კომპიუტერები და პროგრამები ფენის ნიღაბი. ფენები. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 25 სექტემბერი, 21:12 ფენის ნიღბის არსი ფენის ნიღაბია არის ფენის ან მისი ცალკეული ოლქის დამალვის ან გამოჩენის საშუალება. ნიღაბები გამოიყენება გამოსახულების რეტუშის და ფერისა და ექსპოზიციის რედაქტირებისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიღბების როლი ფოტომონტაჟის დროს. ნიღაბი შექმნის მომენტში შეიძლება იყოს თეთრი ან შავი. თეთრი ნიღაბი აჩენს ფენის გამოსახულებას, შავი – მალავს (ნახ 1). გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას ნიღბის შექმნა ფენაზე ნიღბის დადების ორი ხერხი არსებობს: I. Layers პალიტრაში უნდა გავააქტიუროთ ის ფენა, რომელზეც ნიღბის დადებას ვაპირებთ და დავაწკაპუნოთ პალიტრის ქვედა ნაწილში მდებარე ნიღბის დამატების – Add layer mask ღილაკზე (ნახ. 2). შეოქმნება თეთრი ფერის ნიღაბი. შავი ფერის ნიღბის შესაქმნელად, ნიღბის დამატების ღილაკზე, კლავიატურის Alt ღილაკის თანხლებით უნდა დავაწკაპუნოთ. II. ფენის გააქტიურების შემდეგ, გამოვიყენოთ Layer მენიუს ბრძანება: Layer Mask > Reveal All, იმ შემთხვევაში თუ თეთრი ნიღბის დამატება არის საჭირო ან Layer Mask > Hide All ბრძანება, შავი ნიღბის დასამატებლად. უკვე შექმნილი ნიღბის ინვერტირება (ფერის შეცვლა) შესაძლებელია ბრძანებით: მენიუ Image > Adjustments > Invert ან კლავიატურის Ctrl+I ღილაკების კომბინაციით. ფენის ნიღაბზე მუშაობა ფენის ნიღაბზე მუშაობისას გამოიყენება თეთრი და შავი ფერის ფუნჯები. სწრაფი გადასვლა ფერებს შორის შესაძლებელია კლავიატურის X ღილაკზე დაჭერით. შავი ფერი მალავს ფენის პიქსელებს, თეთრი – აჩენს (ნახ. 3). ფენის ნიღაბზე შავი ფერის ფუნჯით მუშაობის პროცესი, ძალიან ჰგავს ხელსაწყო საშლელის (Eraser Tool) მუშაობის პროცესს. განსხვავება ის არის, რომ საშლელი პიქსელებს შლის, ხოლო ნიღაბზე მუშაობისას, ფენა უცვლელი რჩება და ნებისმიერ დროს შეიძლება დამალული პიქსელების გამოჩენა თეთრი ფერის ფუნჯის გამოყენებით. ფენაზე ნაწილობრივ გამჭვირვალე პიქსელების მიღება შესაძლებელია დაბალი გამჭვირვალობის ფუნჯით. ნაწილობრივ გამჭვირვალე პიქსელები, ნიღბის მინიატურაზე, ნაცრისფერი ფერით აისახება. აქტიურ ფენაზე შეიძლება როგორც გამოსახულების, ისე ნიღბის რედაქტირება. ამიტომ, ვიდრე რედაქტირებას დავიწყებთ, საჭიროა იმის შემოწმება, თუ რომელი მინიატურა არის აქტიური. აქტიურ მინიატურას ირგვლივ შავი ფერის „აბადოკი“ აქვს. ავტომატურ რეჟიმში, ფენის ნიღაბი მიბმული არის ფენაზე და ფენის გადაადგილების შემთხვევაში, ნიღაბიც გადაადგილდება. ამ კავშირის დარღვევა შეიძლება გამოსახულებისა და ნიღბის მინიატურებს შორის მდებარე „ჯაჭვის“ პიქტოგრამაზე დაწკაპუნებით. კავშირის აღდგენა იგივე წესით არის შესაძლებელი. Shift ღილაკზე დაჭერისა და ფენის ნიღბის მინიატურაზე დაწკაპუნების შემთხვევაში, შესაძლებელია ფენის ნიღბის გაღიშვა (ნახ. 4). იგივე პირობებში, ახლიდან დაწკაპუნების შემთხვევაში, ნიღაბი ისევ აღდგება. Alt ღილაკზე დაჭერისა და ფენის ნიღაბზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ნიღაბი აისახება დოკუმენტის ფანჯარაში (ნახ. 5). იგივე პირობებში, ახლიდან დაწკაპუნების შემთხვევაში, დოკუმენტის ფანჯარაში ისევ გამოსახულება აისახება. ნიღბის გაუქმება ნიღბიანი ფენა, PSD ფორმატში, ისევე ინახება, როგორც ჩვეულებრივი ფენა, რაც მისი რედაქტირების საშუალებას იძლევა. ნიღაბზე მუშაობის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, საჭიროა მისი გაუქმება, რადგან ნიღბიანი ფენა ბევრად უფრო მეტს იწონის, ვიდრე უნიღბო და შესაბამისად, მეტ ადგილს იკავებს მყარ დისკზე (მაგ., თუ გამოსახულებაში რამოდენიმე ნიღბიანი ფენა არის, შესაძლებელია მისმა ზომამ 300 მეგაბაითს გადააჭარბოს). ფენის ნიღბის გაუქმების რამოდენიმე გზა არსებობს: I. საჭიროა ნიღბის მინიატურაზე დაწკაპუნება, მისი აქტივიზაციის მიზნით