"გიორგი მარგველაშვილი ზვიად გამსახურდიას შემდეგ არის საქართველოს ყველაზე უფრო კარგი პრეზიდენტი"
"თანასწორობის ფრონტის“ თანადამფუძნებელი, ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქით საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
"საახალწლო განცხადება და სურვილი
პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერიდები, როგორც წესი. ახლა ამ წესს ვარღვევ და მოკლედ შევაჯამებ გასულ წელს.
პირველ რიგში დამდეგ ახალ წელს ვულოცავ მთელს საქართველოს და ყველა მსოფლიოს მოქალაქეს.
ვნახე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი გამოსვლა ტელევიზიით და მინდა პირდაპირ ვთქვა რომ ნამდვილად ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ბატონმა პრეზიდენტმა თავისი გამჭრიახი, ზომიერი და გონიერი პასუხებით. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა რომ ის პრეზიდენტი მხოლოდ პირველი წელია - ის უკვე გამოიკვეთა - როგორც საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ბოლო 23 წლის განმავლობაში. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ის არის საქართველოს ყველაზე უფრო კარგი პრეზიდენტი. იმედი მაქვს ის ისტორიაში ამაზე კიდევ უფრო კარგად შევა. მაგრამ, მინდა აქვე ხაზი გავუსვა რომ მის პოლიტიკურ ზომიერებას და გონიერებას ნამდვილად ძალიან ვაფასებ და ის პირველი მშვიდობიანი პრეზიდენტია საქართველოსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში პრეზიდენტის და ხელისუფლების მშვიდობიანობა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. მარგველაშვილს აქვს კარგად გათვლილი მშვიდობიანი სტრატეგია, რაც ჩემი აზრით არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ბოლო 23 წელს შექმნილი სიტუაციიდან. ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.
რაც შეეხება მთავრობას, რომელთანაც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვთანამშრომლობთ და რომელთან ერთადაც ჩავატარეთ მშვიდობის ფესტივალი, საქართველოს ისტორიაში პირველოი არაძალადობის სემინარები მაჰათმა განდის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად და ბევრი სხვა კონფერენცია. პირველ რიგში, ნამდვილად მოსაწონია სოციალური ორიენტაცია, დავით სერგეენკოს, ლევან ყიფიანის და სხვა უწყებების მუშაობა, რომლებიც ცდილობენ გაჭირვება გაუიოლონ საოცარ სიღატაკეში ჩავარდნილ საქართველოს მოსახლეობას. ეს ნამდვილად დასაფასებელია. ძალიან ვაფასებთ ლევან იზორიას მუშაობას ძალადობის პრევენციის საქმეში, და გია შერვაშიძის მოღვაწეობას განათლების რეფორმირებისათვის. პირადად, ირაკლი ღარიბაშვილის მადლობლები ვართ მის მიერ გაწეული თანამშრომლობისათვის. მან ნამდვილად იზრუნა რომ ჩვენი სამშვიდობო და სახალხო დიპლომატიის ფორუმები განხორციელებულიყო. ძალიან კარგია რომ რეფორმები იგეგმება ძალოვან უწყებებში და რომ იგეგმება უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა და დეცენტრალიზაცია. ეს აუცილებელი იმპერატივია.
ამავე დროს, ირაკლის მინდა ვუსურვო რომ რეფორმების ტემპი გაზარდოს, რადგან როგორც მან ალბათ იცის, ეს ტემპი ხალხს ვერ აკმაყოფილებს. სოციალური და განათლების რეფორმების ტემპის გაზრდაა საჭირო. ქალბატონი განათლების მინისტრი ჯერჯერობით ვერ გავიგე რას აკეთებს და რას ფიქრობს საერთოდ და ფიქრობს თუ არა საერთოდ. მაგრამ, მისი იქ ყოფნაც და საქმიანობაც მაინც პრემიერ მინისტრის პასუხისმგებლობაა. ძალადობას დღეს სწორედ სკოლებში ეყრება საფუძველი და ჩვენდა სამარცხვინოდ სკოლებში დღემდე არ ისწავლება არაძალადობარივი კომუნიკაცია. არადა ამ პროგრამების დამკვიდრების მერე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში ძალადობის შემთხვევებმა იკლო 58-იდან 93 პროცენტამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. ჩვენთან კი დღესაც სკოლაში ისწავლება ძალადობა და არა პირიქით - სანამ ამ პრობლემას არ მივხედავთ, მანამ არა მხოლოდ ქმრები დახოცავენ ცოლებს, არამედ მეგობრები მეგობრებს, მეზობლების მეზობლებს, შვილები მშობლებს, ბანდიტები გამვლელებს და აგრესიული ადამიანები არააგრესიულებს. ამ პრობლემას სასწრაფო მიხედვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ძალადობის პრევენციის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც საკმაოდ კარგია - მისი აღსრულების ტემპები, განსაკუთრებით განათლების სამინისტროში, ბევრად სწრაფი უნდა იყოს. პედაგოგების გადამზადება არაძალადობრივ კომუნიკაციაში რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამის სასწავლო მასალები და კვალიფიცირებული კადრები ქვეყანაში უხვად არის. უბრალოდ საჭიროა პრემიერ მინისტრის და განსაკუთრებით განათლების მინისტრის პოლიტიკური ნება. ეს ნება თუ არ იქნა, ჩვენ ვიქნებით ძალადობის ჭაობში - ხან სახელმწიფო, ხან ქუჩური, ხან უბნური და ხანაც ოჯახური ძალადობის ჭაობში. საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაცია. მოძალადე საზოგადოებიდან არაძალადობრივ საზოგადოებამდე. და ამის გაკეთება შესაძლებელია.
მე მინდა მოვუწოდო პრემიერ მინისტრს, როგორც ჩემს მეგობარს, რომ დააჩქაროს ეს რეფორმები - ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განთავისუფლდეს ნაციზმისგან - და არა უბრალოდ ნაცებისგან - მაშინ საჭიროა სწორედ ასეთი სტრუქტრული რეფორმები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აგრესიის მიზეზს მოუსპობს. სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.
ბატონო პრემიერო, დაუდექით გვერდში ქართულ საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში - კარგი სპეციალისტებიც არსებობენ არაძალადობაში და სასწავლო მასალებიც - და თვით მაჰათმა განდის მოწაფეებიც კი იყვნენ უკვე გასულ წელს აქ ჩამოსულნი.
ასე რომ ბურთი თქვენს მოედანზეა." - წერს ირაკლი კაკაბაძე.