საზოგადოება როგორ გვაიძულებენ სუპერმარკეტები პროდუქტის შეძენას: ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2015, 19 თებერვალი, 11:43 ალბათ შეგიმჩნევიათ, დიდი სუპერმარკეტებიდან დაბრუნებულებს, ხშირად გვიკვირს, რატომ შევიძინეთ ამდენი რამ, რაც აბსოლუტურად არ გვქონდა გათვალისწინებული და არც გვჭირდებოდა. ეს ძალიან მარტივი ასახსნელია, თუ გადავხედავთ იმ „ხრიკებს“, რასაც სუპერმარკეტის მარკეტინგის სამსახური იყენებს გაყიდვების გასაზრდელად. გთავაზობთ იმ ძირითადი მარკეტინგული ხერხების მიმოხილვას, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. მათი გაცნობა ერთგვარად დაგიცავთ მარკეტოლოგების „ხაფანგში“ გაბმისგან. მაშ ასე, როგორ „გვითრევენ“ სუპერმარკეტები: 1. იძულებულს გვხდიან წითელი ფერის ასოცირება მოვახდინოთ ფასდაკლებასთან. ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი უკვე დიდი ხანია ფასდაკლებასთან ასოცირდება. მაგრამ იყავით ყურადღებით, ხშირად ამ ფერის ეტიკეტებზე გამოსახული ფასი სრულიად უმნიშვნელოდ ან საერთოდაც არ არის დაკლებული. მიუხედავად ამისა, მყიდველი მაინც ყიდულობს ამ ეტიკეტის მქონე საქონელს, რისი მიზეზიც ცნობიერებაში უკვე ჩამოყალიბებული ასოციაციაა. 2. გვთავაზობენ ძალიან დიდ ურიკებს. სავაჭრო ურიკები 1938 წელს იქნა გამოგონებული. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე კი მათი მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა. ამგვარი ურიკები თითქმის ყოველთვის გაცილებით დიდია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ოჯახისათვის საჭირო სამომხმარებლო კალათა. როცა ნახევრად სავსე ურიკა მიგვაქვს, ჩვენდაუნებურად გვიჩნდება სურვილი მისი გავსების. ამგვარად, ვყიდულობთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე გვჭირდება. ამიტომ, სუპერმარკეტში მოხვედრისას, ეცადეთ აიღოთ პატარა კალათი და არა უზარმაზარი ურიკა. ამგვარად ფულსაც დაზოგავთ და მძიმე პაკეტების თრევაც აღარ მოგიწევთ. 3. ხილი და ბოსტნეული, როგორც წესი, მაღაზიის შესასვლელშია განთავსებული. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმარისია თავიდან ადამიანს მისცე საშუალება გააკეთოს ის, რაც მისი აზრით „კარგია“, ამის შემდეგ იგი სრულიად „აიშვებს“. ამიტომ სუპერმარკეტებში ხშირად სასარგებლო ხილ-ბოსტნეულს შესასვლელშივე აწყობენ: რაც მეტ ფულს დახარჯავს ადამიანი სასარგებლო პროდუქტებში, მით მეტ „უსარგებლო“ პროდუქტს შეიძენს. 4. რძის ნაწარმს მაღაზიის სიღრმეში „მალავენ“. ალბათ შეგინიშნავთ, რომ რძე და მისი ნაწარმი, პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, უფრო ხშირად სუპერმარკეტის სიღრმეში, რომელოიმე შორეულ კუთხეშია განლაგებული. დაფიქრებულხართ რატომ? მარტივია: ამგვარი განლაგების წყალობით, სანამ ჩვენთვის აუცილებელ პროდუქტამდე მივალთ, მთელი მაღაზიის გავლა გვიწევს, შესაბამისად, ვათვალიერებთ და „ხელს ვაყოლებთ“ სხვა, იქნებ სრულიად უსარგებლო პროდუქტსაც. 5. გვიქმნიან ილუზიას იმისა, რომ ხილი და ბოსტნეული ახალია. სუპერმარკეტების უმრავლესობაში ხილი და ბოსტნეული გარეცხილი და კარგად გაპრიალებულია. უფრო მეტიც, მათ წყალსაც ასხურებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასე უფრო მალე გაფუჭდება. ეს ყველაფერი კი იმის გამო კეთდება, რომ ადამიანის ცნობიერებაში ახალი ხილი სუფთა, პრიალა, დანამულ ზედაპირთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს ბოსტნეული, როგორც წესი თვეობით ინახება სპეციალურ მაცივრებში. 6. შიმშილის გრძნობას გიღვიძებენ. ბევრ სუპერმარკეტში საკონდიტრო ნაწარმი შესასვლელთან ახლოს იყიდება. ძნელია ახლად გამომცხვარი ფუნთუშეულის სუნზე მისი დაგემოვნება არ მოგინდეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ საყიდლებზე კარგად დანაყრებული წახვალთ. 7. შეიმუშავეს ფორმულა სახელწოდებით „მარცხენა-მარჯვენა“. სუპერმარეტთა უმეტესობაში მოქმედებს ე.წ. „მარჯვენა ხელის“ კანონი: მომხმარებელი გადაადგილდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამ დროს ყოველ ჯერზე ბრუნდება მარცხნივ, თავს კი, პროდუქტების დასათვალიერებლად აბრუნებს მარჯვნივ. შესაბამისად, მისი ხედვის არეში პირველ რიგში ექცევა მარჯვენა კედლის შუა ნაწილი. ეს არის ე.წ. „ოქროს თაროები“, რომლებზეც, როგორც წესი, ყველაზე ძვირ ან ისეთ პროდუქტს დებენ, რომელსაც მალე ვადა გაუვა. 8. გაბნევენ რთული ფასებით. ყველამ კარგად ვიცით, რომ 0, 99 გაცილებით ნაკლები გვეჩვენება, ვიდრე 1, 00. მაგრამ ქვეცნობიერად ეს ერთი თეთრი დიდ ეკონომიად გვეჩვენება და ხელი გაგვირბის ამ ფასის მქონე პროდუქტისკენ. ამავე მიმართულებით მოქმედებს სქელი ხაზით გადახაზული ძველი ფასები, რომლებიც ყოველთვის უფრო მცირე შრიფტითაა დაწერილი, ვიდრე ახალი. მათ შორის რეალური განსხვავება კი შეიძლება 1 თეთრს არ აღემატებოდეს, მაგრამ თქვენი გონება მთლიანად ამ ეტიკეტს აღიქვამს, როგორც გამოსახულებას და არა როგორც არითმეტიკულ ამოცანას. საბოლოოდ კი ხელში გრჩებათ ნაკლებად ხარისხიანი, შეიძლება თქვენთვის სრულიად უსარგებლო შენაძენი. ასე რომ, ყოველთვის დააკვირდით და გააანალიზეთ რა წერია ეტიკეტზე, რამხელაა ფასდაკლება და გიღირთ თუ არა მოცემული პროდუქტის შეძენა. 9. გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ უფრო სწრაფად დავდივართ, ვიდრე სინამდვილეშია. სუპერმარკეტის იატაკზე, განსაკუთრებით ძვირიან განყოფილებაში, აგებენ ისეთ ფილებს, რომლებზეც ურიკის ოდნავი შეხებაც კი ძლიერ, მჭახე ხმას გამოსცემს. ასე გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ძალიან სწრაფად დადიხართ და ქვეცნობიერად ანელებთ ნაბიჯს. შესაბამისად, მეტ დროს ანდომებთ თაროების თვალიერებას. 10. გვიმალავენ იაფ პროდუქტს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ძვირი პროდუქტი ყოველთვის შუა თაროებზე დევს, ზუსტად თქვენი თვალების სიმაღლეზე, რათა პირველად სწორედ ის შენიშნით. შემდეგ კი ყველაფერი ფსიქოლოგიაზეა გათვლილი: გგონიათ, რომ უფრო დაბლა ან უფრო მარლა განლაგებული პროდუქტი ნაკლებად ხარისხიანია. სინამდვილეში კი შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ იყოს. 11. გთავაზობენ „თანმხლებ“ პროდუქტებს. ხშირად, ძირითადი პროდუქტის გვედით არის დაწყობილი ე.წ. „თანმხლები’ პროდუქტი. მაგალითად, თევზთან გვხვდება ჩიფსები ან გამხმარი წვრილი თევზი, ორცხობილებთან - წვენები ან ლიმონათები, პერანგებთან - ჰალსტუხები და ა.შ., რათა ეს პროდუქტებიც „გავაყოლოთ“ ხელს. 12. ხორცსა და თევზს თეთრი კედლების ფონზე დებენ. ხორცი და თევზი, უფრო ხშირად თეთრ დახლებზე ან თეთრი კედლების ფონზე იყიდება, რათა უფრო ახალი გამოჩნდეს. 13. თავს გაკარგვინებენ აქციებით. ვის არ შეუძენია პროდუქტი მხოლოდ იმის ხათრით, რომ მეორე საჩუქრად მოყვება?! არადა, საჭიროა დაფიქრება, მართლა გჭირდებათ კი ეს პროდუქტი, თუ თვეობით უნდა ეგდოს სახლში გამოუყენებელი? 14. კედლებს თბილ ფერებში ღებავენ, რათა უფრო მეტხანს დავყოვნდეთ მაღაზიაში. რა გასაკვირია, რომ სასიამოვნო, თბილ ფერებში წარმოდგენილ ინტერიერში გაცილებით დიდხანს ვჩერდებით და ვალიერებთ შემოთავაზებულ პროდუქციას. 15. რთავენ სასიამოვნო მუსიკას, რათა მეტად დაგვაყოვნონ. მუსიკა სუპერმარკეტის მარკეტინგში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სასიამოვნო, მსუბუქი მუსიკის ფონზე, როგორც წესი, ნაბიჯს ვანელებთ, უფრო დიდხანს დავდივართ დახლებს შორის და ვათვალიერებთ პროდუქტს. მათი ყიდვის შანსიც უფრო იზრდება. ასე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს კალათში მსუბუქი ჰიტების ფონზე შეძენილი პროდუქტი, რომლის ყიდვაც საერთოდ არ გვქონდა გეგმაში. 16. სალაროსთან ყოველთვის დგამენ წვრილმანი სასუსნავის დახლებს. საყიდლების დასრულების შემდეგ, სალაროსთან მისულს ალბათ ხშირად „გაგიყოლებიათ ხელს“ საღეჭი რეზინი, შოკოლადი, კამფეტი თუ რაიმე ამგვარი, რაც, როგორც წესი, ყოველთვის დევს სალარო აპარატთან მდებარე მცირე დახლზე. ამგვარი „სპონტანური საყიდლები“ სუპერმარკეტების ბოლო შანსია, გაყიდინოთ პროდუქტი, რომელიც თქვენს სიაში სულაც არ ფიგურირებდა. თქვენც დგახართ სალაროსთან რიგში და სხვა რა საქმე გაქვთ, ათვალიერებთ ცხვირწინ, დახლზე შემოწყობილ ტკბილეულს... ბოლოს კი აუცილებლად აიღებთ რომელიმე მათგანს. ამგვარად, უკვე მერამდენედ, გამარჯვება სუპერმარკეტს დარჩება! 17. ბოლოს კი, როცა უკვე სალაროსთან მოხვდებით, აუცილებლად ამოიღებთ დაგროვებისა თუ ფასდაკლების ბარათს, რომლითაც სამუდამოდ ხართ „მიჯაჭვული“ ამ მაღაზიას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ბარათებით მიღებული სარგებელი მართლაც რომ მიზერულია. 1317 10-ს მოსწონს
|