გლაზგოს "რეინჯერსიმ" უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი გუნდის თავკაცი ალი მაკოისტი დაკავებული თანამდებობიდან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გაათავისუფლა.
დიდი ტრადიციების მქონე "რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონშიფში ასპარეზობს, თუმცა მეორე ადგილზეა და ლიდერ "ჰართსის" 9 ქულით ჩამორჩება. ბოლო 5 თამაშიდან მაკოისტის გუნდმა 3 წააგო და ასეთი შედეგი კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელს არ აპატია.
ამ ამბის გაგება იტალიის ეროვნული ნაკრების და ერთ დროს "რეინჯერსის" ფეხბურთელ ჯენარო გატუზოს ძალიან გაუხარდა. გიორგი მერებაშვილის და გიორგი ლორიას გუნდის ბერძნული ოფი-ს ამჟამინდელი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ იგი "რეინჯერსს" დიდი სიამოვნებით გაწვრთნის.
"ჩემი ცოლი გლაზგოდანაა, მაგრამ მარტო ამიტომ კი არ მინდა გუნდის გაწვრთნა. "რეინჯერსი" დიდებული ისტორიის მქონე კლუბია. დამიჯერეთ, პრიორიტეტი ოჯახი არ იქნება. ეს იქნება სამუშაო და შანსი ვიმუშაო დიდ კლუბში, რომელიც ჩემ გულშია. "რეინჯერსის" თავკაცობას ბევრი მიზეზი აქვს", - განაცხადა იტალიელმა.
გატუზომ საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. "მილანის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა სადამრიგებლო კარიერა შვეიცარიის "სიონში" მოთამაშე- მწვრთნელად დაიწყო. 2013 წელს იტალიელი "პალერმოს" თავკაცად დაინიშნა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ოფი-ს სათავეში კი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ივლისში ჩაუდგა, ოქტომბერში გუნდიდანაც მიდიოდა, მაგრამ დიდი სჯა-ბაასის შედეგად საბერძნეთში დარჩა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge