x
image
worldsport.ge
რა არის დიდი პრობლემის სათავე?

imageქართული საგანმანათლებლო სისტემისა და სპორტის ერთობლივი სატკივარია, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლები სათანადო ცოდნისა და მომზადების დონით ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ არათუ ევროპულ, არამედ ზოგად სტანდარტებს, რაც სპორტის მასწავლებელს ალბათ ყველგან უნდა მოეთხოვებოდეს. ამის მიზეზებზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ სკოლებში სპორტის სწავლებისადმი არცთუ სერიოზული დამოკიდებულებაა.
სპორტი, როგორც სასწავლო საგანი, მემკვიდრეა ფიზკულტურის გაკვეთილებისა, რომელიც ჩვენი ბავშვობიდან ყველას კარგად გვახსოვს როგორც ისწავლებოდა და ფიზკულტურაში მიღებული მაღალი ნიშანი ხშირ შემთხვევაში ასევე არაფერს ნიშნავდა, როგორც სპორტსმენისათვის ელემენტარული ნორმატივის ჩაბარება -აქაოდა მაგას ხომ ყველა შეძლებსო.
მშობლების, მოსწავლეების და სამწუხაროდ ხშირად მასწავლებლების მიდგომებიც დღეს საბჭოურის იდენტურია და განსაკუთრებული კვლევა-ძიება ნამდვილად არ სჭირდება იმის გამორკვევას, რომ ჯერჯერობით სპორტი ვერ იქცა იმ სასწავლო საგნად, რომელსაც სათანადო ყურადღება ხვდება წილად და რომლის ჩაბარებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება.
13 წლის გიორგი მაისურაძე თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა და მისი თანაკლასელების მსგავსად, ისიც მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით დადის სპორტის გაკვეთილებზე. გიორგი მეუბნება, რომ მის კლასში სპორტის გაკვეთილებს მხოლოდ ის ბავშვები არ აცდენენ, რომლებიც სკოლის გარეთაც სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დადიან, დანარჩენებისათვის ეს დროის ფუჭად კარგვაა და ბავშვების ამ შეხედულებებს მშობლების პოზიციას უმყარებს ზურგს.
”დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ მთავარი ინგლისურის სწავლაა, რადგან ამ ენის ცოდნის გარეშე მომავალში ძალიან გამიჭირდება. ასევე სკოლის გაკვეთილების შემდეგ რეპეტიტორთან ვემზადები მათემატიკასა და რუსულში. სპორტის გაკვეთილებს ხშირად ვაცდენ, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და უმჯობესია სპორტისთვის განკუთვნილი დრო სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეს მოვახმარო”, - მეუბნება გიორგი და იმასაც მიმხელს, რომ მას არც სპორტის მასწავლებელი მოსწონს. მოსწავლის მხრიდან მასწავლებლის ათვალწუნების მიზეზი მარტივია. მისი სპორტის მასწავლებელი, როგორც წესი, არასოდეს აქტიურობს, მუდმივად ზის სკოლის სპორტდარბაზში სკამზე, ბურთს გადაუგდებს ბავშვებს და მოუწოდებს კალათბურთი ითამაშონ, თვითონ კი ამ დროს ან ტელეფონზე საუბრობს, ანდა სხვა რამე საქმითაა გართული.
სამწუხაროდ. სკოლებში სპორტის სწავლების დონისა და ხარისხის სიმცირე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა და ამას ყველა აღიარებს. სასიამოვნო გამონაკლისები, რა თქმა უნდა, აქაც არიან და შეგვიძლია ვნახოთ სამაგალითო სკოლები, სადაც სპორტი, როგორც იტყვიან, თავის სიმაღლეზე დგას და სპორტის მასწავლებელების პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ სასიამოვნო გამონაკლისები, როგორც იცით, საერთო სურათს ვერ ცვლის, რითაც უპირველესად მოზარდები და სკოლა ზარალდება.
საკმარისია ცალი თვალით გადავხედოთ ცნობილი ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენების დოსიეებს, რომ უმალ შევამჩნევთ მათ შორის ერთ მნიშვნელოვან მსგავსებას - ამ სპორტსმენების უმეტესობამ სპორტული კარიერა სკოლის ასაკში დაიწყეს და დიდ სპორტში პირველი ნაბიჯები სწორედ სკოლის მოსწავლეობისას გადადგეს. ეს ნათლად გაჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლის ასაკში მოზარდის სპორტსმენად ჩამოყალიბება და როგორი დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ მასწავლებლებისა და მწვრთნელების თვალს, მომავალი დიდი სპორტული ტალანტი არ გამოეპაროთ. სკოლებში სპორტის სწავლების არასასურველი დონე კი პირველ რიგში სწორედ მომავალი სპორტსმენების აღმოჩენას აფერხებს.


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0