საზოგადოება დაეკისრება თუ არა სანქცია გიორგი გაბუნიას 2014, 28 ივნისი, 12:21 ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2014 წლის 2 მაისს საჩივრით მიმართეს. ამის მიზეზი გახდა 2014 წლის 8 აპრილს საავტორო გადაცემის სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ, რომლის დროსაც "ახალგაზრდა ადვოკატები" ჟურნალისტის მიერ დასახელდა ალასანიას მიმართ ანტაგონისტური კამპანიის მონაწილე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს "ქოლგის ქვეშ" მოქმედებდა. აღნიშნული განცხადების დასასაბუთებლად, ჟურნალისტს კონკრეტული მტკიცებულება არ მოუყვანია. აქედან გამომდინარე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ გიორგი გაბუნიამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 მუხლი, რომელთა თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“; და „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ ქარტიის საბჭო საჩივარს უახლოეს სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილება ივლისში გახდება ცნობილი. 410 3-ს მოსწონს 1-ს არა
|