საზოგადოება დაკარგული სტუდენტი, გიორგი ნოზაძე ბათუმში იპოვეს 2015, 7 ივნისი, 13:26 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მეორე კურსის სტუდენტს, გიორგი ნოზაძეს, უკვე რამდენიმე დღეა რაც ეძებდნენ სამართალდამცავები და ოჯახის წევრები. იგი 3 ივნისს, ღამის 12 საათზე დიღმის მასივში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა და ოჯახის წევრებთან კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. გიორგი ნოზაძის დედა, ქალბატონი ინგა მაისურაძე, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ითხოვდა დახმარებას შვილის მოძებნაში: "უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვისაც თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია აქვს გიორგის შესახებ გამომეხმაურეთ..." "გიო დეე, ჩემო სიცოცხლე, გამოჩნდი გემუდარები, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ, ოღონდ დაგინახო, ოღონდ ვიცოდე რომ ჯანმრთელი ხარ..." რამდენიმე საათის წინ კი ქალბატონმა ინგამ "ფეისბუქზე" დადო პოსტი, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი ნოზაძე იპოვნეს: "მადლობა უფალს და თვითოეულ თქვენთაგანს ვინც გაიზიარეთ ჩვენი გასაჭირი, ბოდიშს გიხდით თუ აგაფორიაქეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ისეთი გახარებული გამყოფოთ როგორც მე ვარ ამ წუთას, მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!" გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული ბიჭი ბათუმში იმყოფებოდა, იგი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელია. საინტერესოა, რატომ იმყოფებოდა იგი ბათუმში და რატომ არ შეატყობინა ოჯახის წევრებს ამის შესახებ? 860 7-ს მოსწონს
|