსტო ქაღალდი), ბრძანებით: მენიუ Filter > Sketch > Note Paper. მოცემულ გაკვეთილში ფილტრების გალერეაში მუშაობის წესები არის აღწერილი. ფილტრების ჯგუფები და მათში შემავალი ფილტრები, მოგვიანებით იქნება განხილული. გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. ფილტრების გალერეაში შემავალი ფილტრების ჯგუფება, სადიალოგო ფანჯარაში, წარმოდგენილია საქაღალდეების სახით. იმისათვის რომ ფილტრი ავირჩიოთ, უნდა გავხსნათ საჭირო ჯგუფის საქაღალდე დ დავაწკაპუნოთ ფილტრის მინიატურაზე (ნახ.1 (1). სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ჩამოსაშლელი მენიუ (ნახ. 1 (2), რომელშიც მოთავსებულია ფილტრების გალერეაში შემავალი ფილტრების სრული ჩამონათვალი. სჭირო ფილტრის არჩევა ამ მენიუდანაც არის შესაძლებელი. აღნიშნული მენიუს ქვემოთ მოთავსებულია ფილტრის ბერკეტიანი მარეგულირებლები ანუ ფილტრის პარამეტრები (ნახ. 1 (3). პარამეტრებში შეტანილი ცვლილებები ავტომატურად აისახება, სადიალოგო ფანჯრის მარცხნივ მოთავსებულ, წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში (ნახ. 1 (4). წიმასწარი დათვალიერების ფანჯრის ქვემოთ მოთავსებულია მასშტაბის ველი (ნახ. 1 (5). სადიალოგო ფანჯრის ქვედა მარჯვენა მხარეს მოთავსებულია არჩეული ფილტრების ველი (ნახ. 1 (6). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფილტრების გალერეაში რამოდენიმე ფილტრის ერთდროულად გამოყენება შეიძლება. ერთი ფილტრის გამოყენების შემდეგ, უნდა დავაჭიროთ New effect layer (ეფექტის ახალი ფენა) ღილაკს (ნახ. 1 (7). ფილტრების არჩევის ველში, უკვე არსებულ ფილტრს, დაემატება იგივე ფილტრი ანუ მოხდება ფილტრის კოპირება. ახალი ფილტრის არჩევის შემდეგ, კოპირებული ფილტრი, შეიცვლება ახლად არჩეული ფილტრით და შეიცვლება დამატებული ფილტრის სახელიც. გამოყენებული ფილტრის გაუქმება (თუ ფილტრების რაოდენობა 1-ზე მეტია) ხდება, ფილტრების არჩევის ველში, ფილტრის სტრიქონის გააქტიურებით და ურნის ღილაკზე (ნახ. 1 (8) დაწკაპუნებით ან ფილტრის სტრიქონის წინ მდებარე თვალის პიქტოგრამის გათიშვით. ფილტრების ჯგუფების ველის ზედა მარჯვენა კუთხესთან მოთავსებულია სპეციალური ღილაკი (ნახ. 1 (9), რომელიც უზრუნველყოფს წინასწარი დათვალიერების ფანჯრის ზომის შეცვლას, ფილტრების ჯგუფების ველის დამალვა-გამოჩენის ხარჯზე. ფილტრების გამოყენებით მიღებული შედეგის რედაქტირება ფილტრების გამოყენებით მიღებული შედეგების რედაქტირების სამი გზა არსებობს: I. ვიდრე ფილტრს გამოვიყენებთ, უნდა მოვახდინოთ ფილტრში გასატარებელი გამოსახულების ფენის დუბლირება და ფილტრი გამოვიყენოთ დუბლირებულ ფენაზე. ამის შემდეგ, შეგვიძლია ფილტრის ეფექტის შემცირება, ფენის გამჭვირვალობის შემცირების გზეთ. ასევე შესაძლებელია, ფილტრში გატარებული ფენისთვის, ფენის რეჟიმის შეცვლა, Layers პალიტრის რეჟიმების ჩამოსაშლელ მენიუში. II. ფილტრების შედეგების რედაქტირების მეორე საშუალება მოთავსებულია Edit მენიუში. ამ მენიუდან Fade (შესუსტება) პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სპეციალური სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 2), რომელშიც შეგვიძლია კორექციის განხორციელება. სადიალოგო ფანჯარაში იგივე პარამეტრები არის მოთავსებული (გაუმჭვირვალობა, რეჟიმები), რაც Layers პალიტრაში. აღნიშნული ხერხის უპირატესობა წინა მეთოდთან შედარებით ის არის, რომ ამ შემთხვევაში საჭირო არ არის ფენის დუბლირება ფილტრის გამოყენების წინ. III. ფილტრის გამოყენების წინ, გამოსახულების ფენა Smart ფენად უნდა გადავაქციოთ. Smart ფენაზე გამოყენებული ფილტრი გამოსახულების ფენას Smart ფილტრის საშუალებით უკავშირდება, რაც აისახება Layers პალიტრაში (ნახ. 3): პალიტრაში გამოსახულების ქვემოთ ჩნდება Smart ფილტრი, ხოლი ფილტრის ქვემოთ, გამოყენებული ფილტრის სტრიქონი. სტრიქონზე 2-ჯერ დაწკაპუნების შემთხვევაში, იხსნება ფილტრის სადიალოგო ფანჯარა და შესაძლებელია ფილტრის პარამეტრების შეცვლა. შენიშვნა: ფილტრების გამოყენება შეიძლება როგორც მთლიან ფენაზე, ასევე გამოყოფის კონტურით შემოფარგლულ მის ცალკეულ ოლქებზე. P. S. ფოტოშოპის სტანდარტული ფილტრების გარდა, არსებობს სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ფილტრები, ე. წ. პლაგინები (plug-ins), რომლებიც პროგრამაში ინსტალაციის შემდეგ, ადგილს იკავებენ ფილტრების მენიუში, სტანდარტული ფილტრების ქვევით. 88 8-ს მოსწონს
|