მეგობრებო დღეიდან გადავწყვიტე გავიხსენო ყოველი დღე რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 2011 წლის მაისის ბოლოდან წელიწადნახევრის განმავლობაში. არ ვიცი ვინმეს თუ აინტერესებს ეს მაგრამ, მე ვატყობ მჭირდება. მჭირდება იმისთვის რომ დავიცალო, და გამოვიდე ამ საშინელი დღეების ტყვეობიდან. საზოგადოებამ კი რეალურად გაიგოს რა ხდებოდა გლდანის მერვე დაწესებულებაში.
26 მაისია, ქვეყანაში ვნებათა ღელვაა, დარბეული მიტინგის და დახოცილი ადამიანების მკერდზე პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმი მიიღო. სახლში ვარ ტელეფონი რეკავს, კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს რომ ან იარაღი უნდა ჩამიდონ და ან წამალი. "ერეკლე, მე შენთვის კარგი მინდა" ამ ტექსტით იწყებს უცნობი საუბარს. უკვე რამდენიმე დღეა, ყოველ მეორე დღეს მირეკავს ვიღაც და მაფრთხილებს. ვიფიქრე ბრიფინგს დავნიშნავ მეთქი, თუმცა მერე გადავიფიქრე. მიზეზი ასეთია. იქნებ ვინც მირეკავს მართლა სუფთა გულით მაფრთხილებს და რომ გავახმაურო პრობლემები არ შევუქმნა მეთქი. ამიტომ არც პარტიის რეგიონალური ორგანიზაცისს ტავმჯდომარისთვის მითქვამს არაფერი. ხო მართლა არ მითქვამს რომ მე ამ დროს, მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" - ს თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. უკვე დაღამდა ეს ღამე ამ თემაზე ფიქრში გავატარე. არ შემშინებია მუქარაც და ტკბილი დაპირებებიც არაერთხელ ყოფილა მავანტა მხრიდან, ეს პირველი არაა და ალბათ არც უკანასკნელი ვფიქრობდი მაშინ.
შუაღამისას როგორც იქნა ჩამეძინა.