x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩასასხმელი ხელსაწყოები: Paint Bucket Tool და Gradient Tool. ხატვის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

ფოტოშოპში, Color Replacement ხელსაწყოს გარდა (იხ. ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო), ფერის ჩასანაცვლებელი, კიდევ ერთი ხელსაწყო არის, რომელიც ერთი დაწკაპუნებით ცვლის ფერს გამოსახულებაზე.

Paint Bucket (ვედრო) ხელსაწყო, ხელსაწყოების პანელზა, გაერთიანებულია ჯგუფში გრადიენტის ხელსაწყოსთან ერთად და გამოიყენება ძირითადი ფერით ან ტექსტურით, გამოსახულების წინასწარ განსაზღვრული ფერის ოლქების შესაცვლელად.

ხელსაწყოს ორი ტიპის ჩასხმა შეუძლია განახორციელოს:

I. Foreground – ძირითადი ფერის ჩასხმა; ხელსაწყოსთვის ფერის არჩევის რამოდენიმე ხერხი არსებობს, რომლებიც უკვე იყო განხილული (იხ. ფერის არჩევა ფოტოშოპში: Color Picker, Swatches და Color პალიტრები და Eyedropper და Color Sampler ხელსაწყოები). გარდა ამისა, ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში, Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ის დროებით „პიპეტკად“ გადაიქცევა და ფერის ნიმუშის აღება, გამოსახულებიდან ხდება შესაძლებელი.

II. Pattern – უზორის ჩასხმა; ჩასხმის ვარიანტის არჩევა შესაძლებელია ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, ხელსაწყოს პიქტოგრამის მარჯვნივ მოთავსებულ Fill (იხ. ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) ჩამოსაშლელ მენიუში (ნახ. 1).

ჩასასხმელი ხელსაწყოები

Foreground პუნქტის არჩევის შემთხვევაში, გამოსახულებაზე დაწკაპუნებისას, ფერის ჩასხმა ხდება წინა ფონის ანუ ძირითადი ფერით, ხოლო Pattern პუნქტის არჩევის შემშხვევაში – უზორით.

Mode ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ფერის ჩასხმის რეჟიმის არჩევა.

Opacity პარამეტრი განსაზღვრავს ჩასხმული ფერის გამჭვირვალობის ხარისხს.

Tolerance ველში ხდება გამოსახულების შესაცვლელ ფერთან ახლოს მდგარი ფერების რიცხვის განსაზღვრა 0-დან - 255- მდე დიაპაზონში. ავტომატურ რეჟიმში 32 არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსახულებაზე კურსორის დაწკაპუნებისას, იმ პიქსელის ფერთან ერთად, რომელზეც დაწკაპუნება მოხდება, პიქსელის ფერთან ახლოს მდგარ, კიდევ 32 ფერს შეეცვლება ფერი. რაც უფრო დაბალია ამ პარამეტრის მაჩვენებელი, მით უფრო პატარაა ფერის ჩანაცვლების ოლქი გამოსახულებაზე (ნახ. 2).

ჩასასხმელი ხელსაწყოები

Anti-alias გადამრთველი არბილებს გადასვლის საზღვრებს ჩასხმულ და გამოსახულებსზე უცვლელად დარჩენილ ფერებს შორის.

როდესაც აქტიურია Contiguous გადამრთველი, ფერის ჩასხმა კურსორის ირგვლივ არსებულ უწყვეტ ოლქში ხდება ფერის დადგენილი დიაპაზონის გათვალისწინებით, ხოლო თუ აქტიური არ არის, ფერის ჩანაცვლება მოხდება ყველგან, გამოსახულების ფარგლებში, ფერის დადგენილ დიაპაზონში (ნახ. 3).

ჩასასხმელი ხელსაწყოები

თუ გამოსახულება ერთზე მეტი ფენისაგან შედგება, All Layers გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ფერის ჩასხმა მოხდება ყველა ფენაზე, ფერის მითითებული დიაპაზონის ფარგლებში.

ხელასწყოს პარამეტრების პანელზე, Fill ჩამოსაშლელ მენიუში, Pattern პუნქტის არჩევის შემთხვევაში, აქტიური ხდება Pattern ველი. ველზე ან მის გვერდით მდებარე პატარა შავ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის პროგრამაში ინსტალირებული უზორების ნაკრები (ნახ. 4).

ჩასასხმელი ხელსაწყოები

ნაკრებიდან რომელიმე ნიმუშის არჩევის შემდეგ, უნდა დავაწკაპუნოთ გამოსახულებაზე და გამოსახულების ფერს უზორი ჩაანაცვლებს.

