საზოგადოება "ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია." ახალგაზრდები, რომლებიც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 2015, 9 ივლისი, 18:16 კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას შეეწირა ოთხი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. გავრცელებული ინფორმაციით ავარია სოფელ გლდანში 7 ივლისს მოხდა. შეღამებისას, როდესაც ბიჭები უკან ბრუნდებოდნენ მეგობრის იუბილედან მანქანით ავარია შეემთხვათ. თურმე მანქანაში შვიდი ახალგაზრდა იჯდა, აქედან ოთხი გარდაიცვალა, დანარჩენი სამი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილები 21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 21 წლის შოთა ანჯაფარიძე და 22 წლის კოკა ჯობავა არიან. როგორც ირკვევა კოკა ჯობავას დაბადების დღე ყოფილა, რომელიც მამკოდის ტყეში აუღნიშნავთ, ბუნებაში. გარდაცვლილები ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და ამ ტრაგედიამ, არა მარტო მათი ოჯახის წევრები, არამედ მთელი მათი უბანი დაამწუხრა. მათ მთელი საქართველო ტირის. „კვირის პალიტრა“ გარდაცვლილების ახლობელს, კახა გოგოხიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა ინტერვიუში, თუ როგორი ახლობლები იყვნენ გარდაცვლილები ერთმანეთისთვის და რამდენად კარგი და პატიოსანი ბიჭები: "ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მეგობრები კი არა, ძმები იყვნენ. ზუკა მორაგბე იყო, ძალიან ყურადღებიანი, უბანში თუ ვინმეს დაინახავდა, მძიმე ბარგი მოჰქონდა, გაიქცეოდა და უსიტყვოდ ჩამოართმევდა... ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო... კოკა ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი გახლდათ. ცრემლებს ვერ ვიკავებ, დაუჯერებელია, რომ ცოცხლები აღარ არიან. შოთა, უკეთილშობილესი ბიჭი, ეკლესიურად ცხოვრობდა. ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ცოლს სულ ეხმარებოდა, პატარას უბანში ასეირნებდა. ასეთი მოსიყვარულე ოჯახის შემყურეს, მთელ უბანს გვიხაროდა... ახლა კი ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია." ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და დაუმკვიდროს სასუფეველი. 621 3-ს მოსწონს
|