როგორც იცით, “საბურთალომ” უეფადან მიიღო დასტური, რომ 2015/2016 წლების სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშებს. “მსოფლიო სპორტმა” ამის შესახებ უკვე დაწერა, ახლა კი ზოგიერთი რამ დავაზუსტოთ.
64 გუნდი ითამაშებს და აქედან 51 უკვე ცნობილია, მათ კიდევ 13 დაემატებათ. 32 კლუბი, რომელთა ძირითადი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან, ცალკე ითამაშებენ, ხოლო 32 ჩემპიონი – ცალკე, ოღონდ არა ჯუფური სისტემით, არამედ პლეი-ოფის სახით.
ვინ იქნება “საბურთალოს’ მეტოქე პირველ რაუნდში, ეს 27 აგვისტოს ნიონში წილისყრაზე გაირკვევა. პირველი რაუნდის მატჩები 30 სექტემბერსა და 21 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი – 4 და 25 ნოემბერს.
14 დეკემბერს უკვე საერთო წილისყრა გაიმართება. ამ დროს უკვე გარკვეულნი იქნებიან ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდები, მათ კი პლეი-ოფიდან გასულებიც შეუერთდებიან და გაისად თებერვლიდან დაიწყება საერთო პლეი-ოფი. ასე რომ, “საბურთალოს” ორი ეტაპი აქვს გადასალახი, რათა გაისამდე მიაღწიოს.
გაირკვა, რომ “საბურთალო” საშინაო მატჩებს “მიხეილ მესხზე”, ან “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე ჩაატარებს. გუნდებს სატურნირო 40-კაციან განაცხადში 1997 წელს დაბადებულები და უმცროსები შეუძლიათ შეიყვანონ, თუმცა 1996-წლიანების 3 ფეხბურთელის შეყვანის უფლებაც აქვთ.
“საბურთალოში” ამჟამად 1996 და 1997 წელს დაბადებულები სჭარბობენ, ასე რომ, ფაქტობრივად, ძირითადი გუნდით გავლენ ახალგაზრდულ ლიგაზე. თუმცა მთლად ასეც არაა: “საბურთალოს” ის გუნდი, რომელმაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, ჭაბუკთა ლიგაში თამაშობდა და იქ ხვდებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ძირითად, პირველ გუნდში თამაშის პრაქტიკა აკლდათ. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი: შეუძლიათ ძირითადი გუნდი გაიყვანონ და შეუძლიათ მთლიანად ის გუნდი, რომლებმაც ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონობა მოიპოვეს.
ერთიც, ჭაბუკთა ლიგაში გაჩემპიონებულ გუნდს დავით კევლიშვილი წვრთნიდა, ახლა კი ეს პოსტი რევაზ გოცირიძეს ჩააბარეს – კევლიშვილი თავად წავიდა. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ შესაძლოა ახალგაზრდულ ლიგაში ძირითადმა გუნდმა (მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი) ითამაშოს.
ასეც და ისეც, ქართული ფეხბურთისთვის უეფას ახალგაზრდულ ლიგაში თამაში დიდი პრესტიჟია და დიდ გამოცდილებასაც მოუტანს ფეხბურთელებს. იქ, სადაც “საბურთალოა” (ანუ, ჩემპიონთა გზაზე), ითამაშებენ “ვილიარეალი”, “მიდლსბრო”, “შალკე”, “ტორინო”, “შახტარი”, “აიაქსი”, “ანდერლეხტი”, ზაგრების “დინამო”, “სელტიკი” და ასე შემდეგ... ისინი საბურთალოელთა პოტენციური მეტოქეები არიან.
გიორგი იმერლიშვილი
www.worldsport.ge