საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის 2014 წლის ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა. “ჩემი წლის გუნდის წევრთა უმეტესობა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია. ამის მთავარი მიზეზი, ბრაზილიაში სერიოზული კონკურენციის პირობებში გერმანელების მიერ ნაჩვენები თამაშია”, – განაცხადა ქეცბაიამ ჟურნალისტ ვახტანგ ბზიკაძესთან საუბარში.
მანუელ ნოიერი: “მსოფლიო ჩემპიონატის 7 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა და გერმანელთა მიერ მოპოვებული ოქროს მედლები ამ მეკარის საიმედოობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ის კლუბში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. ნოიერს ბევრი ძლიერი მხარე აქვს და წელს უკონკურენციოდაა”.
დავიდ ალაბა: “ავსტრიის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეა და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელი, რომელმაც “ბაიერნში” ძალიან კარგი წელი ჩაატარა. მიუნხენური კლუბის დაცვის ხაზში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ეს ძალიან ძნელია”.
მათს ჰუმელსი: “მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში დორტმუნდის “ბორუსია” არასტაბილურად თამაშობს, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჰუმელსი ერთ-ერთი საუკეთესოა. მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან და საფრანგეთთან მის მიერ გატანილი გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა”.
ვენსან კომპანი: “ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ბელგიის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საინტერესო გახდა, კომპანის უდიდესი დამსახურებაა, რომელმაც “მანჩესტერ სიტიში” ერთბაშად 2 ტურნირი – პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო”.
ფილიპ ლამი: “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების უნივერსალური მოთამაშე ბრაზილიის მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც “წლის ნაკრებში” მისი შეყვანის საფუძველია. ლამმა საერთაშორისო კარიერა საუცხოოდ დაასრულა”.
ტონი კროოსი: “მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე საუცხოო თამაშის შემდეგ, მან თავი “რეალშიც” გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ კროოსი ტიპური გერმანული ცივსისხლიანობით გამოირჩევა, მისი ტექნიკაც აღსანიშნავია - განსაუთრებით საგოლე პასები და შორეული დარტყმები”.
პოლ პოგბა: “ჩემი “წლის ნაკრების” ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დროს მიიპყრო. მასში სჩანს პოტენციალი, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლურ ნაკრებებში მოხვედრის, არამედ, ინდივიდუალური პრიზების მოგების საშუალებასაც აძლევს”.
არიენ რობენი: “რთულ ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების საუცხოო გამოსვლა ბევრი სპეციალისტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამაში არიენ რობენის დიდი დამსახურებაა. ის საუცხოო დრიბლიორია, რომელსაც ლიდერის თვისებები აქვს”.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “დღევანდელი ფეხბურთი ვარსკვლავების სიმრავლითაა მიმზიდველი. მათ შორის “პარი სენ-ჟერმენის” შვედ ფორვარდს ღირსეული ადგილი უკავია. როდესაც ზლატანი მინდორზეა, გოლს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან უნდა ელოდე”.
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ: “მესი და რონალდუ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მოთამაშეები არიან. ასეთი აღიარების მიღწევა ძალიან რთულია და ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გოლების რეგულარულად გატანით, ორივე მოთამაშე თავიანთი გუნდების ნამდვილი ლიდერები გახდნენ. მათ პირადი მეტოქეობაც ალამაზებთ, რომელიც ყოველთვის სპორტული პრინციპების დაცვით მიმდინარეობს”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge