ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს. ინფორმაცია goal.com-მა გაავრცელა.
31 წლის ფორვარდს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2015/16 სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულებით კი ის "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ვან პერსის 2016 წლის ზაფხულამდე ჯამაგირად კვირაში 319 000 ევრო აქვს, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხელფასი 127 000 ევრომდე შეუმცირდება. ეს გადაწყვეტილება "მანჩესტერში" იმიტომ მიიღეს, რომ 2016 წლისთვის ფორვარდი 33 წლის იქნება და ვეტერანთა სიაში აღმოჩნდება.
თავის მხრივ ჰოლანდიელი აღნიშნული პირობებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კლუბში თავს კარგად გრძნობს.
პრემიერლიგის სეზონში ჰოლანდიელმა 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სულ კი "მანჩესტერის" ფორმით ჩატარებულ 85 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემაც დააგროვა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge