ტკბილეული უგემრიელესი კრემ-ბრულე ანუ რატომ დაწვა ნაღები კონდიტერმა - დეტალური რეცეპტი და ისტორია 2015, 12 იანვარი, 12:41 იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა უფლისწული, ორლეანელი ფილიპე, საფრანგეთის მომავალი მეფე. პატარას ძალიან უყვარდა ნაღების დესერტი, რომელიც, როგორც წესი, სუფრასთან გაციებული მიჰქონდათ. ერთხელაც, მეფის მზარეულს აზრად მოუვიდა, შეეთბო ცივი დესერტი, რათა პატარა უფლისწულს ანგინა არ დამართვოდა... და ასე დაიბადა კრემ-ბრულე (ფრ. Crème Brûlée: დამწვარი ნაღები), უგემრიელესი დესერტი, რომლის გარეშეც დღეს ფრანგული სამზარეულო წარმოუდგენელია. დღეისთვის კრემ-ბრულეს უამრავი ვარიანტი არსებობს: ხილის, დარიჩინის, ყავის, შოკოლადის და ა.შ. ქვემოთ გთავაზობთ კლასიკური, ვანილის კრემ ბრულეს მარტივ რეცეპტს. ინგრედიენტები: ნაღები (30%) - 500 მლ.; კვერცხის გული - 8 ცალი; შაქარი - 100 გ. ყავისფერი შაქარი - 2 ს.კ. ვანილი ჩავასხათ ქვაბში ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. სანამ ადუღდება გადმოვდგათ და ცოტა გავაგრილოთ. ცალკე ჭურჭელში ავურიოთ კარგად ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ კი დავამატოთ შაქარი. ავურიოთ (მაგრამ არ გავთქვიფოთ). კვერცხისა და შაქრის ნარევს დავამატოთ ნაღები და ვანილი. მიღებული მასა გავანაწილოთ 150-200 მლ.-იან კერამიკის (ან ცეცხლგამძლე შუშის) თასებში. თასები ჩავდგათ კერამიკის (ან ცეცხლგამძლე შუშის) ჯამში. ჩავასხათ ჯამში მდუღარე წყალი იმგვარად, რომ თასებს ნახევარ სიმაღლეზე წვდებოდეს. შევდგათ თასებიანი ჯამი ღუმელში 150 გრადუსზე, 50-60 წუთით. მომზადებული კრემ ბრულე გამოვიღოთ და ბოლომდე გავაცივოთ. გაციებულ კრემ ბრულეს მოვაყაროთ ყავისფერი ან თეთრი შაქარი. შევდგათ თასები ღუმელში, მაქსიმალურ სიმხურვალეზე (მინიმუმ 200 გრადუსი) ჩართული ზედა გრილის ქვეშ, 2-3 წუთით, რათა მოხდეს შაქრის კარამელიზება. კარამელიზება შეიძლება ასევე სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით პირდაპირ თასებზე. დესერტი გავაგრილოთ მაცივარში 2-3 საათით. უგემრიელესი კრემ ბრულე მზადაა! 666 5-ს მოსწონს
|