x
image
beko777
თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია
imageმორჩა... 2015 წლის 26 ივნისს, ნაშუადღევს 2 საათზე - ყველაფერი მორჩა...
- ჰო, ბესო.... (უცნაურად შეწუხებული ხმით)
- ბიჭო, ისევ გამიხურეს საქმე რა, ტვინი წაიღეს უკვე, დამალაპარაკე რა ალეკო ძმურად ეთო.
- (ტირილით) ბესო, ეთო აღარ არის...
აი, ასე მორჩა - ყველაფერი, არადა ბოლო დროს რამდენჯერ დავრეკე ეთოსთან, ალიკუნასთან (მის შვილთან), რამდენჯერ აწყენინეს, რამდენჯერ გული გაუტეხეს, რამდენჯერ ატკინეს, გუშინ საერთოდ ჩემს გადაცემაში პირველი ბლოკი იმას მივუძღვენი, რომ - ცოცხალია ეთო, დაანებეთ თავი ნუ დებთ დროზე ადრე მიწაში-თქო, მაგრამ ეს - გუშინ, დღეს - ეთო მართლა აღარაა!


ერთხელ, საერთოდ მისმა კოლეგამ თავისივე კონცერტზე გამოუცხადა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს - ეთერ კაკულია გარდაიცვალა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნასო, 2200 კაციანი დარბაზიდან 1000 ზარი მაინც შემოვიდა ჩემს მობილურზე მაშინ, ერთადერთი კითხვით: - ბესო, ეთო როგორაა? ახლა ამან და ამან თავის კონცერტზე გამოაცხადა - ეთო გარდაიცვალაო!
ჰო, ეტკინა მაშინ ეთოს ეს, ძალიან ეტკინა, და იცით კიდევ რა ეტკინა - ერთი მაინც დაერეკა ჩემთვის და ბოდიში მოეხადაო, - წუხდა!
- „ფეისბუქით“ მოგიხადა ეთო ბოდიში მკვდრად, რომ გამოგაცხადა-თქო - ხუმრობა ვცადე
- კაი რა ბესო, „ფეისბუქი“ რავიცი მეო. - მითხრა და იცით რამდენხანში გადაუარა ამ წყენამ? ათ წამში... - არააა რააა, მაგარი მომღერალიაო... თქვა მასზე ეთომ და მორჩა!
სიტყვამ მოიტანა და 4-5 წლის უკან ვუთხარი - ეთო შენი „ფეისი“ უნდა გავხსნათ, თორე ხალხი უკვე ვეღარ გამოხატავს შენს სიყვარულს და მონატრებას-თქო! მეგონა სხვა, მისი თაობის მომღერლებივით დაიწყებდა - რა „ფეისბუქი“ რავიცი ეგ რა არისო, არა - პირიქით: - გააკეთე და მეც დაველაპარაკები ჩემს ხალხს და საზღვარგარეთაც ხომ მომისმენენ, რომ მივმართავო?! - ჰო-თქო... და ემახსოვრება მკითხველს, რამდენჯერაც მიმართა ეთომ თავის „ფეისბუქის“ მეგობრებს, რამდენჯერ მოეფერა, როგორ უყვარდა ქართველი ემიგრანტები, როგორ უხაროდა მათთან ერთად ყოფნა...


ალკაზარ კაკულია10 ივნისს, მე და მისი საყვარელი ძმა, ალკაზარ კაკულია აერპორტში ველოდებოდით ეთოს ისრაალიდან დაბრუნებას, ვხუმრობდით, ათასი რამე გავიხსენეთ ეთოს მოლოდინში, - კაცური კაცია ეთოს ძმა, ალკაზარი, - კაცური-კაცი... როგორ უყვარდათ ერთმანეთი თქვენ არ იცით, ერთმანეთით ცოცხლობდნენ, ერთმანეთი ესიყვარულებოდათ, ეთო ამბობდა: - რა ბუზღუნა ხარ ძმუკლიკო რა არის, რომ ბრაზდები სად ორთქლდები და იკარგებიო?! ძმუკლიკოც უფროსი ძმის ფუნქციას იფერებდა და: - კაი რა ეთო, გაიგე რომ გეუბნებიან რა, ყველაფერზე ასე არ შეიძლებაო, სულ პოზიტივი, სულ იღიმი, ამხელა ქალი ხარ რა! - ეს ყველაზე ლამაზი და-ძმური კინკლაობა იყო ხოლმე....
დღეს კი, ტიროდა ალკაზარი, ტიროდა უცებ მოტეხილი ვაჟკაცი, ტიროდა და ერთ სიტყვას იმეორებდა: - ასე რატომ მომილოცე დაბადების დღე დაო (29 ივნისს აქვს ბ-ონ ალეკოს დაბადების დღე), ხომ შემპირდი, რომ შენს დაბადების დღეს მოვალ და ვიმღერებო?! შენ ხომ ტყუილებს არ მეუბნებოდი ჩემო დაო, რატომ მომატყუე ახლა.... ტიროდა ამხელა კაცი...


ვიღაცას დაუწერია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქ-ნი ეთერ კაკულიაო, - იკითხე მაინც დალოცვილო! გადაამოწმე მაინც! არა - ეთოს არ უყვარდა ასაკზე საუბარი, არ უყვარდა და სულ ამბობდა 33 წლის ვარ და თუგინდათ ნახეთ ჩემი საბუთიო, მეგობრებმა სიმბოლური დიდი პირადობის მოწმომაც გავუკეთეთ - ეთო კაკულია, დაიბადა 29 ნოემბერს 1980 წელს, ჰო... ხუმრობდა ხოლმე და რასაც აბობდა ეს ყველამ იცის - 102 წლის უნდა მოვკვდეო! ჰო... 102 წლისა... 102 წლისა... 30 წელი დააკლდა... სულ რაღაც...



ეთოს უყვარდა ჟურნალისტები, ჰო - ეთოს ყველა უყვარდა, აბსოლიტურად ყველა, მართლა გეუბნებით - არ გატყუებთ! ჟურნალისტები უყვარდა-თქო იმას ვამბობდი, თითქმი არასოდეს არავისთვის უარი ინტერვიუზე არ უთქვამს, ერიდებოდა, ეხათრებოდა და სულ მზად იყო, ყოველთვის ყველასთან მისულიყო სტუმრად ეთერში, ან სახლში მოეწვია ისინი... მე-ც ჟურნალისტი ვარ, მეც ვუყვარდი ეთოს... თუმცა ყველამ ყოველთვის იცოდა, რომ მე და ეთოს რესპოდენტ-კორესპონდენტის ურთიერთობა არ გვქონია, ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით, იცით როგორი? - ერთმანეთს, რომ ბოლომდე ენდობიან, ჰო - მე ეთოს ყველა საიდუმლო ვიცოდი, პირადი საიდუმლო-ც... ხშირად მარტონი წავსულვართ ქალაქგარეთ კონცერტებზე, ეთო მღეროდა, მე კი მისი კონცერტი მიმყავდა, მერე თბილისისკენ ვბრუნდებოდით და გზაში ყოველთვის, ყოველთვის (!) გულით ვლაპარაკობდით - ყველაფერზე... ეთოს ბევრი საიდუმლო ქონდა, ბევრმა აწყენინა, ბერმა კარიერა აიწყო მისი სახელით და მის გვერდით დგომით, ყოველთვის გულს უტარებდა, თვალს იბრმავებდა, ყურს უყრუებდა და არ იმჩნევდა, მაგრამ - იცოდა! ყვე-ლა-ფე-რი იცოდა ეთომ, მაგრამ არასოდეს არავისთვის საყვედური არ დასცდენია... მორჩა! ეს, ეთო მორჩა... ეს, ეთო აღარ არის!


image10 ივნისს, ისრაელიდან დაბრუნებული, საკაცით ავიყვანეთ დოლიძის 41-ში, იქ სადაც ეთო ცხოვრობდა, მე-4 სართულზე, თავისივე საწოლზე დავაწვინეთ (იქ, სადაც დაასრულა საკუთარი სიცოცხლე), წუხდა - როგორ შევაწუხე ეს ხალხი ბესო, როგორ დაგღალეთ, სად ამომიყვანეთ აქ ხელითო...
- კაი, რა ეთო სულ არ ხარ მძიმე-თქო! - გახუმრება ვცადე
- ჰო, მართალია 60 კილო ვარ ბესო სულ, წარმოგიდგენია?! როგორ შემჭამა შიგნიდან, 60 კილო დავრჩი სულ რააა... (ატირდა), სამზარეულოდან ბიჭებს ღვინო გამოუტანე, თითო ჭიქა დალიეთ, პატრიარქმა, რომ მაჩუქა ეგ ღვინოა ეგ ბესო...
მერე ყველა დაიშალა, ვინც დარჩა ოთახში აღარ იყო, მარტონი დავრჩით, მისი ხელი მეჭირა, ძალიან დაღლილი იყო, ძააალიან დაღლილი ცალკე თვითმფრინავით მგზავრობისგან, ცალკე ტრასპორტირებისას
- ახლა რა გტკივა ეთო, - ვკითხე შუა საუბრისას
- არაფერი ბესო, გჯერაა?! მართლა არაფერი აღარ მტკივა და რატომ ვარ ესეე? - კი, ვიცოდი რატომაც იყო, მაგრამ ვერ ვუთხარი, ვერაფერი ვერ ვუთხარი.
ღამის 2 საათი ხდებოდა უცებ მეუბნება: - ბესო, აი, იცი, როგორ მინდა, რო ჩემ ხალხს მოვეფერო, ჩემ ბიჭებს მოვეფეროო? აი, რა ვქნაა?
- მოდი შენი ხმა ჩავწეროთ ეთო-თქო! ვუთხარი.... ეს, მისი უკანასკნელი მიმართვა იყო, უკანასკნელი... 2 კვირაში კი, ყველაფერი მორჩა, ყვე-ლა-ფე-რი და დაიწყო ეპოქა ეთოს გარეშე!



ერთხელ, ქობულეთში ვიყავით, ფესტივალ „ნარინჯისფერი ქობულეთის“ ჟიურიში, გადაირია ორგანიზატორი, ჩემი კოლეგა ჯემალ მეგრელიძე - ყველას მაღალ ქულებს უწერდა, ყველას ეფერებოდა, ყველას აქებდა! - რავქნა არ შემიძლია სხვანაირადო თქვა ეთომ და მარტო იმ დღეებში იცით რამდენი ბავშვის გული გაახარა? ათასობით! ერთდროულად!

ფესტივალის ჟიურიში

ბავშვებს ძალიან უყვარდათ ეთო, ყველაზე მეტად უყვარდათ, როცა სცენაზე მღეროდა ყოველთვის ამოყავდა და მათ გვერდით ცეკვავდა, მათთან ერთად ერთობოდა, მათთან ერთად უხაროდა სიხარული, მერე - შვილიშვილი, რომ შეეძინა, მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა.
ბავშვებს მისი „ვაკა-ვაკა“ აგიჟებდა, ერთხელ გორში ვიყავით კონცერტზე და ეს სიმღერა, რომ დაამთავრა, სცენიდან 200-300 ბავშვი სანამ დარბაზში ჩავიდოდა, მანამდე იდგა სცენაზე - ეშინოდა, სცენას რამე არ დაემართოს, ამ ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ, ვაიმე რავქნაო?!


imageეს შემთხვევაც გორში იყო, პირველად ვამბობ სახალხოდ ამ ამბავს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის - კულისებიდან ვადევნებდი თვალს, ყოველთვის როცა მღეროდა, მერე კულისებამდეც ყოველთვის ხელკავით ვაცილებდი.... სიმღერას მორჩა და შევატყვე, რომ სცენაზე თვალები დახუჭა, გარშემო ბავშვების არმია ეხვია, დიდხანს დახუჭა თვალები... არ მომეწონა! ეს, არ გავდა იმ დადებით ემოციას რასაც ეთო ხალხისგან იღებდა ხოლმე! არ გავდა... მივხვდი, რომ ცუდად იყო! კულისებამდე გამოვიდა, ხელკავი გამიყარა და: - ბესო ცუდად ვარ! თქვა და მკლავზე მთელი სხეულით ჩამომეკიდა... მე მაშინ ვნახე ეთერ კაკულიას პირველი ცუდად გახდომა, ხუთი წლის უკან... კულისებში... მოცელილივით ჩაეშვა ჩემს ხელებში... და მაშინ მივხვდი: - ეთოს თავს რაღაც ხდება!



დიდხანს ვმალავდით იმას, თუ რა სჭირდა ეთოს, მაგრამ ჭირი როდემდე დამალავს თავს?... იცით ეთოს რამ გააძლებინა აქამდე? იმ პოზიტივმა რაც მას ქონდა, რაც მას ახასიათებდა და რაც მას სისხლხორცეულად ჰქონდა, არავითარი ქიმიოთერაპია ისრაელში, არავითარი წამლები, არავითარი მკურნალობა - ეთო, რწმენამ მოიყვანა აქამდე! პატრიარქისადმი რწმენამ... ძალიან უყვარდა პატრიარქი, პატრიარქსაც ძალიან უყვარდა ეთო... სახლშიც რომ ესტუმრა ეთოს, ეს ყველამ იცის...
imageალბათ ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა უკვე - პატრიარქმა ფინანსური დახმარება გაუწია ეთოს, სახლში სტუმრების დროს, ეთომ კი იცით რა ქნა? - გამოიტანა ეს ფული და უახლოეს მეგობრებს დაურიგა, რამდენსაც გასწვდა და რამდენსაც შეძლო, - არ ვართმევდი, შვილი დამაფიცა, - ეთოს ნაჩუქარი ფულით პატარა ხატი ვიყიდე... და ისრაელში პირველი ვიზიტის დროს ხის ჯვარი ჩამომიტანა საჩუქრად და ერთად დევს...
ყველამ იცის რამდენი სურათები მაქვს ეთოსი, რამდენი ვიდეო, ჟურნალისტები, რომ ექსკლუზივებს ვეძახით ხოლმე, მენდობოდა და ყოველთვის უხაროდა - რა კაი ბიჭი ხარ, რომ ამდენ რამეს მინახავო! - ყველაფერს ვერ დავდებ და გამოვაქვეყნებ ეთო-თქო, ყოველთვის ვეუბნებოდი... - რომ მოვკვდები, მერე გამოაქვეყნეო... ეთო აღარ არის, - მორჩა... დაიწყო ეპოქა ეთოს გარეშე, სამშაბათს ქაშუეთიდან უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ საქართველოზე შეყვარებულ ქალბატონს...
მე კი, დამრჩება ეთოს გულიანი სიცილი, ეთოს პოზიტივი, ეთოს სურათები, ეთოს კადრები, ეთოს ვიდეოები და ... და მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები, თვეები, დღეები და წუთები...


ეთო არ მომკვდარა, ეთო - გარდაიცვალა...


პატივისცემით - ბესო ჩუბინიძე... ამიერიდან ეთოს გარეშე...


1
15010
8-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
15010
  
2015, 29 ივნისი, 16:10
როგორ ამატირეთ ბატონო ბესო! უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს ეთოს, თქვენ კი, დიდხანს ძალიან დიდხანს იცოცხლეთ და მოიგონეთ ეს საოცარი და სიყვარულით სავსე ქალბატონი.
0 1 1