ბირმინგემის “ასტონ ვილამ” “ელჩედან” კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი კარლოს სანჩესი შეიძინა. ამის შესახებ “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
28 წლის სამხრეთამერიკელმა, რომლის მეტსახელი “კლდეა”, ბირმინგემელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ელჩეში” სანჩესმა ერთი სეზონი გაატარა, ხოლო მანამდე 6 წელი “ვალანსიენში” გამოდიოდა.
“ყოველთვის მიზნად ვისახავდი, რომ ამ ქვეყანასა და ლიგაში მეთამაშა. “ვილას” კარგად ვიცნობ, რადგან მის რიგებში ხუან პაბლო ანხელი გამოდიოდა. ამ გუნდის თამაშებს 2001 წლიდან ვუყურებდი, როდესაც ანხელი გადავიდა. ის კლუბისთვის მნიშვნელოვანი ბომბარდირი იყო და გოლები ხშირად გაჰქონდა.
ინგლისურ ფეხბურთს თვალს ბავშვობიდან ვადევნებ. განსაკუთრებით იმ გუნდებს, სადაც კოლუმბიელები გამოდიოდნენ. როდესაც “ვილაში” გადასვლის შანსი გამოჩნდა, არც მიფიქრია, რადგან ვიცი, რომ ეს პრემიერლიგის დიდი კლუბია” – განაცხადა სანჩესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge