ნამცხვრები როგორ გავაკეთოთ საახალწლო სახლი თაფლაკვერისგან (რეცეპტი და ფოტოინსტრუქციები) 2014, 22 დეკემბერი, 23:23 თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს. საქართველოში მას ჯერ კიდევ არა აქვს მასიურად ფეხი მოკიდებული, თუმცა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტსა და ინსტრუქციებს გაეცნობით. დამეთანხმებით, ამგვარი ქოხი ნამდვილად გაუხალისებს ბავშვებს ახალ წელს, განსაკუთრებით თუ მათაც ჩართავთ მომზადების პროცესში. ხოლო თქვენი საახალწლო სუფრა უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვა. მაშ ასე, პირველ რიგში უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: • სოდა— 1/2 ჩ.კ • შაქარი— 200 გ. • თაფლი (თხევადი) — 250 გ. • კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ. • კვერცხი — 3 ცალი • კონიაკი — 50 მლ. • დარიჩინი — 1/4 ჩ.ჭ. • კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ. • ფქვილი— რასაც შეიზელს. მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით. გამოვიღოთ ცომი და 1 საათი დავტოვოთ ოთახის ტემპერატირაზე. შემდეგ კი ისევ კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ, დავადოთ ქაღალდისგან წინასწარ გამოჭრილი დეტალები და ბასრი დანით გამოვჭრათ. გამოჭრილ დეტალებზე შეგვიძლია დავახატოთ სასურველი ორნამენტები. გამოვაცხოთ სახლის დეტალები 170-180 გრადუსზე 12 წუთით. ესეც შაბლონი, რომელიც შეიძლება მარტივი სახლის დეტალების გამოსაჭრელად გამოგადგეთ. აისინგი დეკორაციისთვის: 2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი (აუცილებლად გაცრილი) 1 მოზრდილი კვერცხის ცილა. ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქრის პუდრი. ვთქვიფოთ მანამ, სანამ წებოვანი მასა არ გახდება. მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოხატეთ სახლის ცალკული ნაწილები. ამის შემდეგ დააცადეთ, სანამ აისინგი სრულიად არ გაშრება. ამას შეიძლება რამდენიმე საათიც დაჭირდეს. როდსაც ნაწილები მზად იქნება ასაწყობად, დავიწყებთ კარამელის მომზადებას, რაც წებოს ფუნქციას ასრულებს. 1, 5 ჩ.ჭ. შაქარი და რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი დადგით მაღალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ დაიწყებს კარამელიზებას და არ გაიკეთებს დიდ ბუშტებს. ამას სჭირდება დაახლოებით 10 წთ. გადმოდგით და სწრაფად გამოიყენეთ, რადგან ძალიან მალე ხმება. გამოიყენეთ პატარა ფუნჯი და შეაწებეთ ერთმანეთზე სახლის ნაწილები. ამის შემდეგ, მიღებული სახლი შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიისამებრ მორთოთ: მოაფრქვიოთ შაქრის პუდრი, რათა შექმნათ თოვლის იმიტაცია, გამოიყენოთ სხვადასხვაგვარი მოსაფრქვევები და ა.შ. ესეც იდეები თაფლაკვერას სახლებისთვის: დარჩენილი ცომისგან კი შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის თაფლაკვერები გამოაცხოთ, მორთოთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! 1483 7-ს მოსწონს
|