უზორების პანელის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარეობს პატარა შავი ღილაკი. მასზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ნაკრების მართვის მენიუ, რომელიც ფუნჯთა ნაკრების მენიუს ანალოგიურია. აღნიშნული მენიუ, ხელსაწყო ფუნჯის დახასიათების დროს იყო დეტალურად განხილული (იხ. ხელსაწყო ფუნჯი).

პროგრამაში ინსტალირებული უზორების გარდა, ფოტოშოპის პროგრამა იძლევა საკუთარი უზორის შექმნისა და გამოყენების საშუალებას.

საკუთარი უზორის შექმნისას, საჭიროა გამოსახულების ზომის გათვალისწინება. უზორი არის ერთმანეთზე გადაბმული, ერთნაირი ფრაგმენტების ერთობლიობა. მისი შექმნისას, ჩვენ ვქმნით ერთ ფრაგმენტს და თუ ამ ფრაგმენტის ზომა დიდი იქნება, გამოსახულებაზე ჩასხმის შემთხვევაში, მისი მხოლოდ ნაწილი გამოჩნდება, ხოლო თუ ძალიან პატარა იქნება, უზორის სახე არ გამოჩნდება.

ფრაგმენტის ზომის დადგენისა და ნიმუშის მომზადების შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ ბრძანება: მენიუ Edit / Define Pattern > ეკრანზე გამოვა Pattern Name სადიალოგო ფანჯარა > Name ველში უნდა ჩავწეროთ უზორის სახელი, ან დავტოვოთ ის, რასაც პროგრამა შემოგვთავაზებს და დავაჭიროთ OK ღილაკს. ახალი უზორი დაიკავებს ბოლო ადგილს, ზემოთ ხსენებულ, უზორების ნაკრებში.

*************************************************************************************************************************************

Gradient Tool (ხელსაწყო გრადიენტი) გამოიყენება ორ ან მეტ ფერს შორის გრადიენტული (თანდათანობითი) გადასვლების შესაქმნელად. ხელსაწყოების პანელზე ის გაერთიანებულია Paint Bucket ხელსაწყოსთან ერთად. ხელსაწყოს აქტივაციასთან ერთად, ეკრანზე გამოდის ხელსაწყოს პარამეტრების პანელი, რომელზეც შესაძლებელია გრადიენტის სტილის არჩევა და ფერების დარეგულირება (ნახ. 1).

ჩასასხმელი ხელსაწყოებიპანელზე, ხელსაწყოს პიქტოგრამის გვერდით, მოთავსებულია გრადიენტის ნიმუშის ველი. ველის მარჯვნივ მდებარე პატარა შავ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტების ნაკრების პანელი, რომელზეც მოთავსებულია პროგრამაში ინსტალირებული გრადიენტების ნაკრები (ნახ. 2).

ჩასასხმელი ხელსაწყოებიგრადიენტის ჩასხმა გამოსახულებაზე შექმნილ გამოყოფის ოლქში ხდება (გამოყოფის ხელსაწყოები და გამოყოფის ოლის შექმნის წესები, მოგვიანებით იქნება განხილული). იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის ოლქი შექმნილი არ არის, გრადიენტი შეიქმნება გამოსახულების ფარგლებში და გამოსახულების გრადიენტით ჩანაცვლება მოხდება.

გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, უნდა გავააქტიუროთ გრადიენტის ხელსაწყო. პარამეტრების პანელზე, გრადიენტების ნაკრებიდან ავირჩიოთ გრადიენტის ნიმუში და გავატაროთ ხაზი გარკვეული მიმართულებით გამოყოფის ოლქის ფარგლებში. ხაზის გატარებისას, Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხაზი ზუსტად ჰორისონტალური ან ვერტილალური მიმართულებით გაივლის, აღებული მიმართულების შესაბამისად. Shift ღილაკის გარეშე, ხაზის გავლება ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი დახრის კუთხით არის შესაძლებელი. ხაზის საწყისი წერტილით იწყება გრადიენტის ნიმუშის პირველი ფერი, ხოლო ხაზის ბოლო წერტილით მთავრდება ნიმუშის ბოლო ფერი (ნახ. 3).

ჩასასხმელი ხელსაწყოებიპარამეტრების პანელზე, გრადიენტის ნიმუშის ველის გვერდით, მოთავსებულია პიქტოგრამიანი ღილაკები, რომლებიც განსაზღვრავენ გრადიენტის ტიპს. გრადიენტი შეიძლება იყოს: ხაზოვანი, რადიალური, კონუსური, სარკისებური და რომბისებური (ნახ. 4).

ჩასასხმელი ხელსაწყოები(სურათზე, I შემთხვევაში გრადიენტის ხაზი გატარებულია ზედა მარცხენა კუთხიდან ქვედა მარჯვენა კუთხის მიმართულებით, დანარჩენ შემთხვევებში, ცენტრიდან გვერდის ან კუთხის მიმართულებით).

I. Linear Gradient (ხაზოვანი გრადიენტი) – ფერების გადასვლა ხორციელდება ხაზის გავლების მიმართულებით.

II. Radial Gradient (რადიალური გრადიენტი ) – ფერები იცვლება თანდათანობით ყველა მიმართულებით, ხაზის პირველი წერტილიდან ბოლო წერტილისკე.

III. Angle Gradient (კონუსური გრადიენტი) – ფერები იცვლება გავლებული ხაზიდან საათის ისრის მიმართულებით.

IV. Reflected Gradient (სარკისებური გრადიენტი) – მიიღება ორმაგი გრადიენტი: ერთი ხაზის მიმართულებით, მეორე – გრადიენტის ანარეკლი, ხაზის საწინააღმდეგო მიმართულებით.

V. Diamond Gradient (რომბისებური გრადიენტი) – გრადიენტის ფერებით იქმნება რომბისებური ზოლები.

პარამეტრების პანელზე, Mode ჩამოსაშლელ მენიუში შეგვიძლია ავირჩიოთ გრადიენტის გამოსახულებაზე დადების რეჟიმი, ხოლო Opacity ველში – გამჭვირვალობის ხარისხი.

Reverse გადამრთველი აბრუნებს ფერების თანამიმდევრობას გრადიენტში ( I ფერი ხდება ბოლო, ხოლო ბოლი – I).

Dither გადამრთველი იმ ფერების იმიტაციას აკეთებს, რომლებიც შესაძლებელია, ბეჭვდვის დროს, არ მოიპოვებოდეს ფერთა პალიტრაში და უზრუნველყოფს გლუვ გადასვლებს ფერებს შორის.

გრადიენტი შეიძლება იყოს გაუმჭვირვალე ან ნაწილობრივ გამჭვირვალე, ფერის გარკვეულ ნაწილებში გამჭვირვალობის შემცირებული ხარისხით. Transparency გადამრთველი უზრუნველყოფს გრადიენტის გამჭვირვალობის დაცვას. გადამრთველის გათიშვის შემთხვევაში, გრადიენტის გამჭვირვალობა მხედველობაში არ მიიღება.

ხელსაწყოს პანელზე წარმოდგენილი გრადიენტების ნაკრები, ფერების მიხედვით, დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ პროგრამა იძლევა გრადიენტის რედაქტირებისა და ახალი გრადიენტის შექმნის საშუალებას.

პანელზე გრადიენტის ნიმუშის ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტის რედაქტირების ფანჯარა – Gradient Editor (ნახ. 5).

ჩასასხმელი ხელსაწყოები სადიალოგო ფანჯრის Preset განყოფილებაში მოცემულია გრადიენტების ნაკრები. იმისათვის რომ შევქმნათ ახალი გრადიენტი ან მოვახდინოთ გრადიენტის რედაქტირება, მოცემული ნაკრებიდან უნდა ავირჩიოთ გრადიენტის ნიმუში. შერჩეული გრადიენტი დაფიქსირდება, ფანჯრის II ნაწილში მდებარე, გრადიენტის დათვალიერების მარკერებიან ზოლზე. ზოლის ქვემოთ მდებარე მარკერები განსაზღვრავენ გრადიენტის ფერს, ხოლო ზემოთ მდებარე მარკერები – გამჭვირვალობას.

ზოლის ქვედა მარკერზე ერთხელ დაწკაპუნების შემთხვევაში, აქტიური ხდება Stops (მარკერები) განყოფილებაში მდებარე Color და Location ველები. Color ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შეგვიძლია ნებისმიერი ფერის არჩევა გრადიენტის აქტიური მარკერისთვის. იგივე პალიტრა გამოდის მარკერზე ორჯერ დაწკაპუნების შემთხვევაში. მარკერზე ფერის ნიმუშის დაფიქსირება ხდება პიპეტკის საშუალებით, რომლის ფორმასაც კურსორი იღებს გამოსახულების, ეკრანზე გამოსულ ფერთა პალიტრის, გრადიენტის დათვალიერების ზოლის და ხელსაწყოების პანელის ფერთა ბლოკის თავზე.

გრადიენტის რედაქტირებისას, მისი ფერების რაოდენობა არ იზღუდება ნაკრებიდან არჩეული გრადიენტის ფერების რაოდენობით. ფერების რიცხვის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია დათვალიერების ზოლზე მარკერების რაოდენობის შეცვლით. მარკერების დამატება შესაძლებელია გრადიენტის ზოლის ქვედა ნაწლზე კურსორის დაწკაპუნებით, ხოლო უკვე არსებული მარკერების გაუქმება – მისი გააქტიურებით და Delete ღილაკზე დაჭერით.

ფერის რედაქტირების გარდა, მარკერების გადაადგილებით, შესაძლებელია ფერის დიაპაზონის შეცვლა გრადიენტში.

მარკერების გარდა, გრადიენტის ზოლზე, მარკერებს შორის მდებარეობს შუა წერტილები პატარა რომბების სახით. რომბებით აღნიშნულია ორი ფერის თანაბარი რაოდენობით შერევის ადგილი გრადიენტზე. რომბები მხოლოდ მაშინ ჩნდება გრადიენტის ზოლზე, როდესაც აქტიურია მის მეზობლად მდებარე მარკერი. რომბების გადაადგილება ისევე შეიძლება, როგორც მარკერების. ორივე პარამეტრის მდებარეობის რიცხვითი მაჩვენებელი ფიქსირდება Location ველში. შესაძლებელია მარკერების და რომბების მდებარეობის ციფრული მონაცემების პირდაპირ ველში ჩაწერა. გრადიენტის მთელი სიგრძე ფასდება 100% -ად. 0% – გრადიენტის საწყისი წერტილია, 100% – ბოლო.

ანალოგიური მეთოდით ხდება, გრადიენტის დათვალიერების ზოლის ზემოთ მდებარე, გრადიენტის გამჭვირვალობის მარკერების რედაქტირება.

გრადიენტის ფერებს შორის გადასვლის სიგლუვის ხარისხს განსაზღვრავს Smoothness ველი: პარამეტრის დიაპაზონი 0-დან – 100% -მდეა.

გრადიენტის რედაქტირების შემდეგ, თუ დავაჭერთ OK ღილაკს, ჩვენს მიერ შექმნილი გრადიენტი იქნება ერთჯერადი გამოყენებისთვის, მაგრამ თუ Name ველში ჩავწერთ სახელს ახალი გრადიენტისთვის და დავაჭერთ New ღილაკს, ახალი გრადიენტის ნიმუში დაფიქსირდება გრადიენტების ნაკრების ბოლოს, გრადიენტების სხვა ნიმუშებთან ერთად.

სადიალოგო ფანჯრის Save ღილაკზე დაჭერით, შეგვიძლია შევინახოთ ჩვენს მიერ შექმნილი გრადიენტი მყარ დისკზე, ხოლო Load ღილაკზე დაჭერით, შესაძლებელია გრადიენტების არსებული ნაკრებზე, დისკზე შენახული გრადიენტების დამატება.

გრადიენტების შენახვა და პროგრამაში ახალი გრადიენტების ინსტალაცია, ასევე შესაძლებელია გრადიენტების მენიუს საშუალებით, რომელიც ეკრანზე გამოდის, ნაკრების პანელის, ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე, შავ ღილაკზე დაჭერით (ნახ. 6).

ჩასასხმელი ხელსაწყოებიაღნიშნული მენიუს პუნქტები, უკვე იყო განხილული Gradient Map (გრადიენტული სქემა) ხელსაწყოს შესწავლის დროს.

Gradient Editor სადიალოგო ფანჯარაში ორი ტიპის გრადიენტის რედაქტირება არის შესაძლებელი. გრადიენტის ტიპის არჩევა ხდება სადიალოგო ფანჯრის Gradient Type ველის ჩამოსაშლელი მენიუდან: Solid ტიპის გრადიენტი ქმნის გადასვლებს შეზღუდული რაოდენობის ფერებს შორის, ხოლო Noise ტიპის გრადიენტი, შემთხვევით შერჩეული რაოდენობის ფერებს შორის. ჩამოსაშლელი მენიუდან ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში, მთლიანად იცვლება სადიალოგო ფანჯრის მეორე ნაწილის სახე (ნახ. 7).

ჩასასხმელი ხელსაწყოებიმოცემულ შემთხვევაში, გრადიენტის დათვალიერების ზოლზე მარკერები არ არის და ფერების რაოდენობას და კომბინაციას პროგრამა თვითონ არჩევს, რომლის შეცვლა შესაძლებელია Randomize ღილაკზე დაჭერით.

სადიალოგო ფანჯრის Color Model განყოფილებაში შესაძლებელია უკვე შერჩეული გრადიენტის ფერების დარეგულირება RGB, HSB ან Lab მოდელებში.

Restrict Colors გადამრთველი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ფერების შემდაგენლობაზე, ხოლო Add Transparency გადამრთველი, შემთხვევითი შერჩევის გზით, ქმნის გამჭვირვალე უბნებს გრადიენტზე.

Roughness ველი განსაზღვრავს ფერებს შორის გადასვლების სიმკვეთრის დონეს 0-დან 100%-მდე დიაპაზონში.

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0