ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გამთენიას თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს დაახლოებით ასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა. ოჯახის წევრების, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების თუ მწვრთნელების გარდა, დამხვდურთა შორის საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებიც იყვნენ.
მთავარი ჯილდო – ევროპის გუნდური ჩემპიონობისთვის მიღებული თასი აეროპორტის დარბაზში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გამოიტანეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოს უძლიერესი ნაკრები ჰყავს და ეს აგერ უკვე მერამდენედ დაამტკიცა. ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა მართლა სამაგალითოდ იჭიდავა და ბრწყინვალე შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ინდივიდუალურ პირველობაზე უფრო უკეთ გამოვსულიყავით, მაგრამ ორი დასანანი ფინალი წავაგეთ. მინდა მადლობა ვუთხრა ძიუდოისტებს და ნაკრების მწვრთნელებს თავდადებული შრომისთვის" – უთხრა "მსოფლიო სპორტს" დავით ქევხიშვილმა.
“ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა. ამას ყველა აღიარებს და რაც მთავარია, შედეგებიც ამტკიცებს. ცხრა ძიუდოისტიდან ოთხმა ფინალში იჭიდავა. ეს მართლა კარგი შედეგია. ერთი-ორი დასანანი მომენტი რომ არა, რომლებიც მსაჯობას უკავშირდება, კიდევ უკეთესად გამოსვლაც შეიძლებოდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.
მონპელიეს ევროპირველობიდან ერთი ჯილდო საქართველოს ნაკრების თავკაცმაც ჩამოიტანა – 41 წლის სპეციალისტი ევროპის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ცხადია, კომენტარი ამ აღიარებასთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ.
“ამ პრიზის შესახებ ოფიციალურად საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ შევიტყვე. იქამდე კი კულუარებიდან შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიყავი” – დასძინა ირაკლი უზნაძემ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მონპელიეში ევროპირველობის ბოლო დღეებში ჩავიდა და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ გუნდურ ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლით დიდი სიამოვნება მიიღო.
“საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს ბრწყინვალე შედეგია და მინდა გუნდის თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. ქართული ძიუდო სათანადო სიმაღლეზე დგას, რაც ინდივიდუალურ ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა” – განაცხადა ქევხიშვილმა.
ნაკრების მწვრთნელს და ფედერაციის პრეზიდენტს უკან ევროპის მოქმედი ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მოჰყვებოდნენ, რომელთაც ხელთ კიდევ ერთი გუნდური ჯილდო – ევროპის 2013 წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში გამარჯვების დამადასტურებელი პრიზი ეჭირათ.
“ჩვენისთანა შეკრული და სულით და გულით მებრძოლი ნაკრები არ არსებობს. მიხარია, რომ მეც ამ უძლიერესი ნაკრების წევრი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ – ჩემპიონი გავხდი” – გვითხრა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
ვარლამ ლიპარტელიანმაც გუნდურ გამარჯვებაზე გაამახვილა მთავარი ყურადღება და იქვე დასძინა, ამ ჩემპიონატმა განსაკუთრებულად გამახარა, რადგან ორივე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაზე ოქროს მედალი მოვიპოვეო.
დაბოლოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძის კომენტარიც:
“ქართულმა ძიუდომ მორიგი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს ტიტულები შემთხვევით არ მოდის. ეს უდიდესი შრომის და მონდომების დამსახურებაა და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის. ვამაყობ ამ ბიჭებით და ბედნიერი ვარ, რომ მათი ბრწყინვალე გამოსვლას ცოცხლად ვუყურე. ძალიან სასიხარულო იყო ძიუდოს დარბაზში ჩვენი მორაგბეების მოსვლა. სამწუხაროდ მათ გუნდურ ჩემპიონატზე დასწრება ვერ შეძლეს, რადგან კვირას თამაში ჰქონდათ”.
ევროპირველობის შემაჯამებელ პრესკონფერენციას ძიუდოს ფედერაცია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ ამ დღეებში ჩაატარებენ.
ოთარ მაღლაკელიძე
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
www.worldsport.ge