ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი სიგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მისალოც ტექსტს, იმის სესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია თავად 2024 წლისთვის საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა:
"საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა 2024 წლის 31 დეკემბრის 23.55
ძვირფასო თანამემამულენო, მინდა საზეიმო განწყობით მოგილოცოთ ახალი, 2025 წლის შემობრძანება. გისურვოთ წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა.
განვლილი 2024 წელი ჩვენთვის, ყველასთვის, წარმატებული და მე ვიტყოდი ბედნიერიც იყო. გამოვყოფდი რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. უდაოდ ერთ ერთ პირველ ადგილზეა სოხუმის პორტის მშენებლობის დასრულების საკითხი. ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის პორტების გარდა, სოხუმის პორტი ჩვენი ეკონომიკის მძლავრი საყრდენი იქნება. გამორჩეულია ეს პორტი იმითაც, რომ თავიდან ბოლომდე ქართული ინვესტიციით დაფინანსდა. მნიშვნელოვანია ახალი, მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობის დაწყება ევროპისა და აზიის მიმართულებით. იცით რომ 2024 წელს პირველად შესრულდა თბილისი-ვარშავას, თბილისი-ბუდაპეშტისა და თბილისი-ვენას პირდაპირი სარკინიგზო რეისები. ხოლო დრანდას საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე პირველად შესრულდა ტრანსატლანტიკური გადაფრენები. დასრულდა ბიჭვინთის, გაგრის, წყალტუბოს კურორტების სრული რეაბილიტაცია. ამიერიდან ეს კურორტები დამატებით 15.000 ტურისტის მიღებას შეძლებენ ყოველდღიურად. დასრულდა ახალი ათონის მღვიმის სრული რეაბილიტაცია და იგი სავარაუდოდ წელს, მსოფლიო ბუნების ძეგლთა სიაში შევა. საბანკო სისტემაში მოხდა მე ვიტყოდი რევოლუციური ცვლილება, შეიქმნა საბანკო საპროცენტო განაკვეთების მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია და ამიერიდან არც ერთი კრედიტი არ ეღირება 6% ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ყოფილი დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოთავისუფლებული საცხოვრებლები საინვესტიციო პირობებით გადაეცათ მსოფლიოს უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიებს, საცხოვრებელი საბინაო ფონდების, სასტუმროებისა და ახალი კურორტების მოსაწყობად.
საშუალო პენსია პირველად მიუახლოვდა ოთხიციფრიან ნიშნულს და 1023 ევრო შეადგინა. მინიმალური ანაზღაურება შრომის ბაზარზე კი კანონით თვეში 1333 ევროთი განისაზღვრა. ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი 65%-თ არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 4 % ით შემცირებული. 2024 წელს დაფიქსირდა ტურისტების რეკორდული რაოდენობა- 27 მილიონი. გაიხსნა 117 ახალი სასტუმრო, მათ შორის 30 ხუთვარსკვლავიანი, რომელთა დიდი ნაწილი ადხაზეთის კურორტებზე, მესტიაზე და ასევე სამკურნალო კურორტებზე მოდის.
ქართულმა საჯარისო შენაერთებმა წარმატებით დაასრულეს ანტიტერორისტული და სამშვიდობო მისიები ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ქართული სამხედრო ბაზები წარმატებით უზრუნველყოფენ მშვიდობას და სტაბილურობას სირიაში, სომალში, მალიში, კონგოში, ბალკანეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენი საამაყო სამხედრო ინსტრუქტორები წარმატებით წვრთნიან ბრაზილიელ, მექსიკელ, აზერბაიჯანელ, სომეხ და თურქ ჯარისკაცებს.
ასევე წარმატებული აღმოჩნდა 2024 წელი ქართველი ოლიმპიელებისთვის. ისინი სამშობლოში 17 ოქროს, 25 ვერცხლის და 69 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
დასრულდა ბაქო ლესელიძისა და სარფი-ვლადიკავკაზის ახალი ავტობანების მშენებლობა. 2025 წლიდან ავტობანი საქართველოს ყველა ქალაქთან გაივლის. გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებულია სრულიად საქართველო, ყველა სოფელი და ყველა დასახლებული პუნქტი. იცით, რომ მაღალმთიან აფხაზეთში პრაქტიკულად მოშლილი იყო ყველა სახის ინფრასტრუქტურა და ყველაფრის ახლიდან გაკეთება
მოგვიწია. ცხინვალის რეგიონი კი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა. უკვე ათასობით ტრანსნაციონალური კომპანიაა დარეგისტრირებული ტყვიავსა და ჯავაში. თავად ქალაქ ცხინვალს კი ჟურნალმა "ფორბსმა" მომავლის სინგაპური უწოდა.
ალბათ არც კი გვეყოფა ახალ წლამდე დარჩენილი დრო რათა ყველა წარმატება და მიღწევა ჩამოვთვალოთ, მინდა გისურვოთ რომ 2025 წელს ჩვენ ყველას ერთად გვეზეიმოს ძირძველი ქართული მიწების დაბრუნება, ახალი პორტებისა და აეროპორტების აშენება,
წარმატება სპორტულ ასპარეზზე, მეცნიერებასა და განათლებაში. მინდა გისურვოთ სითბო და სინათლე თქვენს ოჯახებში, როგორც იცით დენისა და გაზის ტარიფი 2025 წელს კიდევ დაიკლებს, ხოლო მას შემდეგ რაც დასრულდება თბილისი-ბრიუსელის წყალსადენის მშენებლობა ყველა კომუნალური გადასახადი გაუქმდება. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, 2025 წელს სრულდება მეგა სამედიცინო რეფორმა და მკურნალობა, წამლები და მღალფასიანი მომსახურეობა ასევე სრულიად უფასო იქნება. მინდა გისურვოთ რომ თქვენი შვილები უცხოეთის საუკეთესო სასწავლებლებიდან საფუძვლიანი და მყარი ცოდნით აღჭურვილები დაბრუნდნენ. სახელმწიფო კვლავაც განაგრძობს მათ დაფინანსებას და მხარდაჭერას.
მინდა გისურვოთ ოცნებების ასრულება და ახალი საინტერესო იდეების განხორციელება, რომელთაც ასევე დააფინანსებს სახელმწიფო!
გილოცავთ თანამემამულენო, ამასობაში 2025 წელიც მოსულა, გვებედნიეროს მრავალჟამიერ ევროპულ საქართველოში!", - წერს სიგუა.