ყოფილმა პორნოვარსკვლავმა, ავრორა სნოუმ ინტერნეტში გაავრცელა წერილი თავისი ჯერარდაბადებული შვილის მისამართით, სადაც იგი ვაჟიშვილს უხსნის, თუ როგორ მოხვდა პორნო ინდუსტრიაში და რატომ გადაწყვიტა გამხდარიყო დედა. გთავაზობთ ამ წერილის გადმოქართულებულ ვარიანტს.
"ექიმის კაბინეტში ვიწექი. შესამჩნევად გაბერილ მუცელზე წასმული გელი ბრწყინავდა და ჩემს სხეულში მეორე გულისცემას ვგრძნობდი. ექოს წყალობით ამ ახალი სიცოცხლის კონტურებიც კი დავინახე. როცა მითხრეს, რომ ბიჭი მეყოლებოდა, თვალწინ მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ჩამიარა. მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა ჩემს მიერ გაკეთებულ არჩევანზე. მივხვდი, რომ დადგებოდა დღე, როცა მისთვის ბევრი რამის ახსნა მომიწევდა. ამიტომ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა:
ჩემო ბიჭუნა,
ამ წერილს შენს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ვწერ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დეკემბრის შუა რიცხვებში დაიბადები.
იმ დროს, როცა ამ წერილის წაკითხვას შეძლებ, უკვე საკმაოდ დიდი იქნები იმისთვის, რომ ინტერნეტი გამოიყენო, გოგონები შეიყვარო და იმისთვისაც, რომ გაიგო, ვინ არის "ავრორა სნოუ".
წარმომიდგენია, როგორი შიშით დაველოდები ამ მომენტს. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ წერილს მანამ წაიკითხავ, სანამ შემთხვევით გადააწყდები ჩემს ფოტოებს ან ვიდეოებს და მნახავ იმ სახით, რა სახითაც ვაჟებმა არასოდეს არ უნდა ნახონ დედები.
მაგრამ ნება მომეცი, აგიხსნა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
შენი დედა ძალიან, ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სწავლის საფასური ძალიან მაღალი იყო. ფულის შოვნა ბევრი გზით ვცადე, მაგრამ ამაოდ. ერთ დღესაც გაზეთში გადავაწყდი განცხადებას:
"გვჭირდება გოგოები, რომლებსაც შეუძლიათ შიშველი პოზირება. ანაზღაურება: 2000 $ დღეში."
მე არ ვიყავი განსაკუთრებით მორცხვი და ფულიც ძალიან მჭირდებოდა. თან დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარი ოჯახის ქონა არასოდეს მომინდებოდა. თან მაშინ არც ინტერნეტი იყო ასეთი გავრცელებული და ინფორმაციაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემი ახალი სამუშაო დედისგან, მამისგან და ძმებისგან საიდუმლოდ დარჩებოდა. დასაკარგი რა მქონდა? ვფიქრობდი, ვიმუშავებდი ერთი წელი, გავისტუმრებდი სწავლის ხარჯებსა და ვალებს, მერე კი თავს დავანებებდი ამ საქმეს. თუმცა ყველაფერი სხვანაირად გამოვიდა.
მამაკაცების ყურადღებამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა. კაპიკებს რომ აღარ ვითვლიდი უკვე ბედნიერება მეგონა. სულ მეშინოდა, დამქირავებლებს უარი არ ეთქვათ ჩემზე და სხვა არ აეყვანათ, ვინმე უფრო ლამაზი. მაგრამ ეს არ მოხდა. შემომთავაზეს კამერების წინ სექსი მქონოდა და ამაში გაცილებით მეტს იხდიდნენ, ვიდრე განცხადებაში იყო მითითებული.
დავთანხმდი.
ახლაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი სულ უფრო და უფრო მეტ მოზრდილთა ფილმებში მიწვევდნენ გადასაღებად. მალე ჩემი პორტრეტები გაჩნდა ჟურნალების გარეკანზე, პოსტერებზე, სატელევიზიო შიუებშიც კი მიწვევდნენ.
დედაშენის საიდუმლო პროფესიაზე პირველმა შენმა დიდმა ბებიამ შეიტყო (რომელიღაც ნაცნობთან ვიდეოკასეტის გარეკანზე ნახა ჩემი ფოტო) და მაშინვე აცნობა შენს ბებიასა და ბიძებს. ეწყინათ, რა თქმა უნდა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყოველთვის ვუყვარდი და გვედში მიდგნენ.
განსაკუთრებით შენი ბებია ნერვიულობდა, იმედი ჰქონდა, რომ თავს დავანებებდი ამ ყველაფერს და სხვა სამსახურს ვიპოვიდი. ბაბუაშენი სხვა შტატში ცხოვრობდა და ამის შესახებ ერთ-ერთი ტელეშოუდან შეიტყო, რომელშიც მე ვიღებდი მონაწილეობას. საბედნიეროდ იმ შოუში ჩაცმული ვიყავი.
იმედი მაქვს გასწავლი, როგორი მნიშვნელოვანია გულწრფელობა. მეც გულწრფელი ვიქნები შენთან: ჩემი კარიერის მანძილზე ყველაფერი გამიკეთებია, რისი წარმოდგენაც შეიძლება, ნამდვილი საშინელებებიც კი. მოზრდილთა ფილმებს ისე ვეკიდებოდი, როგორც სამუშაოს და ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა კარგად შემესრულებინა. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს "კარგი" იყო "საშინელება". ისღა დამრჩენია, ვიმედოვნო, რომ შენ ამას არასოდეს ნახავ.
2009 წლის 20 თებერვალს მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბიძაშენი კიტი ავარიაში მოყვა. მისი ორი ვაჟი მე უნდა მერჩინა. მე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მიმეხედა ბავშვებისთვის, მაგრამ ორი წელი, სანამ ბიძაშენი გამოკეთდებოდა, ვზრუნავდი მათზე. ამ დროის მანძილზე მეც შევიცვალე. შენი პაწაწუნა ბიძაშვილები მეხვეოდნენ და გულწრფელ, უპირობო ბავშვურ სიყვარულს მჩუქნიდნენ. და მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა საკუთარი ოჯახის ქონა.
მე არასოდეს მჯეროდა სიყვარულის და საშინლად მეშინოდა ვინმეზე დამოკიდებული ყოფნის. თავისუფალი ადამიანი ვიყავი და ნებისმიერ დროს შემეძლო წავსულიყავი სადაც მინდოდა. მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა, როცა გავაცნობიერე, რაზე ვამბობდი უარს.
ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ყველაფერზე წამსვლელი გოგონადან ვიქეცი ქალად, რომელსაც მიზანი აქვს. ოჯახის შექმნა მსურდა და, პირველ რიგში ისეთი ადამიანი უნდა მეპოვნა, ვისთანაც ამას შევძლებდი. ერთ-ერთმა მეგობარმა გამაცნო მამაკაცი, რომელიც ტელევიზიაში მუშაობდა და ჩემსავით, მასაც ძალიან უნდოდა ოჯახი.
მართალია, მოზრდილთა ფილმებში ჩემი კარიერის დასრულება ხშირადმინდოდა, მაგრამ 10 წლის მუშაობის შემდეგ წარსულთან კავშირის ერთბაშად გაწყვეტა ძნელია. მამაშენმა კი მითხრა: "უბრალოდ დააჭირე თითი წაშლის ღილაკს". და მაშინ, ათი წლის მანიძლზე პირველად მეყო მოტივაცია და გამბედაობა, თამაშიდან გავსულიყავი.
ჩემო ბიჭო, იმედი მაქვს, ეს წერილი დაგეხმარება გამიგო და თავი შეიკავო XXX-ით აღნიშნულ საიტებზე ჩემი ვიდეობის ნახვისგან. მე იძულებული ვიყავი დაღმა მავალი გზები ამერჩია და ჩემსკენ მომართული გამწყრალი მზერები ამეტანა. ახლაც, როცა ამ წერილს ვწერ და ყველაფრის ახსნას ვცდილობ, არჩევანს ვაკეთებ. ყველაფერი დამოკიდებულია არჩევანზე, რომელსაც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ვაკეთებთ. რომ მცოდნოდა, როდესმე გადავიფიქრებდი და მოვინდომებდი საკუთარი ოჯახის შექმნას, არასოდეს გავაკეთებდი იმ არჩევანს, რომელიც მაშინ გავაკეთე.
არ ვიცი, ვიყავი თუ არა მაშინ უკეთესი. 18 წლისას გგონია, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი იცი. მაგრამ 10 წლის შემდეგ ხვდები, რამდენად ცდებოდი.
ამიტომ, ყოველთვის, როცა არჩევანის გაკეთება მოგიწევს, დაფიქრდი და შენს თავს ჰკითხე: "როგორ ვიცხოვრებ ამით მომავალში?" ჩემი პასუხი კი ამაზე ეს წერილია.
სიყვარულით, დედა."
ავრორა სნოუ 10 წლის მანძილზე მუშაობდა მოზრდილთა ფილმების მსახიობად და რეჟისორად. შემდეგ მან მიატოვა პორნო ბიზნესი და დღესდღეობით მემუარებს წერს.