ტკბილეული ტრიუფელები "ჰუმანასგან" (ან ბავშვის სხვა ხელოვნური საკვებისგან) 2014, 11 სექტემბერი, 10:59 ხშირია შემთხვევა, როცა იყიდი ხელოვნურ საკვებს, პატარა კი უბრალოდ არ შეჭამს მას. დიახ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, გემოვნება პაწაწუნებსაც აქვთ... კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ გროვდება სახლში თვეების ბავშვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევების გამოუყენებელი ყუთები. მათი გადაყრა გვენანება, არადა 2-3 კვირის შემდეგ პაწაწუნასთვის მისი მიცემა აღარ შეიძლება... სამაგიეროდ შეიძლება მოზრდილი ბავშვებისთვის ან მშობლებისთვის, თან ძალიან საინტერესო და გემრიელი სახით... ამჯერად შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტრიუფელების რეცეპტს, რომელშიც პირადად მე "ჰუმანა"-ს რძის ფხვნილი გამოვიყენე, თუმცაб ჩვილისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ნარევი გამოდგება. დაგვჭირდება: 100 მლ. რძე (ჩვეულებრივი, ძროხის) 250 გ. შაქარი 200 გ. კარაქი 200 გ. "ჰუმანა"-ს ფხვნილი 50 გ. კაკაოს ფხვნილი ამოსავლებად ქოქოსის ფანტელი, გახეხილი შოკოლადი, დაფხვნილი ვაფლი ან დაფქვილი ნიგოზი. ქვაბში მოვათავსოთ რძე და შაქარი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავამატოთ კარაქი და ისევ ვადუღოთ, სანამ ოდნავ შესქელებას არ დაიწყებს. ცალკე ჯამში ავურიოთ "ჰუმანა" და კაკაო, ჩავასხათ მასში რძის მასა და კარგად ავურიოთ. თუ საჭიროა, შეგვიძლია დავამატოთ "ჰუმანას" ფხვნილ მანამ, სანამ ისეთ მასას არ მივიღებთ, ბურთულების შეკვრა რომ შეიძლებოდეს. სველი ხელით გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში და ცოტა ხნით შევდგათ საყინულეში. როცა გამაგრდება, ტრიუფელები მზადაა. 102 3-ს მოსწონს
|