საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი 7 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ყველაზე შედეგიანად სამდღიანი შეჯიბრების დასკვნით დღეს იჭიდავა – კაცებში მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორში ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები დაუპირისპირდნენ. დილის პროგრამა წაუგებლად ვარლამ ლიპარტელიანმა, ბექა ღვინიაშვილმა (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა (ორივე +100 კგ) ჩაამთავრეს.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ლიპარტელიანმა ტურნირი ფრანგი ლუდოვიკ გობერის ვაზარით ძლევით გახსნა. უზბეკ შერალი ჟურალიევს უილეთო შეხვედრაში შიდოს უპირატესობით აჯობა. ნახევარფინალში კი შვედ მარკუს ნიმანს ხუთი წლის წინანდელი ევროპირველობის ფინალში განცდილი მარცხისთვის კიდევ ერთხელ აუღო რევანში.
ბექა ღვინიაშვილმა პირველი გამარჯვება შვედი ჟოაკიმ დვარბის სუფთად გდებით მოიპოვა. აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი სამ წუთში შებოჭა. ნახევარფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოტზე მსოფლიოს შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის, წუთნახევარში შესრულებული სუფთა გდებით იძია შური.
პირველი ქართული ფინალი საოცრად დაძაბული და რაც მთავარია, კარგი საყურებელი გამოვიდა. ბექა ღვინიაშვილმა ბოლო წამებზე შესრულებული შებოჭვით მოიგო. იქამდე რამდენიმეჯერ ამაოდ სცადა ლიპარტელიანის ეფექტური გდებით ძლევა. თავისი შანსები ვერც ვარლამმა გამოიყენა. გადამწყვეტი ილეთის წინ ერთი შიდოს უპირატესობით ღვინიაშვილი იგებდა.
მძიმე წონაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლევან მატიაშვილი ავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ადამ ოქრუაშვილს ორი გაფრთხილებით სძლია. იქამდე კი გაცილებით შთამბეჭდავად იჭიდავა. ყაზახი რუსლან აბდრაზაკოვი, რუსეთის ნაკრების წევრი ასლან კამბიევი და უკრაინელი ოლექსანდრ გორდიენკო იპონ-იპონ ჩამოიშორა.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ოქრუაშვილმა ფინალის გზაზე უკრაინელი იაკივ ხამო, ებრაელი ორ სასონი და უზბეკი აბდულო ტანგრიევი დაამარცხა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი დაეუფლა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ყველაზე შედეგიანად ალექსანდრე მსხალაძემ იჭიდავა, მაგრამ ისიც საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
ძირითად ბადეში ესტონელი გრიგორი მინაშკინისა და გერმანელი კარლ-რიჩარდ ფრეის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელთან დიმიტრი პეტერსთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან ორჯერ დაეცა ვაზარზე.
დღესვე სპორტის სასახლის ტატამზე პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე (სამივე 100 კგ), ონისე ბუღაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) და ირინე ლეონიძეც (+78 კგ) გავიდნენ, მაგრამ ყველა საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
გრან პრის ჩემპიონებს მსოფლიო რეიტინგში 300-300 ქულა დაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორები 180-180 ქულას მიიღებენ, ბრინჯაო 120 ქულად ფასობს, ხოლო მე-5 ადგილი – 60 ქულად.
თბილისურ ტურნირში მონაწილეობა 42 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.
ძიუდო
გრან პრი
თბილისი
20-22 მარტი
კაცები
60 კგ
1 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
2 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
2 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
73 კგ
1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
2 დასტან იკიბაიევი (ყაზახეთი)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
5 ზვიად კაპანაძე (საქართველო)
81 კგ
1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
2 უშანგი მარგიანი (საქართველო)
3 დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
5 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)
3 ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)
100 კგ
1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
2 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
3 ევგენის ბოროდავკო (უკრაინა)
3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)
5 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 ოლექსანდრ გორდიენკო (უკრაინა)
3 ასლან კამბიევი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
2 ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)
3 ორორ კლიმენსი (საფრანგეთი)
3 ებრუ საჰინი (თურქეთი)
52 კგ
1 იანა სანდბერგი (ფინეთი)
2 ლიზ ჰეილენი (ბელგია)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 ოდეტ გიუფრიდა (იტალია)
57 კგ
1 სუმიია დორიასურენი (მონღოლეთი)
2 ვლორა ბედეტი (სლოვენია)
3 ვიოლა ვაეხტერი (გერმანია)
3 მირიამ როპერი (გერმანია)
63 კგ
1 ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)
2 მუნხაზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3 ედვიგ გვედო (იტალია)
3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
70 კგ
1 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)
2 ჟერვის ემანი (საფრანგეთი)
3 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)
3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)
78 კგ
1 კაილა ჰარისონი (აშშ)
2 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)
3 კიონგ სოლი (ჩრდილოეთ კორეა)
3 კერსტინ ტიელი (გერმანია)
+78 კგ
1 სონგ იუ (ჩინეთი)
2 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)
3 ფრანცისკა კონიტსი (გერმანია)
ვასილ მშვილდაძე
www.worldsport.ge