x
image
worldsport.ge
კახა ცხადაძე: “ამ ნაკრებს პერსპექტივა აქვს”

imageსაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გერმანიის წინააღმდეგ გამართა და 0:2 წააგო. მატჩის შემდგომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა “ჯვაროსანთა” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელსაც ამ მატჩში საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა.
- პირველ რიგში ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. პირველივე ტაიმში ორი ცვლილების გაკეთება მოგვიხდა (დაშავებული ოქრიაშვილი შესვენების შემდეგ შეიცვალა. – რედ.) და ეს ძალიან ცუდი ფაქტორი იყო. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დიდი პრობლემა იყო ბურთის შენარჩუნება. მას შემდეგ, რაც ბურთს მოვიპოვებდით, მალევე ვკარგავდით. ამ მხრივ, ოდნავ გავაუმჯობესეთ სიტუაცია მეორე ტაიმში და რამდენჯერმე გოლის გატანის შანსიც მოგვეცა. მირჩევნია ფეხბურთი ვითამაშოთ და ისე წავაგოთ, ვიდრე ანტიფეხბურთით წავაგოთ. ბიჭებს მადლობა გადავუხადე მეორე ტაიმისთვის. მე მჯერა, რომ ეს გუნდი მოუმატებს, რადგან მათ პოტენციალი მეტი გააჩნიათ.
- დღევანდელი თამაშიდან რა პლიუსები დაინახეთ, რაც მომავლისთვის ოპტიმიზმისსაფუძველს გაძლევთ?
- მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ეს არაა სრულყოფილება, მაგრამ შრომით ყველაფერი შეიძლება მოვიდეს. ბოლო პასის პრობლემა გვქონდა. ფეხბურთელმა უნდა იცოდეს როგორ დაუხვედროს ბურთს ფეხი გადამწყვეტი დარტყმის დროს. ამ ფეხბურთელებს წლებია ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მოუსმენიათ. მათში პოტენციალს ნამდვილად ვხედავ. დარწმუნებული ვარ, გუნდი თვითრწმენის ამაღლების შემთხევაში შედეგსაც მიაღწევს.
- გუნდმა მეორე ნახევარში აშკარად წინ აიწია. ეს თქვენი დავალება იყო თუ ანგარიშიდან გამომდინარეობდა? როგორ შეაფასებდით დვალის თამაშს?
- მჭედლიძეს მარტოს უჭირდა ბურთის დაჭერა. წეღანაც ვთქვი, ბურთის შენარჩუნება მთავარი იყო, სამი-ოთხი პასის გაკეთება და შეტევის ისე დაწყება აუცილებელია. წარმოუდგენლად რთულია შეტევა დაიწყო დაცვიდან ერთი გადაცემით. რაც შეეხება დვალს, მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეხვედრაში ფანტასტიურად ჩაერთო. სხვათა შორის დვალსაც ხშირად ამოჰქონდა დაცვიდან ბურთი და შეტევებს იწყებდა.
- დღეს მჭედლიძეს უჭირდა ბურთის მიღება და მისი შენარჩუნება. მოსინჯავთ თუ არა სხვა მატჩებში სხვა ფორვარდებს და რამდენად სერიოზულია ამისულაშვილისა და ოქრიაშვილის ტრავმები?
- ამისულაშვილის ტრავმა სერიოზულია. მას კუნთი გაუწყდა. ოქრიაშვილზე კი ხვალ გახდება ცნობილი რამდენად სერიოზულია დაზიანება. რაც შეეხება მჭედლიძეს, არ ვფიქრობ, რომ მან ცუდად ითამაშა. ლევანმა ბევრი იშრომა და იბრძოლა. რთულია ორ მცველში 90 წუთი მარტომ ითამაშო, მით უფრო ასეთი მაღალკვალიფიციური მცველების წინააღმდეგ. სხვა ფორვარდებსაც რა თქმა უნდა თავიანთი შანსი მიეცემათ.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0