x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური - 13 - 14 ივნისი

image

13 ივნისი

გინებამ და ყვირილმა გამაღვიძა რომელიღაც კამერას შავი დღეა გაუთენდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ნაცნობი ხმები, საშინელი ბრაგაბრუგი, ყვირილი, ტირილი, ტირილი კი არა არაადამიანური ბღავილი, გინება. სამი პატიმარი გაატარეს, კარცერში მიჰყავთ, თქვა მამუკამ. შენ ცემა იქ ნახე აქ რა უჭირს. თუ ცოტა მეტი მოუვიდათ, შეიძლება პატიმარი ადვოკატთანაც არ გაუშვან ამ ნაბოზრებმა, დაზიანებების გამო. ადვოკატს ეტყვიან, რომ ცუდად არისო. ამის თქმა იყო, კარები გაიღო და ადვოკატთან დამიძახეს. გავედი. ირმამ მითხრა შენები ყველაფერს აკეთებენო. კახა ყოფილა თელავში კუკავა და პროკურორი უნახავს. მედიაში მაინც გაჟონა ინფორმაციამ, ალბათ მომიკითხეს ბრიფინგზე რომ აღარ დავუძახე ამდენი ხანი. რადიო ჰერეთზე გასულა. დედაჩემს უთქვამს ირმასთვის უცხო ადამიანებიც კი კითხულობენ ერეკლესო, არ სჯერათ მისი გამყალბებლობის ამბავიო. ამან გამახარა, ვახსოვარ თელავს და მართლა გულით მიხარია. საოცრად მენატრება ჩემი ქალაქი, მოედანი, ნადიკვარი, ძველი თუ ახალი ბაღი, თელავური ჰაერი ხომ სხვა არის. იქ ჩიტებიც კი სხვანაირად ჭიკჭიკებენ.
კამერაში დავბრუნდა ჩემი კუთხის და კუნჭულის მონატრებამ ისე იფეთქა, რომ შემეშინდა გული არ გამსკდარიიყო. იქ ციხეში სხვანაირად გენატრება, თვითოეული ადამიანი მახსოვს მგონი, ვისაც ოდესმე ქუჩაში შევხვედრივარ. მოსაღამოვდა საღამოს შემოწმებაზე, რომ გავედით კობა შედარებით ნელა გამოვიდა გამოაჯ...ი შე ყლეო, დაუძახა ოფიცერმა. აწი თუ სირბილით არ გამოსულხართ და შესულხართ დედებს მო........ვთ. რომ შემოვედით შემოგვყვა და კობას მუცელში მუშტი მთელი ძალით გაარტყა. არ ელოდებოდა, სუნთქვა შეეკრა. „ისწავლი როგორ მოიქცე თქვა და გავიდე. ამ დღეს კიდევ ორი სხვადასხვა კამერა დაანგრიეს თითო საათიანი ინტერვალით. ამ ბღავილის მოსმენაც კი შაშინელებაა. ღმერთო მომეცი ძალა რომ გავუძლო.


14 ივნისი
ბოლო პერიოდია ძილი შუაღამისას მიკრთება და ვეღარ ვიძინებ, სამაგიეროდ საღამოს მეძინება მკვდარივით. დღესაც უთენია ავდექი ვილოცე და ახალი აღთქმის კითხვას შევუდექი, საჭმელი და პური მოვიდა. მაღაზიის ბარათებიც გავატანეთ. დღეს პრესა მოვა, ჟურნალ გაზეთები. სარკეში და გზაში პატიმრებისთვის განკუთვნილი შეტყობინებები იბეჭდება თუ მოიფიქრეს ჩვენებმა მომწერონ იქნებ რამე.
12 საათიანი საინფორმაციო ჯერ დასრულებული არ იყო რომ სოციალი მოვიდა და წიგნები მოგვიტანა. დავხედე და კონსტანტინე გამსახურდია „დავით აღმაშენებელი“ უზომოდ გამიხარდა პირველი მეორე და მესამე ტომებია. ხარბად დავუწყე კითხვა, თვითოეულ ბწკარს, აბზაცს ვკითხულობ. სრიქონს არ ვტოვებ. ერთი სული მაქვს დავამთავრო და დანარჩენი ტომები მოვატანინო. დღეს რამაზის პაემანი აქვს და მთელი არსებით ემზადება. ტანსაცმელი გამოიცვალა და კონტროლიორმა რომ დაუძახა ასე, ორი საათის ჩაცმული იყო, უკვე. საღამოს რადიოდან ნაცნობი ხმა მოისმა. სისხლი გაიყინა ძარღვებში ეს იყო საოცრად თბილი და ალერსიანი ხმა, ხმა ადამიანისა რომელმაც თუშური ლექსი მთელს ქვეყანას შეაყვარა, ქალბატონი ეთერ თათარაიძე, თუშებისთვის კი უბრალოდ ეთერო, ყვებოდა რაღაც ისტორიას. სმენად ვიქეცი, ბიჭებს ვთხოვე ცოტა ხანი აღარსად გადართოთ მეთქი. მისმა ხმამ თუშეთის მთებში წამიყვანა, თვალწინ დამიდგა ზაფხულის თოვლი. დეკის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ღია იასამნისფრად აელვარებული, ნამტირალევი, ფხიჯა ეს ულამაზესი ყვავილი, გამახსენდა ჩემი პატარა სახლი ომალოში, გამახსენდა და ჩემდა გასაოცრად ცრემლი მომერია.
ახალი შებინდებული იყო, რამაზიმ თქვა კატაფალკა შემოვიდა ერ-ბე-ზეო. ამ სახელს, აქ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეძახიან, რომელიც გვერდით ეზოში დგავს, კატაფალკის შემოსვლა კი იმას ნიშნავს, რომ მიცვალებული უნდა გაასვენონ. ყველამ ერთად ქუთი მოვიხადეთ და უფალს მისი სულის განსასვენებელში მიღება ვთხოვეთ. ამ დღემაც ასე ჩაიარა, ვწევარ და არ მეძინება. ავდექი პარაშაში შევედი, იქიდან გამოსულმა შევამჩნიე რომ, ობას გაუშლია გაზეთი და თითქოს კითხულობს. გამიკვირდა კამერაში ბნელა. რას აკეთებ მეთქი, გეცინა, გარედან ფანჯარაში შუქი ურტყტავს და ვკითხულობო მითხრა. გამეცინა მშვენიერი მოფიქრებაა. სამწუხაროდ ჩემს საწოლს არ ურტყავს შუქი. კბილი ამტკივდა, თანდათან მიმატებს ტკივილს, უნდა ვცადო დაძინება სანამ უფრო ძალიან შევუწუხებივარ.


0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0