და Layers პალიტრია ქვედა ნაწილში მდებარე ურნის ღილაკზე დაჭერა. II. ნიღბის მინიატურის გააქტიურების შემდეგ, საჭიროა მისი გადათრევა Layers პალიტრის ურნის ღილაკზე. ორივე შემთხვევაში ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით ფენის ნიღბის გაუქმებასთან დაკავშირებით და სავარაუდო პასუხების შემცველი ღილაკებით: Apply – აუქმებს ნიღაბს, ნიღბის შინაარსის შენაჩუნებით (დამალული პიქსელები იშლება და მხოლოდ ხილული პიქსელები რჩება). Delete – აუქმებს ნიღაბს შინაარსიანად. Cancel – აუქმებს ნიღბის გაუქმების ბრძანებას. III. ნიღბის მინიატურის გააქტიურების შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ Layer მენიუს ბრძანება Layer Mask > Delete, თუ ნიღბის გაუქმება გვინდა შედეგების გარეშე ან Layer Mask > Apply ბრძანება, თუ ნიღბის გაუქმება გვინდა ნიღბის შინაარსის შენარჩუნებით. IV. Layers პალიტრაში, ნიღბის მინიატურის გააქტიურების შემდეგ, უნდა დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით პირდაპირ ნიღბის მინიატურაზე და გამოსული კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ Delete Layer Mask ბრძანება, ნიღბის გასაუქმებლად შედეგების გარეშე ან Apply Layer Mask ბრძანება, ნიღბის გასაუქმებლად, შინაარსის შენარჩუნებით. ნიღბების პალიტრა ნიღბებს იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქცია აკისრიათ პროგრამაში, რომ Photoshop CS 4 ვერსიაში, სპეციალური Masks პალიტრა გაჩნდა მათ სამართავად (ნახ. 6). პალიტრის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ნიღბის მინიატურა. Density პარამეტრის ბერკეტის მეშვეობით შესაძლებელია ნიღბის სისქის ანუ გამჭვირვალობის განსაზღვრა. Feather პარამეტრით დგინდება ნიღბის კონტურის სირბილე ანუ გადარეცხვის დონე. დაზუსტების Refine ველში მოცემულია სამი ღილაკი: Invert ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ხდება ნიღბის ინვერტირება, ხოლო დანარჩენი ორი ღილაკი გამოყოფის ოპერაციებს უკავშირდება და სახელმძღვანელოს შესაბამის თავში იქნება განხილული. პალიტრის ქვედა ნაწილში მოცემულია ოთხი პიქტოგრამიანი ღილაკი: 1) თვალის პიქტოგრამიანი ღილაკი თიშავს და აღადგენს ნიღაბს. 2) ღილაკი რომბში ჩახაზული მოხრილი ისრით, აუქმებს ნიღაბს შინაარსის შენარჩუნებით. 3) ურნის პღილაკზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ხდება ნიღბის გაუქმება შინაარსის შენარჩუნების გარეშე. 4) ღილაკი წერტილებიანი წრით, ნიღბის საფუძველზე ქმნის გამოყოფის ოლქს. ფოტომონტაჟი ნიღბების პალიტრის გამოყენებით თუ ერთ გამოსახულებაზე გვინდა მეორე გამოსახულების დამონტაჟება: I. უნდა შევუთავსოთ დასანონტაჟებელი ფენები ერთმანეთს. II. დავადოთ ზედა ფენას ნიღაბი, შავი ან თეთრი. ნიღბის ფერს ვარჩეთ გამოსაჩენი და დასამალი ფართის მიხედვით. თუ გამოსაჩენი უფრო ნაკლებია ვიდრე დასამალი, ვირჩევთ შავი ფერის ნიღაბს და ფენის გამოსახულება სრულიად რომ არ გაქრეს დოკუმენტის ფანჯრიდან, ვამცირებთ ნიღბის გამჭვირვალობას Masks პალიტრაში. III. ავირჩიოთ 100% სიმაგრის და გამჭვირვალობის თეთრი ფუნჯი, აღვადგინოთ საჭირო ოლქი ფენაზე და გავზარდოთ ნიღბის გამჭვირვალობა 100% – მდე. IV. Masks პალიტრაში, Feather პარამეტრის დარეგულირებით, შევარბილოთ ნიღაბის კონტური, რომ დამონტაჟებული გამოსახულება უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ფენებს შორის გლუვი გადასვლის შექმნა ფენებს შორის გლუვი გადასვლის შესაქმნელად: I. ფენები უნდა შევათავსოთ დოკუმენტში და ზედა ფენაზე დავამატოთ ნიღაბი (ნიღბის ფერს მნიშვნელობა არა აქვს). II. გავააქტიუროთ Gradient ხელსაწყო, გარადენტების ნაკრებიდან ავირჩიოთ შავ-თეთრი გრადიენტი, ავირჩიოთ გრადიენტის ტიპი (მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია Reflected (სარკისებური) ტიპის გრადიენტი) და ნიღბის აქტიურობის პირობებში, გავავლოთ გრადიენტის ხაზი გამოსახულებაზე. 71 2-ს მოსწონს
|