საზოგადოება თუ ამბობ, რომ "შეცდომა დაუშვი", შენ ეს გდომებია და მაშინ პატიებას ნუღარ ელი!" - რომელ ქართველ პოეტს მიმართავს ლევან ღვინჯილია? 2014, 23 დეკემბერი, 17:55 ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ერთერთი თანამედროვე მწერლის ინტერვიუდან ამონარიდში არსებულ შეცდომას გავრცელებულ უზუსტობას უწოდებს და მისი სწორი ფორმის შესახებ საუბრობს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. „შეცდომა არ უნდა დაუშვა!!! „ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომას" - ეს წინადადება ამოვიღე ერთი ჩვენი თანამედროვე და საკმაოდ პოპულარული ქართველი მწერლის (პოეტის) ინტერვიუდან, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა გაზეთში. სხვა შემთხვევაში ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, იმდენად გავრცელებული უზუსტობაა, მაგრამ, როცა ასეთ რამეს ამბობს ცნობილი მწერალი, რომელიც ლამისაა თანამედროვე ქართული მწერლობის მეტრად იყოს აღიარებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შესიტყვება - "შეცდომის დაშვებამ" მყარად მოიკიდა ფეხი და ამაზე ქართველი მწერლები უნდა დაფიქრდნენ: მწერალი ენის შემოქმედია და მას მეტი მოეთხოვება, ვინემ რიგით მოქალაქეს. საქმე ისაა, რომ "შეცდომა" უნებლიე მოქმედებაა (შენ ეს არ გინდოდა, მაგრამ შენდა უნებურად დაგემართა, შეცდი...), ხოლო -"დაშვება" (რაღაცა რომ დაუშვი) იმას ნიშნავს, რომ ეს შენ გინდოდა და კიდევაც დაუშვი(ანუ, ხალხურად რომ ვთქვათ, "შემწვარი ნაყინის" ამბავია, რა!). იმედია, უკვე ხვდებით, რისი თქმაც მინდოდა: დიახ! სწორი იქნებოდა - "ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა". დავიმახსოვროთ! - უნებურობის გამოხატვა თუ გვინდა, უნდა ვთქვათ - "შევცდომა მომივიდა, შევცდი", ხოლო, თუ ამბობ, რომ "შეცდომა დაუშვი", შენ ეს გდომებია და მაშინ თავს ნუ იმართლებ და პატიებას ნუღარ ელი! ვინ, ვინ და, მწერალმა ასეთ ენობრივ ნიუანსებზე მეტი უნდა იფიქროს“, - წერს ლევან ღვინჯილია. 158 7-ს მოსწონს
|