ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან განადგურების (1:7) შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარუმატებლობაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამასთან, სპეციალისტმა გულშემატკივრებს იმედგაცრუების გამო ბოდიში მოუხადა.
“წაგება ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თამაში ვეღარაფრით გავაკონტროლეთ და საშინელი შედეგი მივიღეთ. ბრაზილიის ნაკრების ქომაგთაგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ იმედები ვერ გავუმართლეთ და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო” – განაცხადა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.
ბრაზილიის ნაკრების თავკაცს გუნდში რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც ჰკითხეს, რაზეც სკოლარიმ განაცხადა, რომ ერთი მარცხის გამო რეორგანიზაციაზე საუბრის დაწყება გაუმართლებელია.
“მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან 13-15 ფეხბურთელი ითამაშებს” – დასძინა სკოლარიმ. ხოლო შეკითხვაზე – რატომ არ გააძლიერა დაცვა პირველსავე ტაიმში, უპასუხა, რომ გოლები ისე სწრაფად გაუშვეს, ცვლილების განხორციელებაც კი ვერ მოასწრო.
აქვე მწვრთნელის მიერ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოთქმული ერთი საინტერესო აზრიც – ლუიშ ფელიპე სკოლარიმ აღნიშნა, რომ წარუმატებლობის მიზეზად ნეიმარის არყოფნას ვერაფრით მიიჩნევს, რადგან მისი მინდორზე გასვლის შემთხვევაშიც კი სავარაუდოდ არაფერი შეიცვლებოდა.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge