საზოგადოება "სტიქიის გმირები" - ადამიანები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს! 2015, 17 ივნისი, 11:39 13 ივნისის ღამე თბილისის და სრულიად საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერება, რომელსაც, დღეის ცნობით, 17 ადამიანი ემსხვერპლა, სხვა უამრავი კი უსახლკაროდ დარჩა. რომ აღარაფერი ვთქვათ განადგურებულ ზოოპარკზე და დახოცილ ცხოველებზე... თუმცა, როგორც ამბობენ, გზა მაშინ გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდებაო. საერთო ტრაგედიამ დაგვანახა როგორ შეგვძლებია გასაჭირის დროს ერთად დგომა, როგორი ახალგაზრდობა გვყოლია, მოგვცა იმედი იმისა, რომ საქართველო აღორძინდება. უამრავი ადამიანი დადგა დღეს დაზარალებულების გვერდით, ბევრმა მათგამა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინა. ამ სტატიაში შევეცდები რამდენიმე მათგანზე გიამბოთ. მათ დღეს "სტიქიის გმირებს" უწოდებენ... 1. ადამიანი, რომელმაც თბილისში სტიქიის დროს სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაღუპვისგან გადაარჩინა - თსუ-ს დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ლაშა იობაშვილი. იგი 13 ივნისის ღამეს თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა, სტიქიის დაწყებამდე, ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ელექტროფანრით დაიწყო ტერიტორიის შემოწმება. როცა დაინახა, როგორ მოდიოდა მთა მდინარესთან ერთად, საკუთარი ავტომობილით თანამსრომლებთან - ივანე მეურმიშვილთან და უჩა რაზმაძესთან ერთად წავიდა სვანიძის ქუჩისკენ, სიგნალითა და ყვირილით გავაღვიძეს მოსახლეობა. ელექტროენერგიის უქონლობის გამო ბნელ ქუჩებს სახლებიდან გამოსულ მოსახლეობას თსუ-ს დაცვის თანამშრომელი გზას მანქანის ფანრებით უნათებდა. 2. სტიქიის შედეგებთან მებრძოლი ყავარჯნიანი ბიჭი, რომლის ფოტომაც სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია: "შე" მაგარო ბიჭო... არ ვიცი ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ... ირტყამ თუ არა "მუშტს" სუფრაზე სამშობლოს დღეგრძელობისას... არ ვიცი, დაგირგია თუ არა ხე, მოგივლია თუ არა ცხოველებისთვის... არ ვიცი შენ შესახებ არაფერი, მაგრამ შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო შენზე... "შე" მაგარო ბიჭო, გიყურებ და ცრემლებით მევსება თვალები, ისეთი ძლიერი ხარ და ისეთი ადამიანური ძნელია, შენ მიმართ მადლიერება და სიყვარული არ გამოვხატო... მადლობა ყველაფრისათვის, ყოველი ნაბიჯისათვის... შენმდგომარებაში მყოფ ადამიანებს აქეთ "უვლიან" შენ კი... შენ კი... ადექი და გამოხვედი ყავარჯნებით, სამშობლოს მოსავლელად, იცი რა მაგარი ბიჭი ხარ? შენ გგონია, რომ ვალი მოიხადე სამშობლოს წინაშე?.. შენ გგონია, ეს წესია და არაფერი განსაკუთრებული არ ჩაგიდენია?.. მაგრამ ცდები... შენ მართლა, ვაჟკაცობის და პატრიოტობის მაგალითი ხარ, შენ დამანახე, თუ მოვინდომეთ უფალი ყოველთვის მოგვცემს ძალას რაღაც კარგის გასაკეთებლად... შენ დამანახე, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და მის ლექსიკონში არ უნდა არსებობდეს არ "შემიძლია"... ნამდვილ ვაჟკაცებს ყველაფერი შეუძლიათ... და შენ მაგალითი ხარ... მაგალითი ჯერ ადამიანობის და შემდეგ პატრიოტობის... მადლობა, უფალმა სიკეთით გადაგიხადოს... და თუ სადმე შემთხვევით შემხვდი, აუცილებლად მოვალ და გეტყვი: "შე" მაგარო ბიჭო..." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. 3."კეთილი ბებო", რომელმაც პენსიით ნაყიდი წყალი დაურიგა მოხალისეებს. დავით შუბლაძე: „მზიურიდან ამოვდიოდი და პენსიონერი, მხცოვანი ბებო მომიახლოვდა, მაწვდის 2 ბოთლ წყალს და მეუბნება - "შვილო, ეს ჩემგან, ვიცი რომ წყალი გიჭირთ, მე ვერ ჩამოვდივარ და ჩააწოდე" ძალიან ავჩუყდი... სავარაუდოდ, პენსია აიღო და თავისი წვლილი შეიტანა“. 4. თბილისში მივლინებით მყოფი, სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი, მანუჩარ ინჯგია, რომელიც სვანიძის ქუჩაზე ბიძასთან იყო სტუმრად, როცა წვიმა დაიწყო და მდინარე ადიდდა. მაშველების მოსვლამდე მან ადიდებული მდინარიდან და დატბორილი სახლებიდან 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოსახლეობა მას გმირს უწოდებს და გმირული საქციელის გამო მადლობას უხდის. 5. რუსი მამაკაცი, რომელიც მთელი ღამე მოხალისეებისთვის ჰამბურგერებს ამზადებდა. მისი ფოტო რეპერმა "მასტერმა" ფეისბუქზე გამოაქვეყნა: "ის რუსეთიდან არის ჩამოსული მეუღლესთან ერთად! არ არის ქართველი! ძალიან მაგარი ადამიანები არიან!!!" "ასეთი თვალები აქვს სიკეთეს...." "მამა ყავს ქართველი. რუსეთში გაზრდილი დაბადებულია. მეუღლეც რუსი ყავს. "ქედს ვიხრი ასეთი ადამიანების წინაშე...." - წერდნენ ადამიანები კომენტარებში. 6. 15 წლის მიშკა შახმაზიანი, სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელი. როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ის ცდილობდა დედის და დეიდის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, წყალმა ხელიდან გამოსტაცა დედა. დეიდაც უკვე ჩაკარგული იყო ადიდებულ წყალში. იცოდა რომ მისი ოჯახის წევრები უკვე არ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ მაინც გაიქცა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრისაკენ და 60-მდე ძაღლის გადარჩენა შეძლო. გუშინ დაკრძალა ოჯახის წევრები და დღემდე ეხმარება სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმათგან, რომლებიც თბილისის სტიქიისგმირები გახდნენ. უმეტესობის სახელიც კი არ არის ცნობილი, მაგრამ გმირობას ხომ სახელი არ სჭირდება... ბოლოს კი იმ ადამიანის ფოტოთი მინდა დავასრულო, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე პირველად დაგვარწმუნა იმაში, რომ პოლიტიკოსებსაც "ჰქონიათ გული", მათაც შეძლებიათ სხვისი ტკივილის გაზიარება და მათაც შესტკივათ საკუთარ ქალაქზე გული. ამ ადამიანის ფოტოებმა მთელი სოციალური ქსელი მოიარა და უცხოური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ბევრმა პოლიტიკოსმა გადაიღო ფოტოები თუ სელფები სტიქიის ადგილზე, ბევრს ეჭირა ნიჩაბი, თუმცა ეცვა "ტუფლები" და ეკეთა ჰალსტუხი, მაგრამ მათგან განსხვავებით ამ ფოტოზე არც პოზიორობა ჩანს და არც ყალბი დაპირებების დარიგების დროს გამართული საუბარი: მასზე მხოლოდ ტრაგედიით შეძრული და გულწრფელად დამწუხრებული რიგითი ადამიანი ჩანს... 564 4-ს მოსწონს
|