სპორტკომპლექს "არენა 1"-ში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში. 25-28 ნოემბერს გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ოთხმოცამდე მოკრივემ მიიღო. მათ შორის ეროვნული ნაკრების ლიდერებმაც, რომელთათვისაც რინგზე ასვლა და შიდა კონკურენციაში ჩართვა სავალდებულო იყო.
49 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი თბილისელი მიხეილ კაზანჯიანი გახდა, რომელმაც ფინალში გორელ ლაშა კობახიძეს მოუგო. 52 კილოგრამის გადამწყვეტ ბრძოლაში ფოთელმა დავით ნანავამ თბილისელ რუსტამ მუსაევს აჯობა. 56-ში ფოთელი გიორგი გოგოტიშვილი ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, ქუთაისელი ლევან კლდიაშვილის ძლევით.
60-ის შიდა კონკურენციაში ყველას წონის ლიდერმა, ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა აჯობა. ფინალში მისი მეტოქე თბილისელი ალეკო ჭადაშვილი იყო.
64, 69, 81 და +91 კილოგრამებში ოქროს მედლებს ქუთაისელი მოკრივეები ამირან მარგველაშვილი (64 კგ), ჯემალ შალამბერიძე (69 კგ), რომან თავაძე (81 კგ) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ) დაეუფლნენ. მარგველაშვილმა ტიტული ყვარლელი ლაშა ბუტიაშვილის ძლევით მოიპოვა. შალამბერიძემ ბათუმელ გელა აბაშიძეს სძლია, თავაძემ – გორელ ნიკა სეხნიაშვილს, ხოლო ბახტიძემ – გორელ თორნიკე პურიჭამიაშვილს.
75 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე თბილისელი ბექა ხარძიანი ავიდა, თანაქალაქელი გიორგი გიორგაძის ძლევით. 91 კილოგრამის შიდა კონკურენციაში კი ყველას ნაკრების გამოცდილმა წევრმა ლევან გულედანმა აჯობა. საქართველოს პირველობა მისი და ვარიანელი გიორგი უჯუმელაშვილის ფინალური შეხვედრით დაგვირგვინდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა გააკეთა:
"შიდა კონკურენციის მხრივ და საორგანიზაციო კუთხითაც ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. სასიამოვნოა, რომ გამოჩნდა ახალი თაობა, რომელიც უკვე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს ნაკრების ბირთვს. ბევრმა ახალგაზრდამ უკვე დაამტკიცა, რომ ახლავე შეუძლია ეროვნულ გუნდში დამკვიდრება. კანდიდატთა ვინაობები უკვე გარკვეულია. ნაკრების საბოლოო შემადგენლობა კი ნელ-ნელა გამოიკვეთება” – განაცხადა წიკლაურმა.
ვასილ მშვილდაძე
www.worldsport.ge