x
image
beko777
მერიაში დასაქმებული "ფეშენ-მომღერალთა" სკანდალური სია
მერიაში დასაქმებული "ფეშენმომღერალთა" სკანდალური სია


imageფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვისჯგუფში" ფიქტიურად დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა, ხოლო ორი წლის განმავლობაში მათ მიერ აღებულმა ხელფასმა 70 ათასი ლარი შეადგინა.
ბიჭებმა საზოგადოებას ამ ფაქტის გამო საჯაროდ მოუბოდიშეს და სთხოვეს, გაეზიარებინათ "მათი გულწრფელი პოზიცია", რადგან არასდროს ყოფილან გაწევრიანებულნი არც ერთ პარტიაში... მამუკა ახვლედიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომღერლებს რეკომენდაცია თავად გაუწია და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა : "მაშინ იყო პერიოდი, როცა ისინი იწყებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, მატერიალური პრობლემები ჰქონდათ, ელემენტარულად ჰქონდათ პრობლემა, რომ ეარსებათ და გაეგრძელებინათ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მიანიჭა სიამოვნება. მე, პირადად გავუწიე რეკომენდაცია,
რომ ისინი დასაქმებულიყვნენ დასუფთავების სამსახურში, "თბილსერვისჯგუფში". შევთავაზე, მათთვის ხელსაყრელ დროს ემუშავათ და დავპირდით, მუშაობაში შევუწყობდით ხელს. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად უნდა გაგვეწია პროპაგანდა ქალაქის დასუფთავების საქმისთვის, მაშინ იხურებოდა ბუნკერები, ეწყობოდა დასუფთავების აქციები. ისინი სწორედ ამ აქციებში იყვნენ დასაქმებულები და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას", - ასეთი გახლდათ ახვლედიანის კომენტარი, რომელმაც დასძინა, რომ ამ ამ ანსამბლის ჩარევა ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში დანაშაულია. ვერაფერს იტყვი, თუმცა ბატონმა მამუკა ახვლედიანმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაული ჩაიდინა თავად, როცა ისინი ამ სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და ასევე ჩაიდინეს ამ ბიჭებმაც, რომლებიც ალპინისტ-დამლაგებლებად თუ რაღაც გაურკვეველ მუშაკებად გაფორმებას დათანხმდნენ. თუ ანსამბლს დახმარება სჭირდება, ხოლო დასუფთავების სამსახურს პოპულარიზაცია, ამისთვის არსებობს ხელშეკრულების ფორმა და პიარის სამსახური... კანონი ყველასთვის ერთია. დანაშაულის ნიშნები სახეზეა თავისი "აღაირებითი ჩვენებითა" და ბოდიშით, მაგრამ რა ვუყოთ იმ 70 ათას ლარს, რომელიც მომღერლებს თბილისელების ჯიბიდან გადაუხადეს, თანაც გადაუხადეს დენზე მიბმული ნაგვის ტარიფიდან ბუნკერების პოპულარიზაციის მიზნით... ჰოდა, თუ ასეა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, გასამართლდეს და სასამართლოს გადასაწყვეტია, "შეუმსუბუქდებათ" თუ არა დანაშაული "თეატრალური კვარტეტის" ალპინისტ-დამლაგებლებს!


imageთუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი იქნება, კანონის შესაბამისად გაიმართოს სასამართლო პროცესი და კანონდარღვევისთვის შესაბამისი სასჯელი მიიღოს ყველამ... ვითომ რით არიან სხვა, უცხოელ ვარსკვლავებზე პრივილეგირებულები? რით იყო მელ გიბსონი აქაური ფეისებზე ნაკლები, სასამართლომ, ჩადენილი უკანონობისთვის, გვატემალას ბავშვთა ჰოსპიტალში სამუშაოდ რომ გაუშვა? ან ლინდსი ლოჰანი, რომელმაც გარკვეული პერიოდი მორგის თანამშრომლად იმუშავა? ან ნაომი კემპბელი, რომელიც ცოცხით ხელში არაერთმა კამერამ დააფიქსირა? მგონი, არც არაფრით. ჰოდა, ბატონო, თუ აღებული თანხის უკან დაბრუნებას არავინ სთხოვს და არც შეუძლიათ, მოუწევთ ალპინისტის თუ არა მეეზოვის მოვალეობის შესრულება. და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს შერჩევით სამართალზე საუბარი. თუმცა როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია დანაშაულებრივ სქემაში "თეატრალური კვარტეტის" მონაწილეობის შესახებ, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ანსამბლი ერთადერთი ბედნიერი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და, უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე, "განტევების ვაცი" მოძებნეს სხვების გადასარჩენად.
"ვერსიის" კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, ნომერ მეორე დასაქმებული გოგოლა კალანდაძე გახლავთ, ოღონდ არა დამლაგებელ-ალპინისტად, არამედ მძღოლად - არც მეტი, არ ნაკლები, სამიათასლარიანი ხელფასით. აი, გაქანებაც


ამას ჰქვია, საქართველოში მძღოლად მუშაობამდე და ამხელა ანაზღაურება გქონდეს, მინუმუმ შუმახერი უნდა იყო. თუმცა, რა გასაკვირია, "ვარდების ხელისუფლებას" ეძვირფასებოდეს იმ გენშტაბის უფროსის და, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ცხრაჯერ დანიშნა, მერე წულუკიანმა ამდენივეჯერ დაიჭირა და სკანდალი აგერ უკვე მეოთხე თვეა გრძელდება... წყარომ ისიც გაგვიმხილა, რომ ქართველი მომღერლებისა თუ მსახიობების გარკვეული კატეგორია სწორედ ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდა ექსხელისუფლებას, სიაში კი გახლდნენ კახაბერ ცისკარიძე, სტეფანე მღებრიშვილი, დათო გომართელი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი... ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამთავრობო ღონიძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ, ხოლო ისინი, ვისაც მხარედ წარმოჩენა და პრეზიდენტის გუნდრუკისმკმევლის როლში ყოფნა არ უნდოდა, ე.წ. შავ სიაში შეიტანეს, მერე ჩარეცხეს და საბოლოოდ, ქართული "ელიტა", მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის მისაღები ფეისებით დაკომპლექტდა.



image"ვერსიის" წყარო ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში კორუფციული სქემა აქტიურად მოქმედებდა, ყველაფერს კი მერის მეუღლე, ქალბატონი ლელა კილაძე აკონტროლებდა.


"კილაძის გარეშე ქართულ შოუბიზნესში ბუზიც არ ჭაჭანებდა. ის კურირებდა ყველაფერს. ვინც არ მოსწონდათ, ყველა შავ სიაში შეიტანეს, ამ ადამიანებს ღონისძიებებზე არ აჭაჭანებდნენ, ზოგი იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო, რათა შემოსავლის წყარო ჰქონოდა", - ასეთია წყაროს კომენტარი, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით, რეალობისგან არც ისე შორსაა. ბოლო წლებში მხოლოდ ერთი და იგივე სახეები ჩანდნენ, ვიღაცეები მართლა გაქრნენ, ზოგი კი წავიდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - რა იყო კილაძის ინტერესი და რატომ უნდა გასჩენოდა მას სურვილი, ხელში ჩაეგდო ქართული შოუბიზნესი, რომელიც რეალურად, არასდროს არსებულა? - ამ კითხვაზე წყაროს მარტივი პასუხი აქვს - ფული, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებიდან შემოედინებოდა.


"კახუჩელასა და სტეფანეს ჰქონდათ რამდენიმე კომპანია, რომელთაც სხვადასხვა დირექტორები ჰყავდათ. ყველა ღონისძიებიდან შემოსული ფული სწორედ ამ კომპანიებში მობილიზდებოდა და მათი საშულაებით თეთრდებოდა. ასე იგებდნენ ყველა ტენდერს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ კილაძის უახლოესი მეგობარი, ლალი კოზმავა დაინიშნა. ისინი დაქალები არიან და კორუფციულ სქემებსაც ერთად ადგენდნენ. მათ გარეშე არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა, ყველაფრის წილში იყვნენ და დიდი ფულიც ტყდებოდა".


ამ საკითხთან დაკავშირებით კახა ცისკარიძეს თავისი სიმართლე და პოზიცია გააჩნია: "ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა. ვინც ამბობს ამას, მოვიდეს და პირდაპირ დამელაპარაკოს. კი, ბატონო, ჩვენ მონაწილეობა მიგვიღია ტენდერებში და მახსოვს, მხოლოდ ერთი მოვიგეთ. ასე რომ, ყველა პროექტში გამარჯვებულები ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ. კონკურენტი მხოლოდ ერთი კომპანია გვყავდა. მან ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული იმიტომ, რომ მერიას სერიოზული მოთხოვნები ჰქონდა. ჩვენ ისინი დავაკმაყოფილეთ და ამიტომ გავიმარჯვეთ. სულ ეს იყო, და ყველა ეს ბრალდება აბსურდია. რაც შეეხება "თეატრალურ კვარტეტსა " და მერიაში დასაქმებულ ცნობილ სახეებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი".


ხომ ვთქვი, ყველას თავისი სიმართლე აქვს-მეთქი, თუმცა თავის დროზე, თემურ თათარაშვილი "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, - კახუჩელამ მითხრა, ამიერიდან, სადაც მე მომინდება იქ იმღერებო, რაზეც ცისკარიძე პასუხობს: "მსგავსი არაფერი მახსოვს, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია - მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც თათარაშვილის შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერა და ამიტომ, საერთოდ გაუგებარია, რატომ საუბრობს ასე? დიახ, სწორედ ჩვენ შევიტანეთ გარკვეული წვლილი ციხიდან მის გამოსვლაში. ერთი ადამიანისა კი განსაკუთრებით მადლიერი უნდა იყოს, ეს გახლავთ ლელა წურწუმია, რომელსაც ასევე ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს ხოლმე და არ მესმის, რატომ . რაც შეეხება იმას, ვბლოკავთ თუ არა ჩვენ ვიღაცებს, გეტყვით, რომ მე და სტეფანე ვართ პროდუსერები, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ, რომელი მომღერალი მოვიწვიოთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. ყოფილა შემთხვევა, მე არ მივუწვევივარ ვიღაცას, მაგრამ მგონი, ეს საწყენი არ არის" .


შესაძლოა, ეს საწყენი მართლაც არ არის, გემოვნებაზე ხომ არ დავობენ, მაგრამ რთულია, გულგრილად მიიღო ინფორმაცია, როგორ ფინანსდება ოკუპირებული საქართველოდან დევნილი მოსახლეობის ჯიბიდან ჩინოვნიკებისა და მათთან დაახლოებული პირების "ტუსოვკები". "ვერსიის" წყარო კი აქცენტს წინასაარჩევნო კომპანიაზე აკეთებს, როდესაც პრეზიდენტის ფონდიდან კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად თუ პიარკამპანიისთვის მილიონობით ლარი გამოიყო:


"დიახ, წინასაარჩევნო ღონისძიებებისთვის 40 მილიონი გამოყვეს. წარმოუდგენელია, რაში სჭირდებოდათ ამხელა თანხა მაშინ, როცა დუეტ "ჯორჯიას", როდესაც მათ კონცერტში 10 000 ლარი მოითხოვეს, უთხრეს, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდნენ, თუმცა სიტუაცია ისე დაიძაბა, ნეკა სებისკვერაძეც კი ჩაერია, კილაძისთვის "პადდეჟკა" რომ მიეცა. მეტსაც გეტყვით, როდესაც რატიმ და მაკამ ფესტივალ "ახალ ტალღაში" გაიმარჯვეს და მოგვიანებით, ისინი ვარსკვლავის გახსნაზე, იურმალაში მიიწვიეს, ლელა კილაძემ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უბრძანა, ფეხის გადადგმა არ გაბედოთ, თორემ არ გაგახარებთო"...


"ვერსიამ" ინფორმაციის გადამოწმება დუეტ "ჯორჯიასთან" სცადა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.


"კი.. მაშინ რაღაც გაუგებრობა მართლაც მოხდა, თუმცა ეს მხოლოდ ფინანსური ფაქტორებიდან გამომდინარე არ ყოფილა... პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მომღერლები და ჩვენი საქმე პოლიტიკაში ჩარევა ნამდვილად არაა. იმ სიტუაციაში დუეტი "ჯორჯია" მხარე ვერანაირად ვერ გახდებოდა, ეს იყო უმთავრესი, თუმცა ფინანსური საკითხიც ერთ-ერთი ფაქტორი იყო... რაც შეეხება "ახალ ტალღას", ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს შევიკავებ, ალბათ, ასე სჯობს..."


ასეთი მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა რატი დურგლიშვილი, კინფიდენციალური წყარო კი "ვერსიასთან" სქემას ბოლომდე შიფრავს:


"მერია-კულტურის სამინისტრო-პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ყველა რგოლი იყო ამ ჭაობში ჩაფლული, სხვებს კაპიკებს უთვლიდნენ, თვითონ კი წლების განმავლობაში, თავზე იმხობდნენ ღამის კლუბებს, ათასებს ხარჯავდნენ. ყველა ტენდერი მათ ხელთ იყო, გარე განათება, საახალწლო ნათურები, "ქეთო და კოტე", "ვერის უბნის მელოდიები"... უზარმაზარი თანხა ტყდებოდა ამ ყველაფრიდან. კორტესი რომ ჩამოიყვანეს და კონტრაქტში პირდაპირ ჩაუწერეს, კლიპში აუცილებლად სოფო ნიჟარაძესთან უნდა იცეკვოო, იცით, რამდენი გადაიხადა საქართველოს მოსახლეობამ ამ ახირებაში? ნახევარი მილიონი. და დაანებონ ამ "თეატრალურ კვარტეტს" თავი, თურმე ხელფასს უხდიდნენ ამ ბიჭებს... ერთი, ვინმემ დათვალოს, ნიჟარაძის კლიპები, კაბები და სეირნობები რამდენი ჯდებოდა !!!"


ვერაფერს იტყვი, ციფრები შთამბეჭდავია და ინფორმაციაც. თუმცა მასალის ოპერატიულობიდან გამომდინარე, ყველა ნახსენებ პირთან ფაქტების გადამოწმება ვერ მოხერხდა და თუ ვინმეს კონტრარგუმენტები გააჩნია, ჩაიღიღინოს, ჩვენ კი სიამოვნებით მოვისმენთ თუნდაც "ქურთი მეეზოვის სიმღერას", რომელიც ჯერჯერობით, არავინ იცის, რამდენი დაგვიჯდა!


თამარ ლომსაძე
გაზეთი "ვერსია"

3
2617
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
2617
  
2014, 6 აგვისტო, 9:56
კილაძე
2014, 6 აგვისტო, 9:16
ვინ ქალი?
2014, 15 ივლისი, 21:54
არ "მევასება" ეს ტუჩებდასიებული ქალი
0 1 3