“პრობლემას რომ დავმორჩილებოდი და ერთი შეხედვით შეუჩერებელ დინებას არ შევწინააღმდეგებოდი, ცხოვრებას წინა საუკუნეში დავამთავრებდი. ეს მებრძოლი ხასიათი და მუდმივად სიახლის ძებნაა სწორედ ჩემი ცხოვრება და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი”, – უთხრა მსოფლიოს რეკორდსმენმა, მოგზაურმა ჯუმბერ ლეჟავამ “მსოფლიო სპორტს” 2012 წლის ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართულ სახლში გამართული შეხვედრისას.
73 წლის კაცი თბილისიდან ბრიტანეთში ველოსიპედით ჩავიდა. თუმცა ამით, ქართული სახლის მარტო უცხოელ სტუმრებს თუ ვაკვირვებდით. ჯუმბერ ლეჟავას ხომ ველოსიპედით მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი. ის კი ბევრმა ქართველმაც არ ვიცოდით, რომ ლონდონის ოლიმპიადამდე, ჯუმბერ ლეჟავამ ატლანტის (1996), ათენისა (2004) და პეკინის (2008) ოლიმპიურ თამაშებზეც საკუთარი ტრანსპორტით ჩააკითხა თანამემამულე სპორტსმენებს საგულშემატკივროდ.
ჯუმბერ ლეჟავას უახლოესი გეგმა, ორწლიანი ველომოგზაურობა იყო, რომელიც 2016 წლის ზაფხულში, რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე უნდა დაეგვირგვინებინა. ოღონდ, ამ მოგზაურობის დაწყებამდე, თბილისში დაბადების დღე უნდა გადაეხადა - ორი დღის წინ, 75 წლის გახდა.
დღეს კი, “მსოფლიო სპორტს” მსოფლიოს რეკორდსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ცუდი ამბავი აცნობა, ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შესახებ.
“23 ივლისს, ჯუმბერის იუბილეზე რესტორანში შევიკრიბეთ. იქ გვითხრა, რომ გულსისხლძარღვთა პრობლემის გამო, ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. მეორე დღესვე დაწვა “ჯოენის” კლინიკაში და ოპერაციაც გაიკეთა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, უკვე კარგადაც იყო, საუბრობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა”, – გვითხრა ჰენრი კუპრაშვილმა.
ჯუმბერ ლეჟავა 1939 წელს, თბილისში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.
1986 წელს, 46 წლის ასაკში, ჯუმბერ ლეჟავა დაავადდა ნაწლავების განგრენით და ორი წლის განმავლობაში ორი მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 1987_1990 წლებში კი, საკუთარი ვარჯიშების მეთოდით დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი.
1990 წელს დაამყარა მსოფლიოს და გინესის რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვაში და თავისივე რეკორდი 1992 წლამდე რამდენიმეჯერ გააუმჯობესა.
1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე, ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას, გადაიღო 50 ათასზე მეტი ფოტო და 200 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო; შექმნა მოგზაურობის დღიური.
1993 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაეცა რწმუნების სიგელი, რომლითაც მიენიჭა “მოგზაური დიპლომატის" სტატუსი.
1999 წელს, იუნესკომ გადასცა “მსოფლიო სპორტსმენის" დიპლომი.
2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის სახელობის I ხარისხის ორდენით.
“მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge