იტალიური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და “იუვენტუს სთედიუმზე” 2020 წლის ივლისამდე დარჩება.
მორატა იტალიურ გრანდს გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა. ტურინელებმა ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. კონტრაქტის თანახმად, “სამეფო გუნდს” მორატას გამოსყიდვა 2016 წელს 30 მილიონ ევროდ, ხოლო 2017 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
გასულ სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. გატანილი გოლებიდან ორი მშობლიურ გუნდს გაუტანა. მორატას 6 ივნისს შანსი აქვს კატალონიის “ბარსელონას” დამარცხებით, ჩემპიონთა ლიგის ტიტული მეორედ მოიპოვოს.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge