ჯერ მწვრთნელის ამპლუაში რაოდენ უხიაგი და უჟმური ვინმეა ეს ჟოზე მოურინიო და ახლა ქალიშვილების მამის ამპლუაში ხომ წარმოგიდგენიათ რა “თაფლი და შაქარიც” იქნება... მით უმეტეს, რომ ჟოზეს უფროსი ქალიშვილი უკვე 18 წლისა მოყრილა და როგორც ბულვარული პრესა იუწყება, სასიყვარულო რომანებიც გაუბამს.
ჟოზეს უფროსი ასული, მატილდა მოურინიო ჭორებზე მონადირეთ ცნობილ მომღერალთან, ნილ ჰორანთან ერთად დაუნახავთ. როგორც ევროპის “ჭორბიურო” იუწყება, მატილდა და ნილი ლონდონში ერთ-ერთი ბარიდან გვარინად შემთრალები გამობანცალდნენ, ერთურთს ეხუტებოდნენ და მტლაშა-მტლუშს ბევრი არაფერი უკლდათო.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მატილდა მოურინიომაც და ნილ ჰორანმაც მათ შორის ტრფიალი გამორიცხეს და თავი ოდენ მეგობრებად გამოაცხადეს, რაც შესაძლოა სიმართლეც იყოს. მაგრამ, ეს ამბავი რამდენად მოეწონება ბოღმიან ჟოზეს – ეს უკვე სხვა ამბავია. ალბათ ერთ ნახვად ღირს რა ამბავსაც ატეხდა ამის მერე ოჯახში.
www.worldsport.ge