გამომდინარე იქიდან, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, 6 აპრილს გუნდს არ უვარჯიშა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ აცნობა, რომელიც ზესტაფონის საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან”.
მან ამჟამად კლუბის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა:
“საქართველოს აუდიტის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ზეპირი თანხმობა არსებობს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კლუბი დააფინანსოს. თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აუდიტის სამსახურისგან და ფინანსთა სამინისტროსგან წერილობით თანხმობა მოითხოვეს. თავის მხრივ მათ ურჩიეს, რომ წერილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომეტეტს გადაუგზავნოთ. გარდა ამისა, მათი თქმით, ეს საკითხი უშუალოდ ადგილობრივი საკრებულოს გადასაწყვეტია, როგორც “სამტრედიის” შემთხვევაში მოხდა.
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს წერილი უკვე გადაეგზავნა და საქმეში აქტიურადაა ჩართული პარლამენტის წევრი ზესტაფონიდან შალვა კიკნაველიძე. ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძეს ფეხბურთისთვის არ სცალია და კლუბის ამბავი არც მოუკითხავს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან პასუხს სამშაბათს ველით და თუ რაიმე იურიდიული წინააღმდეგობა არ იქნება, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნება.
საკრებულოს წევრთა ჯგუფი არსებობს, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ კლუბის დაფინანსების საკითხის დაყენებას აპირებს. ამისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარებაა საჭირო, რომელსაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის 2/3 უნდა დაესწროს. ამ შემთხვევაში პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჯგუფი ინტერპარტიულია.
მე როგორც საკრებულოს წევრმა, ზესტაფონის კონკრეტული ფენის წინაშე, როგორიც გულშემატკივრები არიან, არჩევნებამდე პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ზესტაფონში ფეხბურთის განვითარებისთვის ვიზრუნებ”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge