არგენტინელმა ლიონელ მესიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის ექვს მატჩში 8 ბურთი გაიტანა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავი 75 გოლს მოუყარა, რითაც ესპანელი რაულ გონსალესის რეკორდი (71 გოლი) გააუმჯობესა.
დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა და გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაში 146 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლიდერობს.
“რეალი” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. პირველად მადრიდელებმა ექვსიდან ექვსი მატჩი 2011-2012 წლების სეზონში მოიგეს. “რეალმა” მეორეადგილოსანს 11 ქულით აჯობა, რაც რეკორდის გამეორებაა.
ბელარუსის ბატე-მ ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში 23-ე და 24-ე გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდია. აქამდე, ჯგუფურ ეტაპებზე 22 გოლზე მეტი არავის გაუშვია (2011-2012 წლების სეზონში ზაგრების “დინამომ” და “ნორსიელანდმა” თავის კარში 22 ბურთი მიიღეს).
“მონაკო” მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ამ შემთხვევაში ლიდერი “იუვენტუსია”, რომელმაც 1996-1997 და 2004-2005 წლების სეზონებში ჯგუფურ ეტაპებზე საკუთარ კარში თითო გოლი გაუშვა.
“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც თავი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში გამოიჩინა, ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. მე-5 ტურში ცსკა-სთან მატჩი, როდესაც იტალიელი 38 წლისა და 59 დღის იყო, მან თავისი მიღწევა გააუმჯობესა.
ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში “ბაიერნმა” გასვლაზე “რომას” 7:1 სძლია და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 7 გოლი ორჯერ გაიტანა. პირველად მიუნხენელებმა მსგავსი შედეგი 2009 წელს აჩვენეს, როცა ლისაბონის “სპორტინგი” 7:1 დაამარცხეს.
“შახტარი”, რომელმაც ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ბატე 7:0 გაანადგურა, პირველი კლუბი აღმოჩნდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტაიმში ექვსი გოლი გაუტანია.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის (21 ოქტომბერი) პირველ დღეს 40-ზე მეტი გოლი გავიდა. ეს 8-მატჩიანი სათამაშო დღის რეკორდია.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge