“პლზენის” მცველი მილან პეტრჟელა ირწმუნება, რომ პრაღის “სლავიასთან” ჩეხეთის საფეხბურთო სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მოგებულ (1:0) მატჩში მეტოქის ნახევარმცველ ლევან ყენიასთვის ფეხი განზრახ არ დაუბიჯებია.
განვლილი შეხვედრის 48-ე წუთზე, პეტრჟელასა და ყენიას ორთაბრძოლის დროს, ქართველი აუტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა, ხოლო ჩეხმა ფეხბურთელმა ძალიან უხეშად ითამაშა. მსაჯმა ეს ვერ დაინახა და პეტრჟელა არ დაუსჯია. თუმცა, სადისციპლინო კომიტეტი ამ ფაქტს განიხილავს და თუ დაადგენს, რომ “პლზენის” მცველმა ასე განზრახ ითამაშა, დასჯის. სხვათა შორის, პეტრჟელა მსგავსი ქმედებისთვის წარსულში ორჯერაა დისკვალიფიცირებული.
“მას ფეხი შემთხვევით დავაბიჯე. არავითარი წინასწარ განზრახვა არ ყოფილა. ბოდიში მოვუხადე, რომელიც ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღო” – იუწყება პეტრჟელას სიტყვებს ჩეხური ინტერნეტპორტალი port.aktualne.cz-ი.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge