x
image
beko777
მუსიკალური კრიტიკა და პრესა
მუსიკალური კრიტიკა და პრესა


imageრამდენი ხანია, რაც ქართულმა მსმენელმა ქართული მუსიკის მოსმენა არჩია უცხოურისას? რამდენი ხანია, რაც ქართული შოუბიზნესი არსებობს თავისი ავით და კარგით? არც ისე დიდი, 4-5 წელიწადი. ამ პერიოდის განმავლობაში ნელ–ნელა ის აზრიც ყალიბდება, რომ საქართველოში, მუსიკის ავად თუ კარგად განვითარებასთან ერთად, მუსიკალური კრიტიკის აუცილებლობა მატულობს, დღეს კი, ასეთი რამის გაკეთება რატომღაც ჟურნალისტებს უწევთ, ხალხს, რომელთა უმეტესობასაც, არათუ მუსიკალური, არანაირი ჟურნალისტური განათლება არა აქვთ (არაფერს ვამბობთ ზოგადი განათლების დონეზე), იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ჟურნალისტებიც კრიტიკის ობიექტთა ნასუფრალით იკვებებიან, რა მუსიკალურ კრიტიკაზეა საუბარი, ყოველიშემთხვევისთვის მაშინ, როცა მუსიკოსებსა და ამ ხალხს შორის ძირითადად ახლობლური დამოკიდებულებაა და სიმართლის დაფიქსირების პირველივე მცდელობის დროსაც კი, შენ უკვე კრიტიკოსი ანუ ცუდი და დაუნახავი, სხვაზე მომუშავე და გაყიდული ადამიანი ხარ!!!


imageრა თქმა უნდა ქართულ სინამდვილეში იდეალური მაგალითების მოძებნაც შეიძლება, როცა ტენდენციურობა და კრიტიკა ცალკარას თამაშს უფრო გავს, ამაში დასარწმუნებლად „ვარსკვლავების” გარდა, თითქმის ყველა ჟურნალი და გაზეთი გამოდგება, რომელიც მუსიკაზე მუშაობს.


* * *
imageამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი ცდილობს, თავის თავზე აიღოს ამა თუ იმ სიმღერის, კომპოზიციის და კონკრეტული მომღერლის თუ ჯგუფის კრიტიკა და შეფასება, ბევრი მათგანი წარსულში პოპულარობით აღსავსე, აწმყოში კი, ხელმოცარული მომღერლები არიან ხოლმე, რომლებსაც ძირითადად მათი კოლეგის წარმატება ხშირად აგონიაში აგდებს და საკუთარ თავთან ერთ შეკითხვას ბადებს – როგორ მან, როცა მასზე ნაკლები წარსულში არც მე ვიყავი? ყველაფერ ამას, მომრავლებული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალები, ფესტივალები და ჩარტები უწყობს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ მუსიკოსთა კლანებზე ან კლანურ გაერთიანებაზე მუშაობს, ამიტომ ჭეშმარიტი მუსიკალური კრიტიკა ამ შემთხვევაში უკანა პლანზე იწევს.



პირადად მე, არასოდეს მითქვამს, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები არ ვარგა, ან არ ვარგა რეპერ დეჟას სიმღერა, მე თუ არ მომწონს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია და პირიქით, მე თუ მომწონს, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესოა, სწორედ ამიტომ ტარდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში მთავარი მუსიკალური პრემიის „მეგას” ცერემონიალი, სადაც ხალხს ეკითხებიან აზრს, ანუ ყველაზე კარგ მუსიკალურ კრიტიკოსებს.


მუსიკათმცოდნეების საქმეა მომრავლებული ორნოტიანი სიმღერების შინაგანობის კრიტიკა და არა მუსიკის კრიტიკა, მისი შემსრულებლისადმი პირადი ანტიპათიებიდან გამომდინარე, ხშირად გამიგონია – რას გავს, ამან როგორ უნდა იმღეროს? – რა აცვია, რითი დგას სცენაზე, ამან რა უნდა იმღეროს? და ა.შ. გამიგონია, სხვათაშორის სწორედ იმ ხალხისაგან, ვისაც მუსიკის შინაგანობის შეფასება ევალება და არა სხვა რამ!


მოდაში შემოვიდა მუსიკალური კრიტიკა ფინანსური განხრით, ანუ ვინც დიდი ფული ჩადო იმაში, რომ გამხდარიყო ის, რაც გახდა, ცუდია და მომღერალი არაა, ამას ყველაზე ხშირად ის ხალხი აკეთებს, ვისაც არანაკლები ფული აქვს ჩადებული საკუთარ პრომოუშენში, მხოლოდ ცოტათი ადრე და მათგან განსხვავებით, ამას უხმაუროდ და ზედმეტი აჟიტირების გარეშე აკეთებდა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ სწავლაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში „გადაყრილი” ფული გადაყრილი არ არის, ამიტომ ჩვენთვის ასეთი მუსიკალური კრიტიკოსებიც მიუღებელია, ისე როგორც მიუღებელია პრესის დადანაშაულება არაღირსეულთა ვარსკვლავად ქცევაში, რამეთუ პრესა, უკვე მეათასედ ვიმეორებ, ტრამპლინის მიმცემი უნდა იყოს და თითოეულის გადასაწყვეტი და თავში სატეხია, როგორ დაეშვება ძირს პრესის მიერ ტრამპლინზე უპრობლემოდ ასული, რადგან ძალით, ჩვენ იქ არავინ აგვყავს, ასე რომ ჩვენი კრიტიკა ამ მხრივ პასუხისმგებლობის გადაბრალებას გავს მხოლოდ და მეტი არაფერი.


* * *
იძახიან, ადრეულ წლებში, ყველა მსახიობს, მომღერალს ეშინოდა რას დაწერდა მისი გამოსვლის შემდეგ პრესა, დღეს კი სხვაგვარადააო, მართალია, დღეს სხვაგვარადაა, რადგან აუცილებლად აღმოჩნდება „მეორე პრესა”, რომელიც კრიტიკის ობიექტს პირველისაგან განსხვავებით დაუმსახურებელ ხოტბას შეასხამს, ხოლო თუ ვინმე გაბედავს კრიტიკას, მას საშინელ წნეხში გავლის არ უნდა ეშინოდეს. „ვარსკვლავები” ალბათ კიდევ მრავალჯერ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უკვე ამასაც მივეჩვიეთ, რადგან სამწუხაროდ ერთდღიანი კრიტიკა მალე ავიწყდება კრიტიკის ობიექტსაც, ხალხსაც და ჩვენც (!), თუკი ეს ყველაფერი მასობრივ ხასიათს მიიღებს, ამას უკვე ჩაძირვის მცდელობას ეძახიან, ღმერთმანი არ გვსურს…


* * *
რა იქნება ხვალ? ხვალე ისევ იქნება? ჯეიმს ბონდი ამბობს, რომ ხვალე ისევ იქნება… იმედია!


ბესო ჩუბინიძე (მე-20 საუკუნის ბოლო, ჟურნალი "ვარსკვლავები")



0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0