x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფერის შერჩევითი კორექცია: Variations და Selective Color. მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყო Variations (ვარიანტები), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების ფერისა და ტონის კორექციისთვის იმ შემთხვევაში, თუ ფერი დაბალანსებულია და რადიკალურ კორექციას არ საჭიროებს.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

Variations

ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ორი გამოსახულება: საწყისი – Original და შედეგი – Current Pick. კორექციის დაწყების წინ, ორივე გამოსახულება ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთნაირი არ არის, უნდა დავაწკაპუნოთ Original გამოსახულებაზე.

სადიალოგო ფანჯრის უდიდესი ნაწილი უკავია ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია გამოსახულების მიმდინარე ფერი, ხოლო მის ირგვლივ განლაგებულია გამოსახულებები სხვადასხვა ფერის დანამატებით. ეს არის ძირითადი ფერები ფერთა წრიდან და რომელიმე ფერის გამოსახულებაზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ცენტრში მდებარე გამოსახულებას ემატება არჩეული ფერის ტონი. ხელსაწყოს საფუძვლად უდევს დაპირისპირებული ფერების თეორია და ერთი ფერის გაძლიერებით, კლებულობს ამ ფერის დაპირისპირებული ფერის რაოდენობა.
კორექციის ჩატარება შეიძლება ღია (Highlights), მუქ (Shadows) და საშუალო (Midtones) ტონებზე, ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ, შესაბამისი გადამრთველის ჩართვის შემდეგ. ცალკე გადამრთველია ფერების გაჯერებულობის (Saturation) დასარეგულირებლად, რომლის გააქტიურების შემდეგ, ფანჯარა სახეს იცვლის და ასარჩევად მხოლოდ ორი ვარიანტია: More Saturation – გაჯერებულობის მოსამატებლად და Lass Saturation – გაჯერებულობის დასაკლებად.
სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია სიმკვეთრის დასარეგულირებელი ველი ორი საკორექციო ნიმუშით: Lighter – გაღიავება და Darker – დამუქება, ხოლო მათ შორის მდებარე გამოსახულებაზე აისახება კორექციის შედეგები.
კორექციის მოქმედების ხარისხს განსაზღვრავს, ზემოთ ხსენებული გადამრთველების ქვემოთ მოთავსებული, ბერკეტი, რომელიც მოძრაობს Fine (სუსტი ზემოქმედება) და Coars (ძლიერი ზემოქმედება) უკიდურეს წერტილებს შორის. რაც უფრო მარცხნივ მდებარეობს ბერკეტი, მით ნაკლებია მოქმედების ხარისხი.
თუ ჩართულია Show Clipping (დანაკარგების ჩვენება) გადამრთველი, ნეონის ფერით აისახება ის ოლქები, რომლებშიც ფერის ზედმეტად გაჯერებულობის გამო, დაიკარგება ინფორმაცია. დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ზემოთ ხსენებული ბერკეტი საშუალოზე დაბალ დონეზე უნდა იდგეს და თუ ნეონის ფერი მაინც გამოჩნდა, საჭიროა ნეონის ოლქებიანი გამოსახულების პირდაპირ მდებარე გამოსახულებაზე დაწკაპუნება.

**********************************************************************************************************************************

პოლიგრაფიული ბეჭვდვის დროს, ნებისმიერი ფერი ოთხი საღებავის სხვადასხვა რაოდენობით შერევის გზით მიიღებ. მაგ., მწვანე ფერის მისაღებად, საჭიროა თითქმის თანაბარი რაოდენობის ცისფერი და ყვითელი საღებავების შერევა (ნახ. „საღებავების % წილები ფერებში“). თუ ამ საღებავების პროცენტული წილები დაირღვა, მწვანე ფერისგან განსხვავებული ფერი მიიღება. ე. ი. ფერის შესაცვლელად, საჭიროა ცვლილების შეტანა იმ საღებავების რაოდენობაში, რომელთა შერევითაც აღნიშნული ფერი მიიღება. ერთი კონკრეტული ფერის საღებავის პროცენტულ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა, არანაირ გავლენას არ ახდენს სხვა ფერის საღებავების ხვედრით წილებზე.

Selective Color

ანალოგიური პრინციპით მუშაობს ხელსაწყო Selective Color (ფერის შერჩევითი კორექცია), მენიუდან Image/Adjustments, რომლის სადიალოგო ფანჯრის Colors ველის ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ყველა ძირითადი ფერი (ნახ. „ Selective Color ხელსაწყოს“): Reds (წითელი), Yellows (ყვითელი), Greens (მწვანე), Cyans (ცისფერი), Blues (ლურჯი), Magentes (მეწამური), Whites (თეთრი), Neutrals (ნაცრისფერი) და Blacks (შავი). ამ მენიუდან რომელიმე ფერის ამორჩევის შემდეგ, შესაძლებელია გამოსახულებაზე აღნიშნული ფერის დიაპაზონის კორექცია, ველის ქვემოთ მოცემული ბერკეტიანი ველების საშუალებით.

Selective Color

ისე როგორც პოლიგრაფიაში, აქაც, არჩეული დიაპაზონის საკორექციოდ ოთხი ძირითადი (ცისფერი, მეწამური, ყვითელი და შავი) „საღებავი“ არის მოცემული. ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -100%-დან +100%-მდეა. ამ ხელსაწყოს, Color Balance ხელსაწყოს მსგავსად, საფუძვლად უდევს დაპირისპირებული ფერების თეორია. თავდეპირველად ყველა ბერკეტი ნულოვან ნიშნულებზე დგას. მარჯვნივ გადაწევუის შემთხვევაში, ე. ი. დადებითი მაჩვენებლების დროს, იზრდება მოცემული საღებავის ხვედრითი წილი ფერში, ხოლო ბერკეტის მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში, უარყოფითი მაჩვენებლების დროს, მცირდება ამ საღებავის რაოდენობა ფერის დიაპაზონში და იზრდება მოცემული ველის ფერის დაპირისპირებული ფერის რაოდენობა (ნახ. „საღებავების ხვედრითი წილების ცვლილება“).

Selective Color

შავი ფერის ბერკეტიანი ველი გამოიყენება კონტრასტის დასაბალანსებლად არჩეული ფერის დიაპაზონში.
თუ ბერკეტის გადაადგილების დროს, გამოსახულებაზე არანაირი ცვლილება არ შეინიშნება, ე. ი. ბერკეტის ფერის ველი არ შედის Colors მენიუში არჩეული ფერის დიაპაზონში.
სადიალოგო ფანჯარის Method ველში შესაძლებელია კორექციის ხერხის ანუ მეთოდის არჩევა. ხელსაწუო მუშაობს ორ რეჟიმში (ნახ. „გამოსახულების კორექცია Selective Color ხელსაწყოს გამოყენებით):

Selective Color

I. შეფარდებითი – Relative რეჟიმში კორექციის დროს (2), ცვლილების დონე წარმოადგენს, შეტანილი ცვლილების პროცენტულ წილს, საღებავის საწყისი პროცენტული შემადგენლობიდან CMYK მოდელში. მაგ., თუ საღებავის საწყისი პროცენტული შემადგენლობა ფერში არის 70% და მის რაოდენობას შევამცირებთ (გავზრდით) 10% -ით, საღებავის პროცენტული შემადგენლობა შეიცვლება 7%-ით (70% -ის 10% არის 7%).
II. აბსოლუტური – Absolute რეჟიმში კორექციის დროს (1), საღებავების საწყის პროცენტულ შემადგენლობას CMYK მოდელში, პირდაპირ ემატება ან აკლდება ცვლილების პროცენტი (მაგ., 70%+ 10% ან 70%-10%).
Relative და Absolute რეჟიმებში კორექციის შედეგები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთნაირი პარამეტრების პირობებში, აბსოლუტურ რეჟიმში კორექციის შედეგი (1) უფრო ძლიერია, ვიდრე შეფარდებით რეჟიმში კორექციის შედეგი (2).

0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0