შემოდგომა და რთველი თითქმის ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის ჩურჩხელასთან ან ჯანჯუხასთან ასოცირდება.
და მაინც, რა განსხვავებაა ამ ორს შორის?
განსხვავება ძალიან მარტივია:
* ჩურჩხელა თათარასგან და ნიგვზისგან კეთდება, ჯანჯუხა - ფელამუშისგან და თხილისგან.
* ჩურჩხელა აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ჯანჯუხა - დასავლეთში.
* ახლა, თათარასა და ფელამუშს შორის განსხვავებასაც თუ იკითხავთ, ამაზეც მოგახსენებთ: თათარა პურის ფქვილისგან კეთდება, ფელამუში – სიმინდის ფქვილისგან.
* აღმოსავლური ჩურჩხელა, როგორც წესი კენტად კეთდება, ანუ ძაფზე ერთი ჩურჩხელაა ასხმული; დასავლური ჯანჯუხა კი წყვილად ისხმება და შემდეგ ხის ჯოხზე გადაკიდებული შრება.
მიუხედავად ამისა, დღეს თათარისგან დამზადებულ თხილის ჩურჩხელებსაც შევხვდებით, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგრის გულის, ჩირის, მზესუმზირის და კიდევ უამრავი, ზოგჯერ გამოუცნობი შიგთავსის ჩურჩხელებზე.
ახლა კი, რადგანაც ამდენი ვისაუბრე, ბარემ თათარასა და ფელამუშის რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, ან უბრალოდ გაგახსენებთ.
ინგრედიენტები:
1 ლ. ბადაგი (ანუ 1/3-ზე დადუღებული ყურძნის წვენი);
1 ს.კ. შაქარი;
200-250 გ. სიმინდის ფქვილი და 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი (ფელამუშისთვის);
200-250 გ. ხორბლის ფქვილი (თათარასთვის);
მომზადება:
500 მლ. ბადაგი დავდგათ ქურაზე გასაცხელებლად. მანამდე ნარჩენილ 500 მლ.-ში გავხსნათ ფქვილი. ჩავასხათ გაცხელებულ ბადაგში და მოვადუღოთ. როცა ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს. როცა ფელამუში (თუ თათარა) ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება,
დავაყაროთ შაქარი. ამის შემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. გადმოვიღოთ ფორმებზე ან თეფშებზე. თათარა (ფელამუში) მზად არის!
თუ ჩურჩხელას ამოვლება გვინდა, წინასწარ ასხმულ ნიგოზს (თხილს ან სხვა შიგთავსს) ცხელ თათარაში, ქვაბშივე ვავლებთ.
დასავლურ ჯანჯუხას 2 -ჯერ მაინც ჭირდება ამოვლება, რადგან ფელამუში, როგორც წესი, თათარასთან შედარებით თხელი გამოდის.
ამოვლებულ ჩურჩხელებს ჰაერზე ვაშრობთ 10-15 დღის მანძილზე, შემდეგ კი ტილოს ჩანთაში ან მარლაში გახვეულებს ვინახავთ.
მართალია, ბაზარზე, მაღაზიებში თუ ონლაინ მარკეტებშიც კი (!) ჩურჩხელას ათასგვარი არჩევანია, მაგრამ სახლში ამოვლებული სულ სხვაა. ნუ გამოიწერთ მაინც და მაინც ამაზონიდან და გააკეთეთ სახლში. არ დაიზაროთ, განსაკუთრებით ბავშვები თუ გყავთ ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, ჩურჩხელა ხომ მხოლოდ ტკბილეული არაა, ის ჩვენი ტრადიციების, ცივილიზაციის, სულის ნაწილია...
ხო, კიდევ, თუ მაინცდამაინც გინდათ, ასეთიც შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ მე მაინც არ გირჩევდით...